რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, ხვალ, წლის საუკეთესო ავტომობილების და ავტოსპორტსმენების გალა-დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
ღონისძიებას "AUTO BILD საქართველსთან" ერთად, საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაცია უწევს ორგანიზებას. პროექტის პარტნიორია "ვისოლი", მხარდამჭერი "ივენთ კომპანია დელიკატო". საზეიმო ღონისძიებაზე "ოქროს საჭე 2013"-ის გამარჯვებულთა გამოვლენა და ავტოსპორტში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოება მოხდება.
საავტომობილო ჟურნალ "AUTO BILD საქართველოს" ორგანიზებით და კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო კონკურსი "ოქროს საჭე 2013" საქართველოში უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოვიდა.
რჩეული ავტომობილებისთვის ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიას" რეიტინგული ვებ-გვერდების საშუალებით მიმდინარეობდა.
კონკურსში 25 ათასამდე ავტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა და დააფიქსირა თავისი პოზიცია. საუკეთესო ავტომობილების გამოვლენის კამპანიაში სხვადასხვა საავტომობილო დილერები, ავტო ბრენდის ფან კლუბები და გულშემატკივრები იყვნენ ჩართული.
ავტომრბოლელები მთელი სეზონის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით დაჯილდოვდებიან, კულმინაცია კი წლის ავტოსპორტსმენის გამოვლენა იქნება, რომლის ვინაობაც ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.