ულამაზესი მოცეკვავე და მოდელი - მარი ბაბეტა სცენის მიღმაც სექსუალური და თამამია. ქუჩაშიც გამომწვევად ჩაცმული დადის, რადგან ასე მოსწონს. სკოლაში კარგად სწავლობდა, მაგრამ პარალელურად მაკიაჟი, წარბის კორექცია, ფრჩხილების ლაქი იზიდავდა, რის გამოც დედამისს სკოლის დირექტორთან პრობლემები ექმნებოდა. დღეს საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას დიდ დროს უთმობს და შედეგიც სახეზეა - ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურება.
მაკიაჟი და სახის კანის მოვლა
- გადაღებების დროს არც ერთ ვიზაჟისტს არ ვიკარებ. არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მათ მიერ გაკეთებული მაკიაჟი არასდროს მომწონს. უკვე ყველამ იცის, რომ გადასაღებ მოედანზე გასვლის წინ საკუთარ გარეგნობაზე თავად ვზრუნავ.
- ქართველი ვიზაჟისტები რატომ არ მოგწონს - პარფიუმერიის ის განსაკუთრებული საშუალებები არ აქვთ, რომელსაც შენ იყენებ თუ მაკიაჟის კეთების ტექნიკას ვერ ფლობენ?
- ყველაფერი მაღალი ხარისხის აქვთ, მაგრამ არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ადამიანებს სახის სხვადასხვანაირი ნაკვთები გვაქვს. სტანდარტული ჩრდილები, ოდნავ წასმული ტუში, გათეთრებული სახე - ეს ყველაფერი 60-იანი წლების მაკიაჟია.
- სახის კანს როგორ უვლი?
- ძილის წინ სახეს რძით ვიწმენდ, შემდეგ კი მკვებავ კრემს ვისვამ (ხანდახან კანის ზეთს ვიყენებ). კანის მოვლის ამ პროცედურას ყოველდღე ვიტარებ - საკუთარ თავს მეორე დღისთვის ვამზადებ, რომ ფორმაში ვიყო.
ვარცხნილობა და თმის ფერი
- ჩემი თმის ბუნებრივი ფერი ღია ფერფლისფერია. ახლახან ზემოდან "ამბრე" გავიკეთე, შიგნიდან - შავ ტონალობაში გადასული მელირება. ვფიქრობ, თმის რამდენიმე ფერის შეხამებით უფრო საინტერესოც გახდები და ამავდროულად, სხვადასხვა სტილის სამოსის მორგებასაც შეძლებ: კლასიკურის, სპორტულის, ავანგარდულის...
- ოდესმე მოკლე ვარცხნილობა გქონია?
- ბავშვობაში სარეკლამო რგოლში მონაწილე გოგონას ვარცხნილობა მომეწონა და თმის შეჭრა გადავწყვიტე. სალონში მისულმა სტილისტს ვარცხნილობა ზუსტად აღვუწერე, მაგრამ საშინლად შემჭრა. 1 კვირა შინიდან არ გავდიოდი. მას მერე სტილისტების მიმართ ნდობა დავკარგე... საბედნიეროდ, ახლა უკვე ვიპოვე სტილისტი გოგონა, რომელსაც ბრმად ვენდობი.
- თმის მოვლის განსაკუთრებული მეთოდი ხომ არ გაქვს?
- ძალიან სქელი თმა არ მაქვს, მისი მოვლა რომ გამიჭირდეს. შამპუნით ვიბან და ბალზამსაც ვხმარობ, რომ რბილად ჩამოვივარცხნო. ნიღბებს ვისვამ, რათა ბოლოჭამიები არ გამიჩნდეს და თმამაც იბზინოს.
