ნათია ინაურს კოლეგები და ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე წლებია იცნობენ, რადგანაც დიდი ხანია, პოლიტიკურ თემებზე მუშაობს... ამჟამად "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი გახლავთ და პარალელურად, "პალიტრამედიის" სხვა საინფორმაციო სამსახურებსაც აწვდის ექსკლუზიურ ინფორმაციებს, მათ შორის - რადიო "პალიტრასა" და "პალიტრატვ"-ს... ჟურნალისტობა მისთვის ის საქმიანობაა, რომლის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.
- დედას უნდოდა, მის სპეციალობას გავყოლოდი (მუსიკის პედაგოგია) და სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა კონსერვატორიაში გამეგრძელებინა. კარგად ვუკრავდი და ნიჭიც მქონდა, მაგრამ მუსიკალური კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მშობლებს გამოვუცხადე, რომ პიანისტობა და მთელი ცხოვრება ფორტეპიანოზე დაკვრა ჩემი საქმე არ იყო და უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა...
აქტიურ ჟურნალისტიკაში პირველი კურსიდან ჩავები. ჩემი პირველი სამსახური გაზეთი "ახალი თაობა" გახლდათ.
- საკმაოდ პატარა ასაკში დასაქმებულხარ...
- კი, პირველი კურსი რომ დავასრულე, მშობლებმა დამოუკიდებლად დასასვენებლად ზღვაზე გამიშვეს. უნდა გითხრათ, რომ საკუთარი სახსრებით წავედი. გაზეთში შტატგარეშე კორესპონდენტი ვიყავი და ერთი თვის განმავლობაში იმდენი ჰონორარი ავიღე, რომ მშობლების დახმარება აღარ დამჭირდა... ამის შემდეგ რამდენიმე სამსახური გამოვიცვალე და 2012 წელს, 1-ლი ოქტომბრის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, "ინტერპრესნიუსში" ხელმეორედ დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე.
- მუშაობისას რა არის შენთვის მთავარი?
- ჩემი მთავარი ამოცანაა, გავიგო და საზოგადოებას ვამცნო, რის დამალვასაც მათთვის ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ. როცა ისინი ამბობენ, - "ეს არ უნდა გაშუქდეს" ან "რაც ხდება, ჟურნალისტებს არ გეხებათ და თქვენთვის საინტერესო არ არის", - ეს იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა გავიგო, რას მიმალავენ და მასალის გამოქვეყნებაზე მუშაობა დავიწყო. ჟურნალისტურმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ბრიფინგებზე გაკეთებული განცხადებები არ ასახავს იმას, რაც რეალურად ხდება. ჟურნალისტმა საზოგადოებას სიმართლე უნდა გააგებინოს და მეც ყოველთვის ამას ვცდილობ...
- ესე იგი, მუშაობ პრინციპით, - კარს რომ დაგიხურავენ, ფანჯრიდან გადახვიდე, არა?
- კი (იღიმის), ვცდილობ, ფანჯრიდან გადავიდე... ერთხელ პავლე კუბლაშვილმა საკუთარი კაბინეტის მისაღებიდან გამომაგდო, - აქ აღარ დაგინახოო. ეტყობა, კითხვებით ძალიან შევაწუხე... არადა, პარლამენტში იმისთვის არ დავდივარ, რომ დეპუტატებს კბილები "დავუპლომბო". მივდივარ მთავარი პოლიტიკური პროცესების გასაშუქებლად, შეკითხვების დასასმელად. საერთოდ, მთავარი პროცესები მიმდინარეობს და გადაწყვეტილებები მიიღება იქ, სადაც კარი ჟურნალისტებისთვის დახურულია.
- და სულ "ჭუჭრუტანასთან" დგახარ?
