ალბათ ყველა ჩვენგანს ჰქონია შეხება სამედიცინო დაწესებულებებთან ზოგს პაციენტის როლში, ზოგს ავადმყოფი ახლობელი მიგვიყვანია და ის პრობლემებიც ნაცნობია, რომლებსაც საავადმყოფოებსა თუ სხვადასხვა კლინიკაში ვაწყდებით. ზოგჯერ ექიმები ისეთი გულგრილები არიან, არც აინტერესებთ პაციენტის მდგომარეობა. პირდაპირ იმაზე იწყებენ საუბარს, გაქვს თუ არა გადასახდელი თანხა.
ერთხელ ნათესავი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიყვანეთ, მთლიანად დასივებული იყო, ენა გარეთ ჰქონდა გადმოვარდნილი და სუნთქვა უჭირდა. მორიგე ექიმი ქალბატონი იყო, პაციენტს შეხედა, ნახა, სუნთქვას რომ ვერ ახერხებდა. ნაცვლად იმისა, სასწრაფოდ დახმარებოდა, იმის გარკვევა დაიწყო, გვქონდა თუ არა 145 ლარი. "ალერგიაა, ჯერ ქვითარი აიღეთ, მოიტანეთ და მერე შემოიყვანეთ პაციენტი", - გვითხრა ცივად და პალატაში მხოლოდ ქვითრის მიტანის შემდეგ შეიყვანა. მისი არაპროფესიონალიზმი მაშინაც გამოჩნდა, როცა პაციენტს გადასხმის სისტემა ისე დაუყენა, წნევა არც კი გაუსინჯავს. გადასხმის დროს ავადმყოფმა კანკალი დაიწყო. აღმოჩნდა, ძალიან მაღალი წნევა ჰქონია და შეშუპების მიზეზიც გული ყოფილა. მაშინ გადავრჩით, თუმცა ექიმების დაუდევრობას რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ესეც ფაქტია.
ბუნებრივია, ჯანდაცვის სამინისტროს ამ კუთხითაც ბევრი რამ აქვს მოსაგვარებელი. ისიც ვიცით, ბევრი მძიმე ავადმყოფი წლების მანძილზე საერთოდ ვერ ახერხებდა უსახსრობის გამო ექიმთან მისვლას და ტკივილისგან სახლში იტანჯებოდა. ბევრი კი ისე გაღატაკდა უკანასკნელი სახსრების მკურნალობაში გადახდით, რომ ხშირად ადამიანებს სახლ-კარის გაყიდვა უწევდათ.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2006 წელს ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდა, რაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევას ითვალისწინებდა. პროგრამის დასაფინანსებლად ყოველწლიურად ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები თითქოს იზრდება, თუმცა მოსახლეობა მაინც უკმაყოფილოა, უამრავ პრობლემას აწყდებიან სადაზღვევო კომპანიებთან, რომლებსაც მათი მკურნალობის დაფინანსება ევალებათ. ასევე ცალკე თემაა, როგორ ემსახურებიან სადაზღვევო კომპანიები პაციენტებს და ამ მიმართულებითაც ბევრი რამ გადასახედია.
ინგა, 35 წლის:
- აფხაზეთიდან დევნილები ვართ, დედა პენსიონერია და სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. მასთან სტუმრად ვიყავით მისული მე და ჩემი მეუღლე. უცებ დედა ძალიან ცუდად გახდა, თითქმის ხელში ჩამაკვდა, ერთიანად გაშავდა. ძლივს მოვასულიერეთ და "სასწრაფოს" გამოძახება არც მიცდია, ჩემი მეუღლის მანქანით ქუთაისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში მივიყვანეთ. მითხრეს, რომ ინსულტის მსუბუქი ფორმა ჰქონდა. სტაციონარში დავაწვინეთ. როცა საქმე გადახდამდე მივიდა, დავრეკეთ "არქიმედეში", რადგან იქ იყო დაზღვეული. თანხის გადახდაზე უარი მითხრეს. ამის შემდეგ ჯანდაცვის მედიაციის სამსახურსაც დავუკავშირდით და დახმარება ვთხოვეთ, მაგრამ უშედეგოდ, არ დაგვიფინანსეს მკურნალობის ხარჯი. შევაკოწიწეთ და როგორღაც დავფარეთ საავადმყოფოს ხარჯი. დედაჩემიც მიხვდა, რომ ამდენს ვეღარ გავწვდებოდით და დროზე ადრე დატოვა საავადმყოფო - მკურნალობა სახლში გააგრძელა.