ვარჯიში და დიეტა
- ადრე ქორეოგრაფიული სტუდია მქონდა, სადაც ბავშვებს აერობიკაშიც ვავარჯიშებდი. ასე რომ, ის ილეთები ვიცი, რომელიც სხეულის ამა თუ იმ ნაწილის ფორმაში მოყვანისთვის არის საჭირო... ძირითადად, დიეტური საკვები მიყვარს: სალათები, წიწიბურა, მაწონი, ბრინჯი და ა.შ. საღამოს 6 საათის მერე პურს საერთოდ არ ვჭამ. დილით შემიძლია, თავს უფლება მივცე, რომ მაგალითად, ჩაისთან ერთად ხაჭაპური ან სხვა ნოყიერი საკვები მივირთვა. ბევრი მეკითხება: სცენაზე ასე ენერგიულად რომ ცეკვავ, ენერგეტიკულ სასმელს სვამო? მსგავსს არაფერს ვსვამ. უბრალოდ, სცენაზე გასვლამდე შოკოლადის ჭამა და ალუბლის წვენის დალევა ჩვევად მექცა.
- წონაში დასაკლებად დიეტის დაცვა ან ინტენსიური ვარჯიში არასდროს დაგჭირვებია?
- სკოლაში სწავლის პერიოდში ძალიან გამხდარი ვიყავი. თანაკლასელმა პუტკუნა გოგონამ მითხრა, - ასეთი სიგამხდრე არ გიხდებაო. მოგეხსენებათ, ბავშვის გული როგორი მგრძნობიარეა. მეწყინა და უზომოდ ბევრი ფუნთუშის ჭამა დავიწყე - ვიფიქრე, ასე თუ მოვიქცეოდი, წონაშიც მალე მოვიმატებდი. ასეც მოხდა: მსუქანი - არა, მაგრამ ისეთი "ფუნთუშა" გავხდი, როგორ ფუნთუშებსაც მივირთმევდი (იცინის). მახსოვს, მეცხრე კლასის დამამთავრებელი ბანკეტისთვის კაბა რომ უნდა გამესინჯა, მასში ვერ ჩავეტიე და "გამიტყდა". იმ დღიდან თითქმის 1 კვირა არაფერს ვჭამდი - მხოლოდ წყლითა და ორცხობილათი ვიკვებებოდი. საბედნიეროდ, 1 კვირაში "ჩავიფუშე" და იმ კაბაშიც ჩავეტიე. იმ დღიდან მივხვდი, რომ უბრალოდ, სწორი კვებაა საჭირო: არ უნდა გადააჭარბო, თორემ დოზირებულად ყველაფრის მირთმევა შეიძლება. ვცდილობ, სუფრიდან ნახევრად დანაყრებული ავდგე.
სამოსი
- სასცენო სამოსი უფრო ეფექტური, გამომწვევი და ღიაა. ქუჩაშიც ისე დავდივარ, როგორც მინდა, რის გამოც ხშირად მეკითხებიან: არ გეშინიაო? "პადვესკები" - ჩულქებზე მისამაგრებელი პაჟები, გეტრები, ბოტფორდები, "სეტკიანი" კოლჰოტი მომწონს. ვცდილობ, ისეთი სამოსი არ შევიძინო, როგორიც შეიძლება, მეორე დღეს ვიღაცას ეცვას, მაგრამ თუ მაინც ვიყიდი, გადავაკეთებ ხოლმე. თბილისში ამოჩემებული "წერტილები" მაქვს, სადაც სასურველ კაბებსა და ქსოვილებს ვყიდულობ. ცეკვისთვის საჭირო ფორმებს თავად ვიკერავ. შარვლებს ფაქტობრივად, საერთოდ არ ვიყენებ: ან კაბა მაცვია, ან - შორტი.
სამკაული და აქსესუარები
- აქსესუარებს დიდ ყურადღებას ვაქცევ. მაგალითად, თუ კაბას ვიყიდი, მისთვის შესაფერის ჩანთას, ფეხსაცმელსა და ხელთათმანს ვირჩევ. ხელთათმანების მანია მჭირს - უამრავი მაქვს.
- განსაკუთრებულად საყვარელი სამკაული ან აქსესუარი თუ გაქვს?
- უკრაინელმა მოცეკვავემ სვაროვსკის თვლებით გაფორმებული ულამაზესი ყელსაბამი მაჩუქა. მითხრა, - "ველური კატის" იმიჯი გაქვს და ეს ყველაზე მეტად მოგიხდებაო. ამ სამკაულს განსაკუთრებულ დღეებში ვიკეთებ, რათა არც ჩემთვის და არც ხალხისთვის არ იყოს მოსაბეზრებელი.