- კი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ასეა... ერთხელ, შემთხვევით ერთ-ერთი დეპუტატისგან გავიგე (მაშინ პარლამენტი თბილისში იყო და უმრავლესობას "ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენდა), რომ პარლამენტში, ღამის 10 საათზე უმრავლესობის ლიდერებს შეხვედრა ჰქონდათ დანიშნული. როცა სხდომა ასეთ დროს ინიშნება და მის შესახებ მედიას არ აგებინებენ, ნათელია, რომ საინტერესო თემები განიხილება. მივხვდი, პარლამენტში აუცილებლად უნდა მივსულიყავი. გასაიდუმლოებული შეხვედრის შესახებ ორ ჩემს მეგობარ ჟურნალისტსაც გავაგებინე და პარლამენტში მივედით. უმრავლესობის ლიდერებს შეხვედრა პარლამენტის საპრესკონფერენციო დარბაზში ჰქონდათ დანიშნული. დარბაზის გასწვრივ, პარლამენტის დაცვის ჯიხური იდგა, მაგრამ ღამის საათებში იქ დაცვა საჭირო არ იყო და ამიტომ ჯიხურშიც არავინ იმყოფებოდა. დაცვის ჯიხურში ჩავიმალეთ, ტელეფონები გამოვრთეთ და გავირინდეთ. დროდადრო ჯიხურის ფანჯრიდან ვიჭყიტებოდით. მოვიდნენ უმრავლესობის ლიდერები: გოკა გაბაშვილი, პავლე კუბლაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ნუგზარ წიკლაური და მობრძანდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - ხათუნა კალმახელიძეც. იმ პერიოდში ახალი გამოქვეყნებული იყო სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც პატიმრებთან და საპატიმრო დაწესებულებებთან დაკავშირებული საკმაოდ მძიმე ფაქტები იყო ასახული. ოპოზიციამ პარლამენტში მინისტრი დაიბარა. კალმახელიძეს სესიაზე მათ კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი. მაშინდელი უმცირესობის ინიციატივით, დღის წესრიგში მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც იდგა... საპრესკონფერენციო დარბაზის ფანჯრები ღია იყო და უმრავლესობის ლიდერების ხმამაღალი ლაპარაკი დერეფანში ისმოდა... მართალია, ყველაფერს სიტყვასიტყვით ვერ ვიგებდით, მაგრამ გარკვეული ფრაზებით გასაგები გახდა, რომ მინისტრი და მაშინდელი მმართველი გუნდის ლიდერები პარლამენტში დანიშნული სესიისთვის რეპეტიციას გადიოდნენ - ერთგვარი მოსამზადებელი სხდომა გამართეს და ვარჯიშობდნენ, რა კითხვებზე როგორ ეპასუხათ, ვის რა უნდა ეთქვა, მინისტრს რაზე გაემახვილებინა ყურადღება, ხოლო უმრავლესობის წევრებს რა საკითხებზე გაეკეთებინათ აქცენტი. ამ შეხვედრის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთში ჩვენს საიტზე იდო...
- მათ თუ გაიგეს შემდეგ თქვენი ჩასაფრების შესახებ?
- კი, მოგვიანებით ვუთხარით, რაც მოხდა (იღიმება). უმრავლესობის სხდომები პარლამენტის სასესიო დარბაზში ტარდებოდა ხოლმე. პარლამენტის ძველ შენობაში იყო ადგილი, სადაც კარს ყურს თუ კარგად მიადებდი, საუბარს მოისმენდი. ასე ყურის მიდებით გავიგე, რომ ერთ-ერთ მინისტრს ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე და მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხი მზადდებოდა. შესაბამისი მასალაც ექსკლუზიურად მოვამზადე... აქვე იმასაც ვიტყვი, რომ არასდროს მივადებ ყურს და არასდროს დავიწყებ თვალთვალს სახლის კართან და ფანჯარასთან. საერთოდ არ მაინტერესებს, რა ხდება მათ სახლებსა და ოჯახებში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება პარლამენტს, იქ გამართულ შეხვედრებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს, დიახაც, იქ ვიქნები მეც, იმის მიუხედავად, მიმიწვევენ თუ არა...
- ახლა პერიოდულად ქუთაისის პარლამენტში გიწევს მუშაობა... იქაც გაქვს სათვალთვალო "ჯიხურები"?
- როცა პარლამენტი თბილისში იყო, შუა იანვარსა და აგვისტოს ცხელ დღეებშიც იქ ყოველთვის იყვნენ დეპუტატები, რომლებთანაც ჩემთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით, ვრცლად, შეუზღუდავად შემეძლო საუბარი. დღეს ყველანი ქუთაისიდან გაქცევაზე არიან - სრულდება სხდომები და არათუ ოფიციალურად გამოცხადებული დასვენების პერიოდში, არამედ შუა სამუშაო კვირაშიც კი, პარლამენტის შენობაში აპარატის თანამშრომლების გარდა, ვერავის ნახავთ. ეს ყველაფერი არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ საპარლამენტო ჟურნალისტების მუშაობის ხარისხზეც ცუდად აისახება...
- ქუთაისში ხანგრძლივად გიწევს ყოფნა?
- ხან - როგორ, ხან - როგორ. "ინტერპრესნიუსმა" ქუთაისში ბინა იქირავა და სააგენტო ცდილობს, რომ საყოფაცხოვრებო დონეზე ყველა საჭირო კომფორტი შეგვიქმნას. თუმცა, საერთოდ, ჩემთვის რთულია იქ დიდი ხნით, ოჯახის წევრებისგან მოწყვეტით ყოფნა. ისე, ქუთაისი შემიყვარდა - არაჩვეულებრივი ქალაქია, სადაც ძალიან თბილი და ყურადღებიანი ხალხი ცხოვრობს...
- რა არ მოგწონს დეპუტატების?