- რატომ თქვეს უარი მკურნალობის ხარჯის დაფარვაზე?
- ასე მითხრეს: - კი არის ინსულტი, მაგრამ ვერ დავაფინანსებთ, რადგან "სასწრაფო დახმარების" მანქანით არ მიგიყვანიათ პაციენტიო. იქნებ "სასწრაფოს" ვერც მოესწრო, ასეთი მძიმე ავადმყოფისთვის. ეს რა მიდგომაა? არც დიაგნოზს უყურებენ. ასე იყო ჩემი ახლობლის შემთხვევაშიც, ის გულის შეტევით შეიყვანეს საავადმყოფოში "სასწრაფო დახმარების" ბრიგადამ. კორონაროგრაფია დასჭირდა, რაც საკმაოდ ძვირი - 700 ლარზე მეტია. რადგან "სასწრაფოთი" იყო მიყვანილი, დაუფინანსეს, მაგრამ მის გვერდით იწვა ანალოგიური პრობლემით მოხუცი ქალბატონი, სოციალურად დაუცველი და მას არ დაუფინანსებს იგივე პროცედურა, რადგან ის შვილებმა მიიყვანეს საავადმყოფოში. საწყალი ქალი იძულებული გახდა, სახლში წასულიყო გამოკვლევის გარეშე, რადგან მის შვილებს ამ თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდათ. ეს პრობლემა რომ მისახედია, აშკარაა. სადაზღვევოები საყოველთაოდ დაზღვეულ პაციენტებს ხშირად ბევრ რამეს არ უფინანსებენ. საშინელებაა, როცა იძულებული ხარ, უსახსრობის გამო ოჯახის წევრის მკურნალობაზე უარი თქვა. ცალკე თემაა პროვაიდერი კლინიკები. არჩევანის უფლებას არ გაძლევდნენ სადაზღვევოები, თითქმის ყველა სადაზღვევოს თავისი კლინიკა აქვს გახსნილი. არაფერს ვამბობ მედიკამენტებზე. მაგალითად, თუ "ავერსის" კლინიკაში მოხვდი, იქაური ოჯახის ექიმები აუცილებლად "ავერსის" გამოშვებულ მედიკამენტს გამოგიწერენ. ასეა სხვა კლინიკებშიც. ამასაც მიხედვა სჭირდება.
ნაზი, 79 წლის:
- რაიონში ვცხოვრობ. მთელი ცხოვრება პედაგოგი ვიყავი, უამრავი ბავშვია ჩემს ხელში გაზრდილი. ასაკის მიუხედავად, დღესაც ვამზადებ აბიტურიენტებს უანგაროდ. ყველაზე დიდ ბედნიერებას ის მანიჭებს, როცა გრანტებს იღებენ ჩემი მომზადებული ბავშვები. ბოლო დროს მხედველობის პრობლემა შემექმნა, პენსიონერის დაზღვევა მაქვს. კატარაქტა დამიდგინეს. დიდი დრო წაიღო ოპერაციისთვის საბუთების მომზადებამ და რაც ყველაზე ცუდია, კლინიკის არჩევის უფლება არ დაგვიტოვა სადაზღვევომ. "არქიმედეში" ვიყავი დაზღვეული, ჩემთვის ქუთაისის ნებისმიერ კლინიკაში მისვლა ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ უარი მითხრეს - აუცილებლად ზუგდიდში უნდა წახვიდე, იქ არის პროვაიდერი კლინიკა და სამეგრელოს რეგიონს მხოლოდ ისინი ემსახურებიანო. ახლობლის მანქანით მარტვილიდან ზუგდიდში იმდენჯერ მომიხდა წასვლა, რომ საწვავში ფაქტობრივად 300 ლარამდე დავხარჯეთ, არადა, ოპერაცია 400 ლარზე ცოტა მეტი ღირდა. მერე გაირკვა, რომ თვალის წნევა მაღალი იყო, ამიტომ საბოლოოდ ექიმმა ოპერაციისგან თავი შეიკავა. ამის შემდეგ შვილმა ქუთაისის კლინიკაში წამიყვანა და ახლა თანხა უნდა დაფაროს. ამასობაში "არქიმედეც" დაიხურა და ამ წოწიალ-წოწიალში საგარანტიო საბუთსაც ვადა გაუვიდა. ვფიქრობ, ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერებია და ამ პრობლემას მიხედვა სჭირდება. ჩემს შვილს მოუწევს თანხის შეკოწიწება და გადახდა, მაგრამ რა ქნან იმათ, ვისაც ამის საშუალება არ აქვს? ფაქტობრივად, გამოდის, რომ ის 300 ლარიც გზაში უაზროდ დავხარჯე. ჯობდა, ამდენ წვალებას პირდაპირ გადაგვეხადა ეს თანხა.
