ლევან ვასაძე მთის საკითხებზე სპეციალური სააგენტოს ან სამინისტროს შექმნის წინადადებით გამოდის

 ლევან ვასაძე მთის საკითხებზე სპეციალური სააგენტოს ან სამინისტროს შექმნის წინადადებით გამოდის

"დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მთის საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური სააგენტოს ან სამინისტროს შექმნის წინადადებით მიმართავს.

ლევან ვასაძე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ასევე სთავაზობს მთიან და მაღალმთიან რეგიონებთან მიმართებაში საგადასახადო შეღავათების ამოქმედებას, დემოგრაფიული დახმარების პროგრამების გააქტიურებას და კომუნალური გადასახადების სრულ სუბსიდირებას.

საკუთარი მოსაზრებები ლევან ვასაძემ "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე დააფიქსირა, სადაც მან სკაიპის მეშვეობით მიიღო მონაწილეობა. ლევან ვასაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთისა და მაღალმთიანი რეგიონების მიმართულებით შექმნილი ვითარება კატასტროფულია.

ბიზნესმენმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ამ შემთხვევაში საქმე ეხება არა უბრალოდ რეგიონებს, არამედ სასაზღვრო რეგიონებს, სადაც მისი თქმით, მცოცავი ექსპანსია ყველა მხრიდან შეინიშნება.

ვასაძის შეფასებით, მაღალმთიანი რეგიონები სადღეისოდ პასიურია როგორც დემოგრაფიული და ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე კულტურული თვალსაზრისითაც.

რაც შეეხება მთის საკითხებთან დაკავშირებულ სპეციალური სახელმწიფო უწყების შექმნის საკითხს, ვასაძე ამბობს, რომ ის შეიძლება იყოს მთის სააგენტო, ან სამინისტრო. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ყველა მთიან ქვეყანას აქვს ასეთი ტიპის უწყება და საფრანგეთში მთის სკითხების ხელმძღვანელი პირი ვიცე-პრემიერია. ვასაძემ მაგალითად ასევე დაასახელა შვეიცარია და გერმანია.

ბიზნესმენი ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ მთის საკითხებთან დაკავშირებით კონფერენციებს რეგულარული ხასიათი მიეცეს და წელიწადში სულ მცირე ორჯერ მაინც ჩატარდეს.

"ჩვენ უნდა ჩამოვუაროთ ჩვენს ყველა მაღალმთიან რეგიონს და დავსახოთ ეკონომიკური და დემოგრაფიული ციფრები, რომლის მიღწევასაც ვაპირებთ. ერთად უნდა ვეცადოთ ყველა მთიან რეგიონში გამოვასწოროთ მდგომარეობა, იქნება ეს საგადასახადო შეღავათების, სუბსიდიების თუ მოსახლეობის სხვა გზით დახმარების მხრივ. გამოვაცხადოთ ესა თუ ის წელი პრიორიტეტების შესაბამისად რაჭის, ხევსურეთის, ფშავის, სვანეთის წლად და ასე 5-6 წლის განმავლობაში მძლავრი იმპულსები მივცეთ მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას", - განაცხადა ბიზნესმენმა.

მისივე აზრით, საჭიროა მოხდეს მთიან რეგიონებსა და მაღალმთიან სასაზღვრო რეგიონების დიფერენცია და გადასადგმელი ნაბიჯები როგორც მთიან, ასევე მაღალმთიან სასაზღვრო რეგიონებს შორის დიფერენცირებულად გადაიდგას.

ლევან ვასაძემ ასევე მხარდაჭერა გამოხატა პატრიარქის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მაღალმთიან რეგიონებში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირების დასახლებას ითვალისწინებს.

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენცია სახელწოდებით "SOS - საქართველოს მთა" ამ წუთებშიც გრძელდება. კონფერენციაში მონაწილეობენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. განხილვის ერთ-ერთი საგანია მთის შესახებ პროექტი, რომელსაც შესაძლოა მოგვიანებით საკანონმდებლო ინიციატივის სახე მიეცეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა