ცოტა ხნის წინ მსახიობი ნატუკა გულისაშვილი გამოჩნდა ახალ სერიალში ''პანიკის გარეშე''. მისი გმირი, მილიონერი ემიგრანტი ქალი, საახალწლოდ საქართველოში სტუმრად ჩამოდის. ''გამიხარდა, რომ მეძავის გარდა სხვა პერსონაჟიც დაინახეს ჩემში'', - ღიმილით დასძინა ინტერვიუს დროს ნატუკამ. მსახიობი ''იმედის'' დილის ეთერში კულინარიულ ბლოკს უძღვება და ახალ-ახალი რეცეპტებით ანებივრებს მაყურებელს. დღეს ის ჩვენი სტუმარია.
- ნატუკა, როგორი იყო 2013 წელი შენი ოჯახისთვის?
- ძალიან კარგი წელი იყო ჩემთვის. დავიწყე ''იმედში'' მუშაობა, ჩემი ქალიშვილი სტუდენტი გახდა, იქ ჩააბარა, სადაც უნდოდა, მოვაგვარე საქმეები, რომლებსაც წლების განმავლობაში ვერ ვაგვარებდი, ჩემ გარშემო ყველა ჯანმრთელად იყო. ეს წელიც კარგად დაიწყო. ახდა ჩემი ოცნება და შევიძინე მანქანა. მართვა კი ვიცოდი აქამდე, მაგრამ მანქანა არასდროს მყოლია, ოლია მათხოვარივით სულ სხვის მანქანებს ვთხოულობდი. იმ საბანს ვიფარებ, რომელიც მწვდება. პატარა მანქანაა - ''ნისანი'', მაგრამ რაც მთავარია, ეკონომიურია და შიგნით თავისუფლად ვეტევი. კიდევ ერთი ქალბატონი შემოგვემატა ოჯახში, ეს არის ჩემი ძაღლი, დაფნა. ყველამ იცის ფილმი ''ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან''. იქ არიან პერსონაჟები ჟოზეფინა და დაფნა.
- ე.ი. ნატუკა გულისაშვილის ოჯახში მხოლოდ ქალიშვილები არიან?
- არა, ერთი ვაჟიშვილი გვყავს, თუთიყუში. ოღონდ ამდენ ქალებში ამ თუთიყუშის ორიენტაცია უკვე აღარ ვიცი, როგორია (იცინის).
- ამდენი ქალის გარემოცვაში ცხოვრება გავლენას ხომ არ მოახდენს შენს გათხოვებაზე, როგორ გგონია, კიდევ აიტან მამაკაცს სახლში?
- გადაჩვევა მართლა იცის. ვერ წარმოგიდგენია, რომ ვიღაც შემოვა შენს სახლში და დაგეხმარება. იყო პერიოდი, როცა ჩემი შვილი აპროტესტებდა ყველანაირ მამაკაცს ჩემს ცხოვრებაში, სპექტაკლში პარტნიორსაც კი. მაგრამ დღეს მეუბნება, რომ უნდა მყავდეს მამაკაცი, რომელიც გვერდით დამიდგება, მაგრამ მხოლოდ ჩემი შვილის სურვილი არ კმარა (იღიმის). არავინ ჩანს. ალბათ, ამ ასაკში კაცსაც და ქალსაც გარკვეული პრეტენზიები აქვთ. ოჯახის დანგრევამ იმდენად დიდი ტკივილი მომაყენა, ამ საკითხს სიფრთხილით ვუყურებ.
- მახსოვს, მიყვებოდი, როგორი ცივილიზებული ურთიერთობა გქონდა ყოფილ მეუღლესთან, დასასვენებლადაც კი დადიოდით ერთად ზაფხულობით. ახლა რა ხდება?
- უკვე წელიწადია, ეს ურთიერთობა დამთავრდა. ტელეფონითაც აღარ ვეკონტაქტებით. ახლახან იყო ჩამოსული, მხოლოდ ერთხელ ნახა ანი. არადა, 18 წლის არის ბავშვი, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა, სტუდენტი გახდა, ახლა სჭირდება სწორედ ყველაზე მეტად ყურადღება ორივე მხრიდან. ამის მიუხედავად, ჩემი შვილისთვის არასდროს მითქვამს ცუდი მამამისზე, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე. მახარებს ის, რომ ანის მამა შემდგარი და წარმატებულია, ბერლინის ოპერის სოლისტი გახლავთ და ანი ამით ამაყობს.
იხილეთ სტატიის გაგრძელება