- გაკოტრდა "არქიმედე", მაგრამ ხომ შეგიძლიათ, საყოველთაო ჯანდაცვით ისარგებლოთ და სახელმწიფომ დაფაროს ეს თანხა?
- ვიცი, რომ ეს გზა არსებობს, მაგრამ ქუთაისში ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ ცალ თვალში გლაუკომის ნიშნებია. ეს იწვევს თვალის წნევას, ამიტომ ოპერაცია თუ სასწრაფოდ არ ჩატარდა, მეორე თვალზე გადამივა. სასურველია კატარაქტის ოპერაცია უსისხლოდ ჩატარდეს. ლაზერულ ოპერაციას კი მაინც არავინ დამიფინანსებს, არადა, ეს არის უსაფრთხო გზა. საყოველთაო დაზღვევასაც რომ მივმართო, პასუხს ერთი თვის ვადაში აძლევენ. დრო აღარ ითმენს, ამიტომ იძულებული ვართ, ოპერაციის ხარჯი ჩვენ გავიღოთ. ეს კი საკმაოდ დიდი თანხაა - 800 ლარზე მეტი.
უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, თუმცა კონკრეტული ფაქტებით არ დავღლით მკითხველს. პრობლემები ჯანდაცვის სისტემის ყველა სექტორშია და სამინისტროს მათ აღმოსაფხვრელად ბევრი მუშაობა სჭირდება.
ახალმა ხელისუფლებამ ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა აქტიურად დაიწყო და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა დღეს დაზღვევის გარეშე დარჩენილ ყველა ადამიანს შეუძლია. რა ცვლილებები განხორციელდა ჯანდაცვაში, რა ბედი ელით გაკოტრებული სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარებს, ამ და უამრავ სხვა საკითხზე ვესაუბრეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსს, ქალბატონ რუსუდან გოგოლაშვილს.
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ეს არ არის დაზღვევა. ეს არის პროგრამა, რომელიც ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვალს და იმ ადამიანების დახმარებას ითვალისწინებდა, რომლებსაც არანაირი დაზღვევა არ ჰქონდათ. მოგეხსენებათ, 9 კატეგორია იყო დაზღვეული საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პედაგოგები, სახალხო არტისტები, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, სტუდენტები... 2 მილიონ 200 ათას ადამიანს კი არანაირი ფინანსური გარანტია არ ჰქონდა. თუ ისინი ხვდებოდნენ სტაციონარში ან სჭირდებოდათ ამბულატორიული კვლევები, თავიანთი ჯიბიდან უწევდათ ყველა თანხის გადახდა. ზუსტად ამ ადამიანებისთვის ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა.
- ამ კატეგორიის ადამიანებს რა სახის მკურნალობას უფინანსებთ?
- პირველ ეტაპზე იყო გადაუდებელი შემთხვევების ჩამონათვალი და უფინანსდებოდათ გადაუდებელი შემთხვევები, თითოეულს 15.000 ლარის ფარგლებში. დამატებით, პოლიკლინიკური მომსახურება, ოჯახის ექიმის ხარჯი და სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი. პირველი ივლისიდან კი პროგრამა გაფართოვდა და გარდა იმისა, რომ გარკვეული ჩამონათვალი 100%-ით იფარებოდა, ნებისმიერი სხვა გადაუდებელი შემთხვევა ამ ადამიანებს ახლა 70%-ით უფინანსდებათ.
მაგალითად, თუ რეანიმაციაში მოხვდა ადამიანი, ან დასჭირდა ისეთი ოპერაცია, რომელიც "სასწრაფოა" და იმ წუთში თუ არ გაკეთდა, მაშინ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება, ასეთი ოპერაციები იფარება 100%-ით. სხვა სახის გადაუდებელი მანიპულაციები იფარება 70%-ით და თვითონ 30-ის დამატება დასჭირდება. მშობიარობას სახელმწიფო აფინანსებს 500 ლარით, მაგრამ საკეისრო კვეთა თუ სჭირდება პაციენტს სამედიცინო ჩვენებით და არა - პაციენტის მოთხოვნით, მაშინ საკეისრო კვეთასაც ვაფინანსებთ 800 ლარით. ნებისმიერი გეგმური ქირურგიული ოპერაცია კი ფინანსდება 70%-ით. თუ პაციენტი მიდის ძვირად ღირებულ კლინიკაში, სადაც განსაკუთრებული ფასები და სერვისია, მაშინ ჩვენ დაწესებული სატარიფო არეალის ფარგლებში ვაფინანსებთ იმ ოპერაციას, შემდეგ კი დარჩენილი თანხის დამატება მოუწევს პაციენტს.