- ძალიან ბევრი რამ... განსაკუთრებით ის, როდესაც არაკომპეტენტურობას ამჟღავნებენ და თან, ისეთ საკითხებზე, რაც პარლამენტის წევრმა აუცილებლად უნდა იცოდეს. წინა პარლამენტის დროს, ერთ-ერთი პლენარული სხდომის დაწყებისას, ტაბლოზე დაფიქსირდა, რომ რეგისტრაცია 76-ზე მეტმა დეპუტატმა გაიარა, რაც სხდომის გახსნის შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ როცა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ადგილიდან დარბაზს გადავხედე, თვალის გადავლებით მივხვდი, რომ დარბაზში 76 დეპუტატი არ იჯდა და კვორუმი არ იყო. დეპუტატები გადავთვალე და ჩემი ეჭვი გამართლდა. ე.ი. ერთმანეთის პულტები გამოიყენეს. ამის შემდეგ დარბაზში მყოფ ერთ-ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დავურეკე და ვუთხარი, რომ კვორუმი არ იყო, დარბაზში 76-ზე ნაკლები პარლამენტარი იჯდა და ამის შესახებ დროულად შესაბამისი განცხადება გაეკეთებინა და ხელახალი რეგისტრაცია მოეთხოვა. დეპუტატმა განცხადება გააკეთა და მიხეილ მაჭავარიანმა, რომელიც სხდომას უძღვებოდა, მანდატურის სამსახურს რეგისტრაციის შედეგების დაზუსტება დაავალა. გაირკვა, რომ დარბაზში მართლაც არ იყო დეპუტატების სათანადო რაოდენობა, რის შემდეგაც 15-წუთიანი შესვენება გამოცხადდა. შესვენების შემდეგ რეგისტრაციის პროცედურა თავიდან ჩატარდა, ტაბლოზე კვლავ 76-ზე მეტი ხმა დაფიქსირდა. ისევ გადავთვალე დეპუტატები და ოპოზიციონერ პარლამენტარს ისევ დავურეკე. ისევ გამოცხადდა შესვენება, რეგისტრაცია უკვე მესამედ ჩატარდა და იგივე გამეორდა. იმ დღეს პარლამენტის სხდომა ჩაიშალა, რადგან რეგლამენტი მხოლოდ სამი რეგისტრაციის ჩატარებას ითვალისწინებს...
- შენ "ინტერპრესნიუსს" წარმოადგენ, რომელიც ყველასთვის სანდო საინფორმაციო წყაროა. რას ნიშნავს შენთვის ეს სამსახური?
- "ინტერპრესნიუსს" საინფორმაციო ბაზარზე ცენტრალური ადგილი უკავია. ჩემთვის სტიმულია, როცა ზურგს სერიოზული და გავლენიანი ორგანიზაცია მიმაგრებს და მისი სახელით ვმუშაობ. ჩვენმა მკითხველმა იცის, რომ "ინტერპრესნიუსი" აქვეყნებს ინფორმაციას, რომელსაც წყალი არ გაუვა. ნდობის მოპოვება მნიშვნელოვანი შედეგი და ფაქტორია და ყველანი ერთად მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ მკითხველის ნდობა და მოლოდინი გავამართლოთ. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სააგენტოს ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ტექნიკურ-მატერიალური თვალსაზრისით, ყველა პირობა გვაქვს კარგი და ხარისხიანი მუშაობისთვის. მიხარია და მეამაყება, რომ წარმოვადგენ სააგენტოს, რომლის მიერ გამოქვეყნებულ მასალას ყველა პარლამენტარი და ჩემი ყველა რესპონდენტი კითხულობს და "ინტერპრესნიუსის" არც ერთი ინფორმაცია არ გამოეპარება.
- ბევრი განაწყენებული რესპონდენტი გყავს?
- არ მახსოვს, ვინმეს ეთქვას, საზოგადოება შეცდომაში რატომ შეიყვანე და არასწორი ინფორმაცია რატომ გაავრცელეო... ჩემი ავტორობით მომზადებულ მასალას შესაძლოა, ადრესატები არ გაუხარებია, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ ასეთი სახის საყვედური მათგან არ მიმიღია... როდესაც ხელისუფლებას, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ესა თუ ის ჟურნალისტი მოსწონთ, უყვართ, ჩემთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტი კარგად ვერ მუშაობს. არ მინდა, პოლიტიკოსებს მოვწონდე და ვუყვარდე - ჯვარი მწერია...
- აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთი ექსკლუზივის ავტორი ხარ...
- სამსახურიდან შინ ყოველთვის დაღლილი ვბრუნდები. დღის განმავლობაში მრავალ თემაზე მიწევს მასალის მომზადება, მაგრამ თუკი არის ისეთი დღე, როცა რაღაც განსაკუთრებული არ მაქვს გაკეთებული, მაქვს განწყობა, რომ არც არაფერი გამიკეთებია. მიყვარს, როდესაც რაღაც თემაზე პირველი ვწერ. შემდეგ ამ თემას "იტაცებს" პრესა, რადიო, ტელევიზიები. ამის შემდეგ ამ თემაზე მუშაობას ვწყვეტ, რადგან საკითხისადმი ინტერესი მიქრება. ალბათ ჯობს, შენ მიერ "აგორებულ" საკითხს ბოლომდე მიჰყვე, მაგრამ ამას უკვე სხვები აკეთებენ და მე დროს აღარ ვკარგავ.
ლალი ფაცია
(გამოდის ხუთშაბათობით)