მუხროვანის სატანკო ნაწილში ამბოხი, მაშინდელი ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, 2009 წლის 5 მაისის დილას დაიწყო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა შოთა უტიაშვილმა საქართველოს სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებში სამხედრო ამბოხის მზადების შესახებ 5 მაისის დილას გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამბოხის მზადების ორგანიზტორები ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები იყვნენ, გეგმა ორგანიზებული იყო რუსეთიდან და მიზნად ისახავდა, როგორც მინიმუმ, ნატო-ს სამხედრო წვრთნების ჩაშლას და როგორც მაქსიმუმ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას.
იმავე დღეს შსს-მ ვიდეომასალაც გაავრცელა, რომლიდანაც უტიაშვილის ინფორმაციით, ჩანდა, თუ როგორ უკეთებს ორგანიზებას ამბოხს 90-იან წლებში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმ "დელტას" მეთაური გია ღვალაძე.
უტიაშვილის თქმით, ოპერატიული ინფორმაციით დასტურდება, რომ ამბოხში მონაწილე პირებს პირდაპირი კავშირი ჰქონდათ რუსეთთან, იღებდნენ მათგან დავალებებსა და ფულს.
მუხროვანის სამხედრო ნაწილში კი ყაზარმული მდგომარეობა გამოცხადდა. იქ იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე, რომელიც სამხედროებს მოუწოდებდა, შეეწყვიტათ დაუმორჩილებლობა და ჩვეულ რეჟიმს დაბრუნებოდნენ.
სიხარულიძის ინფორმაციით, სამხედრო ნაწილში გამოცხადებული დაუმორჩილებლობა და ამბოხი მიზნად ისახავდა ხელისუფლების დამხობასა და ნატო-ს წვრთნების ჩაშლას.
მუხროვანის სატანკო ბატალიონში კი ამ დროს ვითარება კვლავ დაძაბული იყო. ამბოხებულებთან იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები. უშუალოდ მოლაპარაკებებს კი სახმელეთო ძალების სარდალი, პოლკოვნიკი შმაგი თელია აწარმოებდა.
ამასობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც საუბარი გადატრიალების კონკრეტულ თარიღებზე, ქმედებებსა და რუსეთიდან მისაღებ თანხებზე იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა კი მუხროვანის სამხედრო ნაწილში ამბოხებულ სამხედროებს იარაღის დაყრა და ჩაბარება შესთავაზა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი ეთერით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფო და ყველა შესაბამისი ორგანო მზად არის ყველაზე გადამჭრელი, გადამწყვეტი ზომების გასატარებლად, რათა აღიკვეთოს კონსტიტუციური წესრიგის შერყევის ნებისმიერი მცდელობა.
მაშინდელმა პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა საქართველოს მოქალაქეებს, გაგებით შეხვდნენ იმ მოქმედებებს,
რასაც სახელმწიფო შექმნილ ვითარებაში განახორციელებდა. "ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ როგორც სახელმწიფო. ამჟამად ციხეს შიგნიდან ვერავინ გატეხს", - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, მან გასცა განკარგულება საპოლიციო და სამხედრო ძალების შესაბამისი მოქმედების შესახებ. ამბოხებულებს სააკაშვილმა სამართალდამცვებისთვის ჩაბარების დროც მისცა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ამბოხების მცდელობის ყველა ორგანიზატორი იზოლირებულია და სხვა სამხედრო ნაწილებში გამოცხადებულია განგაში. ამასთანავე, სააკაშვილის ამბობდა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდა.
მიხეილ სააკაშვილი ამბოხის დროს მუხროვანის ბატალიონშიც მივიდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ
ასევე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე.
ყოფილი პრეზიდენტი მუხროვანის ბატალიონის სამხედროებსაც ესაუბრა. სააკაშვილი ცდილობდა
სამხედროებისგან მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ბატალიონში და იყვნენ თუ არა იქ მისულები ამბოხების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე, თუმცა სამხედროები დუმდნენ, რამაც პრეზიდენტის აღშფოთება გამოიწვია.
"სჯობს მე მითხრათ! ახლა პროკურორს მისცემთ იგივე ჩვენებას და სჯობს მე მელაპარაკოთ, თქვენს მთავარსარდალს! იყო თუ არა დაქოქილი ტანკები?! გადაყოლილი ვარ თქვენზე მე პირადად და ქართული სახელმწიფო!", - მიმართავდა სააკაშვილი სამხედროებს.
მან მწუხარება გამოთქვა, რომ შეიარღებული ძალების სამხედროები ან გააბრიყვეს ან თავად წავიდნენ ამბოხზე. "შეიძლება გაგაბრიყვეს, მაგრამ თავი იმიტომ აბია მოზრდილ ადამიანს, რომ ასეთი რამ როდესაც ხდება, თავისი ჭკუით იმოქმედოს!", - განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც აღშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეუშვეს ნაწილში ოთანაძე და კრიალაშვილი, რომლებიც სააკაშვილის ინფორმაციით, კრიმინალები და ბანდიტები არიან.