- სერიოზული პრობლემები ექმნებათ დაზღვეულ პაციენტებს. გასაკუთრებით - საყოველთაო დაზღვევაში მყოფ პირებს, რადგან სადაზღვევო კომპანიები მათ მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში უშვებენ. თქვენ თუ უტოვებთ პაციენტს არჩევანის უფლებას?
- რა თქმა უნდა, პაციენტს შეუძლია, აირჩიოს სასურველი კლინიკა. მთავარი პირობაა, კლინიკა მონაწილეობდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და განაცხადი სოციალური მომსახურების სააგენტოში ჰქონდეს შემოტანილი. ჩათვალეთ, არსებული კლინიკების 99% ჩართულია ამაში, მხოლოდ რამდენიმე არ მონაწილეობს. ძირითადად ისინი, რომელიც ორიენტირებული არიან პლასტიკურ ქირურგიაზე და რაღაცის გამო გეგმურ ქირურგიასაც აწარმოებენ. გარდა ამისა, ონკოლოგიურ დაავადებებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიას 80%-ით სახელმწიფო ფარავს.
- ამბულატორიული მომსახურების მხრივ რა ხდება? მოქალაქეები ხშირად წუწუნებენ იმის გამო, რომ მხოლოდ სისხლისა და შარდის ანალიზს აფინანსებთ.
- სხვა სერვისებიც გაიზარდა. გარდა ოჯახის ექიმის მომსახურების, სისხლისა და შარდის ანალიზისა, იფარება 7 სპეციალისტის კონსულტაცია 70%-ით. ემატა გამოკვლევები, რომელიც 100%-ით იფარება. ერთი სიტყვით, გაფართოვდა ამბულატორიული სერვისი. ასევე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული გამოკვლევა ფინანსდება 70%-ით.
- კონკრეტულად რა ფინანსდება? ამ ნუსხის ნახვა მოქალაქებისთვის ხელმისაწვდომია?
- ძალიან მალე მოქალაქეებს ექნებათ ამაზე წვდომა. ახლა იქმნება საინფორმაციო პორტალი ინტერნეტში და ჩამოთვლილი იქნება ყველა ის მომსახურება და იმ კლინიკების სია, რომელსაც შეუძლიათ მიმართონ.
- ქალბატონო რუსუდან, 2013 წლის ბოლოს, სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს გლობალ ჯორჯია" გაკოტრდა, რომელიც სახელმწიფო დაზღვევის მქონე დაახლოებით 380 000 ბენეფიციარს ემსახურებოდა. მათ შორის - პენსიონერებსა და 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს. აღნიშნულ კონტინგენტზე ვალდებულება მთლიანად სახელმწიფომ აიღო?
- დიახ. კომპანიის გაკოტრების შესახებ 31 დეკემბერს შევიტყვეთ და ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო "არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში" დაზღვეულების სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებაზე ვალდებულებას იღებს იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ისინი სადაზღვევო კომპანიაში იყვნენ დაზღვეულები. სახელმწიფო ამ კონტინგენტს თვითონ მართავს. 1-ლი იანვრიდან პედაგოგებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეები გახდნენ, მათაც იგივე პირობები შეუნარჩუნდებათ, რაც ჰქონდათ ამ სადაზღვევო კომპანიაში.
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვისთვის რა არის საჭირო?
- მოქალაქეებს აქვთ არჩევანის უფლება. ნებისმიერ პოლიკლინიკაში მივიდნენ, დაწერონ განცხადება და ჩაერთონ ამ პროგრამაში. რაც შეეხება დაფინანსებას, "ფორმა 100" შეუძლიათ მიიტანონ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში. ასეთი სერვისცენტრი თბილისში ოთხია: ჯავახიშვილის 51, ბოჭორმის 4, ვაჟა-ფშაველას IV კვარტალში და ასევე ბახტრიონის 11-ბ-ში. სერვისცენტრები 10-ის ნახევრიდან 6-ის ნახევრამდე მუშაობენ. ასევე ყველა რეგიონში თითო ცენტრია. კლინიკებს აქვთ უფლება, შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაცია მოგვაწოდონ სამი თვის ვადაში. ძალიან ხშირად ამ ვადის ბოლოს გვაწვდიან რატომღაც. რატომ, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, კლინიკებში დიდი პრობლემებია დოკუმენტაციის წარმოებაზე. ჩვენ გვირჩევნია, ყოველთვე მოგვაწოდონ ინფორმაცია და მათ თანხებს უპრობლემოდ გადავუხდით.
