რეჟისორი რობერტ სტურუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილ ხელისუფლებას ნაძირლებად მოიხსენიებს.
"ზოგჯერ ვფიქრობ, რამ გამამწარა ასე, რით ვერ დავშოშმინდი, რატომ ვერ ვწყნარდები. კი ბატონო, გამაგდეს, არ დამიჯერებთ, ამით ხომ უნებლიეთ თავისუფლებაც მაჩუქეს. ისიც გაიხსენეთ, რომ უფრო ადრე, 2004-დან ავარდი - ვიგრძენი რა ნაძირალებს ჩაუგდეთ ხელში ჩვენი ბედკრული სიცოცხლით სავსე მხარე! და ვეტაკე!.. იქნებ მომარჩინოს ვინმემ?! მიშველეთ, გადამარჩინეთ ამ სიძულვილს! არა! არა! მირჩევნია ასევე დაუნდობელი წავიდე ამ ქვეყნიდან - ვერ შეუნდებ, ვერ ვაპატიებ! ზოგჯერ კი მეცოდებიან ეს არაკაცები - როგორ იოლად შეტოპეს ბოროტების ჭაობში, რა იოლად ჩაკლეს საკუთარი სულები?! ამ!", - წერს სტურუა.
სტურუას პოსტს რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური ეხმაურება.
"მტრის დანდობა შეიძლება, არ შეიძლება მშიშარა მტრის დანდობა!
ამ ქვეყანაში ძირითადად ზურგის მტრები მომრავლდნენ, მოდაშია ზურგიდან თავდასხმა.
საქციელის ჩადენა მაინც დამანახოს იმ უამრავი ნაწამები ადამიანებიდან რომელიმემ. მე ვამბობ მაგ ამაზრზენ შეურაცყოფას, რასაც ცოცხს ვეძახით, თორემ წამებით ყველას აწამებდნენ, რადგან წამებად მიმაჩნია 12 ზონდერი რომ 1 კაცს ურტყამს და მასე ცემდნენ აბსოლუტურად ყველას, ვინც შედიოდა ციხეზე, ჰოდა რას ვამბობდი, აი 1 კაცს თუნდაც, აი ერთს არ გაუჩნდა იმის პროტესტი რომ შური იძიოს??? ამან კიდევ სხვა მხრიდან გამაოცა რა!", - წერს ზანგური.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ივლისში რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაითხოვეს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ მაშინ განაცხადა, რომ რეჟისორი რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ქსენოფობური განცხადებების გამო დაითხოვა.