პირსინგი და ტატუ
- ტატუ და პირსინგი ბავშვობიდან მიზიდავდა. 12-13 წლის ვიყავი, როცა მენჯთან თვალის ტუშით "ტატუს" ვიხატავდი. გახვრეტილი ჭიპის იმიტაციას ვქმნიდი: თვალს (მძივის მარცვალს) უფერულ ლაქს ვუსვამდი და ჭიპზე ვიწებებდი. ყველა გაოგნებული იყო. ვერავინ ხვდებოდა, რომ ნამდვილი პირსინგი და ტატუ არ მქონდა. ასე ყურადღების მისაქცევად კი არ ვიქცეოდი, უბრალოდ - მსიამოვნებდა. პირველი ტატუ - ორნამენტებიანი ჯაჭვი დაახლოებით, 4 წლის წინ გავიკეთე. დრო რომ გავიდა, მომინდა, რომ ჯაჭვი უფრო ლამაზ ნახატში გადამეზარდა. ცნობილ "ტატუროვშიკთან" - ანდრეისთან მივედი. მან ჯაჭვი ვარდად გადამიკეთა. შემდეგ სხვა ტატუ მომინდა: საჯდომზე კირჩხიბის სიმბოლო რიცხვი 69 ამოვისვირინგე. ცოტა არ იყოს, სკანდალური ტატუა (იცინის)... ვარდების თემა რომ არ დაკარგულიყო, თეძოებზეც ვარდები დავიხატე. 8 საათი დამჭირდა, მაგრამ ისეთი მონდომებული ვიყავი, რომ ალბათ, 12 საათსაც მოვითმენდი. ახლახან "ფლეიბოის" ლოგო ხელზე ამოვისვირინგე. ე.წ. "ლურჯი დაავადება" დამემართა - 1 ტატუზე ვერ "გავჩერდი". არ მინდა, ფერწერულ ნამუშევარს დავემსგავსო. ამიტომ ალბათ, მომავალში მომცრო ზომის ტატუებს გავიკეთებ.
- პირსინგებზე რას გვეტყვი?
- ტუჩზე პირსინგი მაქვს, რომელიც მიმაჩნია, რომ მიხდება. ჭიპი 3 კვირის წინ გავიხვრიტე.
საქმე
- "გოუ-გოუ-დენსერი" ვარ და არა - სტრიპტიზის მოცეკვავე. ვინც ამ საკითხში ჩახედულია, მან იცის, რომ "გოუ-გოუ-დენსერი" "შოუვუმენია": ცეკვავს, ხალხს ამხნევებს და ცდილობს, საზოგადოება აიყოლიოს, კომპლექსები მოუხსნას... კორპორატიულ საღამოებზეც ვცეკვავ. სტაბილურად კი ერთ-ერთ კლუბში ვმუშაობ. ასევე, "ქლაბ შოუს" მოცეკვავეც ვარ და რამდენიმე სკეტჩში ვმონაწილეობდი. კიდევ, პროექტ "ნიჭიერშიც" ვიყავი...
- "ჯიდიესზეც" გამოჩნდი.
- ასეა. კონტრაქტი არავისთან მაქვს გაფორმებული.
- ცეკვა სად ისწავლე?
- თვითნასწავლი მოცეკვავე ვარ. სარკის წინ ბავშვობაშიც რაღაც ილეთებს ვიგონებდი. გარკვეული პერიოდი, შავი პრინცის ქორეოგრაფიულ სტუდიაში დავდიოდი, სადაც კლიპის გადასაღებად გამართული კასტინგის მეშვეობით მოვხვდი. მერე უკვე ქორეოგრაფიული სტუდია მეც მქონდა: შავი პრინცი ბიჭებს ავარჯიშებდა, მე - გოგონებს. შემდეგ სტუდიის დახურვა მომიხდა, "მასწავლებლობანას" შევეშვი და ახლა თავად ვცეკვავ.