- როცა მოქალაქეს შემოაქვს განცხადება, რა ვადაში იღებს პასუხს, დაუფინანსდება თუ არა ესა თუ ის მანიპულაცია?
- დოკუმენტების ჩაბარებიდან ერთი თვის განმავლობაში მისდის პასუხი. როცა საქმე ეხება ონკოლოგიას, რამდენიმე დღეში ვპასუხობთ.
- ერთი თვის წინ ინსულტიანი პაციენტი მიიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მის ოჯახს თანხების დაფინანსებაზე უარი ეთქვა. გასაკვირია, მაგრამ უთხრეს, რომ ეს იყო გეგმური და ვერ დაფინანსდებოდა. ძალიან დიდი ბრძოლა დასჭირდა ოჯახს ამის გამო.
- რას ამბობთ, ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს. მომაწოდეთ ამ ქალბატონის პირადი ნომერი და პირადად დავინტერესდები დეტალებით. როგორ შეიძლება გეგმური იყოს ინსულტის შემთხვევა?Eეს უკვე კლინიკის დანაშაულია, კლინიკამ უნდა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა. ამ კონკრეტულ ფაქტს გავყვები ბოლომდე, მაგრამ მითხრით, ეს ქალი "არქიმედეში" ხომ არ იყო დაზღვეული, რამდენი წლის იყო?
- პენსიონერი გახლდათ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
- ეს ფაქტი თუ იყო იანვრამდე და "არქიმედეში" იყო დაზღვეული, მაშინ არქიმედეს ქმედებებზე ჩვენ ვერ ვაგებთ პასუხს. 1-ლი იანვრიდან მსგავსი რამ არ უნდა მოხდეს. თუ მსგავსი რამ მოხდა, შეგვატყობინეთ და გპირდებით, ამაზე მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ.
- სადაზღვევო კომპანიებში რომ სერიოზული პრობლემებია, ამაში ალბათ დამეთანხმებით. მათზე კონტროლს თუ ახდენთ?
- კონტროლს ახორციელებს სადაზღვევო კომპანიების ზედამხედველობის სამსახური. ამასთან ერთად, შექმნილია მედიაციის სამსახური, რომელიც ასეთ დავებს არეგულირებს და აგვარებს. ჯანდაცვის სისტემა უკვე მზადაა საიმისოდ, რომ საქართველოს მოსახლეობას მთლიანად მოემსახუროს. საქართველოში დღეს რაღაც წესით, ყველა მოქალაქე დაზღვეულია. გამოითქვა მოსაზრება, რომ "არქიმედეს" გაკოტრება სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარი დაუჯდება. ჯანდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ეფექტიანად მართავს. მერწმუნეთ, მომსახურების ხარისხიც უფრო მაღალი იქნება. ჩვენ უკვე გვქონდა გამოცდილება, როდესაც 218-ე დადგენილებიდან სადაზღვევო კომპანია "ალფა" გავიდა. რვათვიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, როდესაც სახელმწიფო მართავს, უფრო მომგებიანია.
- რა ხარვეზები აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას?
- გარკვეული ხარვეზები პირველ ეტაპზე იყო, უფრო ტექნიკური ხასიათის. ეს ხარვეზები უკვე გამოსწორებულია და შემიძლია ვთქვა, რომ განსაკუთრებული ხარვეზები საყოველთაო ჯანდაცვას დღეს არ აქვს.
- როგორია სტატისტიკა? რამდენმა ადამიანმა ისარგებლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით?
- გასული წლის პირველი ივლისიდან 31 დეკემბრის სტატისტიკით, მომართვის 144 354 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1-ლი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით მოგვმართა 14 496-მა მოქალაქემ. ვფიქრობთ, ამ პროგრამის ამოქმედება დიდი შეღავათია ჩვენი მოსახლეობისთვის.
თეა ხურცილავა
(გამოდის ხუთშაბათობით)