მაია ხარაზიშვილი 1985 წელს, სრულიად ჯანმრთელი მოევლინა ქვეყნიერებას, მაგრამ როგორც დედამისი, ქალბატონი ნატალია კობიაშვილი ამბობს, - ექიმების დაუდევრობის გამო, გოგონა სამუდამოდ მიეჯაჭვა საწოლს. ის ახლა 28 წლის გახლავთ და სულ რაღაც 5 კილოგრამამდე იწონის. მას ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორიც ჩვილს. თანაც, მისთვის ხელის მოკიდებაც კი დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რადგანაც გოგონას ძვლები იოლად იმსხვრევა.
- მაიკო სრულიად ჯანმრთელი მოევლინა ქვეყანას. ის 4 კილოსა და 600 გრამს იწონიდა. 3 თვის რომ გახდა, ექიმმა მითხრა, - რძე აღარ ჰყოფნის, დამატებითი საკვები მიეციო. ექიმის რჩევა გავითვალისწინე და ჩვილისთვის "სიმილაკი" შევიძინე. როგორც კი ბავშვს ეს საკვები მივეცი, სიცხემ აუწია და ფაღარათი დაეწყო. სასწრაფოდ ექიმთან წავიყვანე. ხილიანზე, ბავშვთა ინფექციურში დააწვინეს. მაიკოს უკვე დეზინტერია ჰქონდა განვითარებული... ექიმებმა გვითხრეს, რომ სინჯი ზურგის ტვინიდან უნდა აეღოთ და მეც რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ვიფიქრე, - ეტყობა, ბავშვის ჯანმრთელობისთვის ასე სჯობს-მეთქი. სინჯის აღებიდან რამდენიმე წუთში მაიკო ერთიანად მოწყდა, გაშტერებული ერთ წერტილში იყურებოდა, კიდურებს ვეღარ ამოძრავებდა. მაშინვე ექიმთან გავვარდი და მდგომარეობა ავუხსენი, მან კი დამამშვიდა: ბევრი მედიკამენტი რომ მიიღო, ამის ბრალია და მალე გაუვლისო... გადიოდა დრო და ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად მძიმდებოდა. ერთ დღესაც, ჩვენმა მკურნალმა ექიმმა პალატაში რაღაც ფურცელი შემომიტანა და მითხრა, - თუ აქ დამიწერ, რომ საავადმყოფოში ბავშვი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, მომაკვდავი შემოიყვანეთ და აქედან შინ ჯანმრთელი ბრუნდებით, ახლავე გაგწერთ, თუ არა და, კიდევ კარგა ხანს მოგიწევთ აქ ყოფნაო. ერთი კვირა ექიმის ამ წინადადებაზე ვფიქრობდი. ბავშვს დეზინტერია აღარ ჰქონდა, მაგრამ უარესი სჭირდა, ამიტომ მისი მოთხოვნა არ შევასრულე. ბოლოს კი, იძულებული გავხდი დამეწერა ის, რასაც მთხოვდა. აბა, საავადმყოფოში რამდენი ხანი უნდა ვყოფილიყავი? თან, ეს ექიმი ხშირ-ხშირად მიმეორებდა, რომ მაიკო ამ მდგომარეობიდან აუცილებლად გამოვიდოდა. საავადმყოფოდან წამოვედით. ამის შემდეგ ორი თვე რომ გავიდა, იმ ექიმთან მივედი და ვუთხარი: ბავშვი ისევ ცუდად არის და რა გავაკეთო-მეთქი? ჩემი წერილი წინ დამიდო და მითხრა: აბა, კარგად წაიკითხეთ, აქ რა დაწერეთ, როცა საავადმყოფოდან მიდიოდითო... გავმწარდი და ვუთხარი: ღმერთი გადაგიხდის სამაგიეროს ამ ცოდვისთვის-მეთქი.
- შვილი სხვა ექიმთან აღარ მიგიყვანიათ?
- როგორ არა! ვიდრე ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო, მაიკოსთვის არაფერი დაგვიკლია. სად არ დაგვყავდა: მოსკოვში, კიევში, ვილნიუსში. ბავშვის მკურნალობაზე ყველგან უარი გვითხრეს. გვირჩევდნენ, მაიკო ბავშვთა სახლში ჩაგვებარებინა.
- დიდი ხანია, რაც მეუღლე გარდაგეცვალათ?
- უკვე 5 წელია, რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ვიდრე ცოცხალი იყო, ერთმანეთს რაღაცნაირად ვანუგეშებდით, ახლა კი სულ მარტო ვარ, ამხელა ტკივილთან გამკლავება მარტოს მიწევს... დედას შვილი როგორ მიმეტოვებინა? ვერ გავწირე ჩემი სისხლი და ხორცი!
- რუსეთში რა დიაგნოზი დაუსვეს?
- რუსეთშიც და ყველგან, სადაც კი სამკურნალოდ წავიყვანეთ, ცერებრალური დამბლა დაუდგინეს. ვიდრე ათი წლის გახდებოდა, კიდევ არა უშავდა, მაგრამ შემდეგ ძვლების პათოლოგიური მტვრევა დაეწყო. ისე უტყდება, რომ ძვლები გარეთ გამოდის და ამ დროს საშინელი ტკივილები აქვს. ტკივილს ტირილით მაგებინებს. ასეთ დროს გაუჩერებლად, მთელი დღე ტირის. ექიმებმა მასზე საერთოდ აიღეს ხელი.