"ხომ არ ეგონა თქვენს ბრიყვ მეთაურ გორგიაშვილს, რომ მე შევარდნაძე ვარ, რომელიც მოვიდოდა, მთელი დღე დაგიჯდებოდათ, თქვენ გენაცვალე თქვენი ჭირიმეთი დაგელაპარაკებოდათ და ყველაფერი ჩაიფარცხებოდა?!", - განაცხადა სააკაშვილმა.
მუხროვანის სატანკო ნაწილში ამბოხი დასრულებულად საღამოს 18:00 საათისთვის გამოცხადდა. ამ დროისთვის ბაზიდან ჯარისკაცები უკვე გაიყვანეს, რომლებსაც თან ჰქონდათ პირადი ნივთები და ზურგჩანთები. გაყვანილი იყო რამდენიმე ერთეული სამხედრო ტექნიკაც. სამხედროები გადაყვანილები იყვნენ მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე, სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობდა.
ამასთან, მუხროვანის ბაზის ტერიტორიაზე შეიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაჯავშნული "კობრას" ტიპის მანქანები. ბაზაზე ასევე რჩებოდნენ პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ.
ამავე დღეს ამბოხის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, მუხროვანის სატანკო ნაწილის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა გორგიაშვილი, ასევე ასმეთაურები და სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელები დააკავეს. ამბოხებასთან დაკავშირებით დააკავეს ასევე პოლკოვნიკი, ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმ "დელტას" ყოფილი მეთაური გია ღვალაძე. რამდენიმე პირზე ძებნა გამოცხადდა. შსს-მ მუხროვანის სატანკო ბატალიონის მეთაურის აღიარებითი ჩვენებაც გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ 5 მაისს იყო ოპოზიციის მიერ თბილისის შემოსასვლელების პიკეტირება დაგეგმილი. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კი პიკეტირება ოპოზიციამ სამი დღით გადადო. ოპოზიციის ლიდერებმა მაშინ გამოთქვეს ვარაუდები, რომ ყველაფერი შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის კეთდებოდეს. მათ მუხროვანის ინციდენტს კარგად დადგმული ავანტიურა უწოდეს. დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს იყო ერთი მსახიობის თეატრი, ხოლო რეჟისორი მიხეილ სააკაშვილი იყო.
გამყრელიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს უმტყუნა ნერვებმა და მოაწყო კიდევ ერთი პროვოკაცია ორი მიზნით. ერთი, რომ ოპოზიციისთვის შეეშალა ხელი აქციების ჩატარებაში და მეორე, გაეთამაშებინა სპექტაკლი იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხში და ჯარში არსებობენ ადამიანები, რომელთაც სურთ ნატოს წვრთნების ჩაშლა.
დავით დარჩიაშვილმა კი მაშინ განაცხადა, რომ მუხროვანის ინციდენტი სერიოზული გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსისთვის.
კობა კობალაძე და ამბოხთან დაკავშირებით დაკავებული სხვა პირები კი თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევდნენ.
მუხროვანის ამბოხების საქმესთან დაკავშირებით მოგვიანებით სპეცოპერაციაც ჩატარდა. 20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გია კრიალაშვილი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით, მეორე დღეს განცხადება გაავრცელა. შსს-ის ცნობით, "ორმხრივი სროლის" შედეგად ადგილზე გარდაიცვალა გია კრიალაშვილი, დაიჭრა კობა ოთანაძე და ლევან ამირიძე. სამინისტროს ცნობით, "მუხროვანის ამბოხების მონაწილეები" თბილისში სხვადასხვა ადგილებში იმალებოდნენ და შეზღუდული ჰქონდათ კონტაქტი ყველა ნაცნობთან, ხოლო "ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ისინი თავს აფარებდნენ სოფელ ცხვარიჭამიაში არსებული აგარაკების მიმდებარე ტერიტორიას".
"შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ჯგუფი აპირებდა მიკროავტობუსით დაეტოვებინა თბილისი და სოფელ წინაგარას გავლით, გადასულიყვნენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე დადგენილ იქნა აღნიშნული გეგმის განხორციელების სქემა, სწორედ თბილისის ტერიტორიის დატოვების მცდელობის დროს, შსს-ს მიერ ჩატარებულ იქნა სპეცოპერაცია ძებნილთა დასაკავებლად, რა დროსაც მათ პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს,"- აცხადებდა შსს.
"ინტერპრესნიუსი"
მინდია აფციაური
ასევე იხილეთ ვიდეო: "ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი" - მერაბიშვილსა და სხვა მაღალჩინოსნებზე სკანდალური კადრები გავრცელდა