ბათუმის სანაპიროებზე წუხელ, გვიან ღამით 5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ "ინტერპრესნიუსს" აცნობა, შტორმის შედეგად დაზიანდა სამაშველო საგუშაგო და იახტკლუბში გემების სამაგრები. მამუკა თურმანიძის თქმით, ბათუმის ახალი ბულვარის საფეხმავლო ბილიკები ზღვის ნარჩენებითაა დაფარული:
"ბათუმის აკვატორიაში დაფიქსირდა 5 ბალიანი შტორმი. ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვიდან საფეხმავლო ბილიკებზე ბალასტია ამოყრილი. სასტუმრო "მარინას" წინ მდებარე სამაშველო საგუშაგო შტორმმა მთლიანად დაშალა. იახტკლუბში შტორმმა დაგლიჯა კრეხტები, სადაც გემებია დამაგრებული. სამაშველო სამსახური მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა გემების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას, რათა არ დაზიანებულიყო გემები იახტკლუბში", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
მისივე თქმით მოსახლეობას შტორმის შედეგად ზარალი არ უნახავს. მამუკა თურმანიძე განმარტავს, რომ ამ დროისთვის შტორმის სიმძლავრე 4 ბალს აღწევს, ღამის განმავლობაში კი მოიმატებს.