17 წლიდან სამოდელო სფეროში ვმუშაობ, მაგრამ საქართველოში მოდელობა არ ფასდება: ჯერ ერთი, იმდენს არ იხდიან, რამდენიც გეკუთვნის და მეორეც - მიმაჩნია, რომ მოდელებს პლასტიკა აკლიათ. მხოლოდ კარგი გარეგნობა და სწორ ხაზზე გავლა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ პროფესიონალი მოდელი გახდე. საკუთარ თავზე მუშაობას ბევრი დრო უნდა დაუთმო... ბოლოს სააგენტო "კატრინში" ვიყავი. ახლახან კონტრაქტს ვადა გაუვიდა და არ ეწყინოთ, მაგრამ მათთან მუშაობის გაგრძელებას არ ვაპირებ. ამჟამად კახი ხაბეიშვილის სააგენტოსთან ვთანამშრომლობ, ოღონდ - კონტრაქტის გარეშე. ასე მირჩევნია, რადგან "კატრინთან" გაფორმებული კონტრაქტის გამო, სხვა სააგენტოებიდან შემოთავაზებებზე უარის თქმა მიწევდა.
- წლების წინ სიმღერით - "გაიჩალიჩე" (რომელიც საკმაოდ პოპულარული გახდა) გამოჩნდი. ამ მხრივ გააქტიურებას აღარ აპირებ?
- სიმღერისთვის თავი არ დამინებებია, უბრალოდ, დროებით "გვერდზე გადავდე". თუკი ისევ სცენაზე ავალ, როგორც მომღერალი, რაღაც განსაკუთრებული უნდა გავაკეთო, რომ ისევ ფურორი მოვახდინო. მოვლენებს ვაკვირდები და შესაფერის დროს ვარჩევ. არსად მეჩქარება.
ოჯახი
- მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. 4 წლის გოგონა - ბარბარე მყავს. ის ჩემი და შავი პრინცის შვილია. გარკვეული მიზეზების გამო, მე და შავი პრინცი დღეს ერთად აღარ ვართ.
- მოკლედ გვიამბე, თქვენი რომანი როგორ განვითარდა და შემდეგ რატომ დაშორდით?
- ქორეოგრაფიულ სტუდიაში დავახლოვდით: ჩვენი ურთიერთობა თბილ მეგობრობაში გადაიზარდა, შემდეგ - დაუგეგმავ ფლირტში, მერე - დიდ სიყვარულში. ჩვენი სიყვარული უცხო ადამიანებისთვისაც სამაგალითო გრძნობად მიიჩნეოდა. არ მეგონა, თუ ყველაფერი დასრულდებოდა. მას არ მივუტოვებივარ. კარგად იცოდა, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა: ქართული შოუბიზნესი ჩაკვდა, ხელოვანი ადამიანი კი შავ მუშად ვერ იმუშავებდა. რუსეთში ძმაკაცს გაჰყვა, სადაც ძალების მოსინჯვა სცადა... ადამიანი შენგან რომ მიდის, დგება ეტაპი, როცა ისე გენატრება, რომ გაგიჟების ზღვარზე ხარ. ამ ზღვარს რომ გადააბიჯებ, მერე გრძნობა ცივდება... როცა საქართველოში დაბრუნდა და ერთმანეთი ვნახეთ, განვლილი წლები თავისით "ამოტივტივდა", შეხვედრამ ახალი გრძნობები "წამოიღო", მაგრამ ვერ "გაქაჩა". პირადული პრობლემებიც გვქონდა, მაგრამ ამაზე ვერ ვილაპარაკებ.
- ალბათ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს...
- ბევრი მწერს, მირეკავს, მაწუხებს. რამდენჯერმე მესამე პირის ჩარევაც დამჭირდა, რომ ჩემთვის თავი დაენებებინათ. ისეთი იმიჯი მაქვს, რომ მათ არ ვამტყუნებ - მამაკაცების აქტიურობა ჩემი ბრალიც არის, მაგრამ რა ვქნა, მათ გამო იმიჯს ვერ შევიცვლი!
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)