- ასეთ დროს მის შველას, მისთვის ტკივილის შემსუბუქებას როგორ ცდილობთ?
- ერთი ექიმბაში მოვძებნე, რომელსაც ასეთი შეტევების დროს ვურეკავ. ის მოდის და მაიკო მდგომარეობიდან გამოჰყავს. ის ქალი ჩემს შვილს რაღაც მცენარეული მალამოებითა და ნაყენებით მკურნალობს. ეს ყველაფერი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მე კი ყოველთვის არ მაქვს იმის საშუალება, რომ ექიმბაში გამოვიძახო. არადა, ისეთი ტკივილები აქვს, რომ სიმწრისგან ქვედა ტუჩი მოიჭამა და აღარ აქვს.
- ის ხომ ვერ მოძრაობს და ძვლებს რა უმტვრევს?
- მაგალითად, ძვალი შესაძლოა, პამპერსის გამოცვლის დროს გაუტყდეს. ფეხები ერთმანეთზე აქვს გადაჯვარედინებული. უკვე კუზიც გაუჩნდა. როგორც კი ძვალი ტყდება, ჯერ ტემპერატურა მაღლა უწევს, მერე - ის ადგილი უწითლდება, სადაც მოტეხილობაა. ამჟამად ორივე ფეხი საშინელ მდგომარეობაში აქვს. ისე ვუვლი, რომ ნაწოლები არ გასჩენია. მართალია, ხშირად ვერ ვბან, მაგრამ სველი ხელსახოცებით ვწმენდ და მერე კრემსაც ვუსვამ.
- როგორ იკვებება?
- სანამ 10 წლის გახდებოდა, "სოსკიანი" ბოთლით ვაჭმევდი. ახლა უკვე ყველაფერს დაბლენდერებულს ვაჭმევ. ჭამის პროცესი დაახლოებით, 3 საათი გრძელდება. საკმარისია, ერთი ლუკმა გადასცდეს, რომ შეიძლება, გაიგუდოს. ამიტომ ძალიან ფრთხილად, ნელ-ნელა ვაჭმევ.
- ალბათ მისთვის სამოსის ჩაცმაც გიჭირთ...
- რა თქმა უნდა, მიჭირს. ვცდილობ, დიდი ზომის სამოსი შევიძინო, რათა ადვილად მოერგოს. ექიმები გაოცებას ვერ მალავენ, მაკა ცოცხალი რომ არის. ამბობენ, - ასეთი პაციენტები 4-5 წელზე მეტხანს ვერ ცოცხლობენო. მადლობა ღმერთს, მაკა უკვე 28 წლის არის. წონით 5 კილოგრამამდეა. როცა თავზე ხელს ვუსვამ და ვეფერები, მშვიდდება, მიღიმის.
- მხოლოდ ერთი შვილი გყავთ?
- მეორე შვილის გაჩენაზე არც მიფიქრია.
- როცა რაღაც სჭირდება, ამას როგორ გაგებინებთ?
- როცა წყალი უნდა, პირის მოძრაობას იწყებს, ხოლო როცა შია - ტირილს. მოკლედ, თოთო ბავშვივით არის. ერთი პერიოდი, დაახლოებით 5 წლის ასაკში ძალიან გასუქდა. ექიმებმა მითხრეს, - ნაკლებად კალორიული საკვები მიეცი, წონის მატებას მისი გული ვერ გაუძლებსო. მერე ნელ-ნელა ისე გახდა, რომ ახლა ხორცი საერთოდ არ აქვს. თუ არაფერი სტკივა, რომც არ ეძინოს, არ შეგაწუხებს, არის თავისთვის, წყნარად.
- როცა რაღაცას ეუბნებით ან ეძახით, ესმის?
- ვერ დავადგინე, ჩემი ნათქვამი ესმის თუ არა. თუმცა, როცა წყალი უნდა და ვეუბნები, - არ იტირო, ახლავე მოგიტან-მეთქი, ჩერდება და მელოდება. ერთხელ ექიმმა მითხრა: რატომ წვალობთ, ქალბატონო, არ გირჩევნიათ, რომ ჩააბაროთო?.. ამის თქმა იყო და მაიკომ ისტერიკული ტირილი მორთო. ექიმი გამიჯავრდა, თან - მისაყვედურა: რატომ არ მითხარი, თუ ესმოდა, ეს რა ცოდვაში ჩამადგმევინეთ ფეხიო, - ძალიან შეწუხდა... მეც არ ვიცი დაზუსტებით, რას გრძნობს ან რა ესმის. როცა ძალიან ცუდადაა, მის ექიმს ვურეკავ და მოსვლას ვთხოვ, თუმცა ის სახლში მოსვლაზე უკვე უარს მეუბნება, - არ შემიძლია, თქვენთან რომ მოვდივარ, ცუდად ვხდები. ტელეფონში მითხარი, რა სჭირს და გეტყვი, როგორც უნდა მოიქცეო. თუ სასწაული მოხდა და მოსვლა გაბედა, კართან დადგება და შორიდან უყურებს. ჩემთვისაც ძალიან ძნელია ასე დატანჯული შვილის ყურება, მაგრამ რა ვქნა, შვილს ხომ არ გადავაგდებ? ღმერთს ვთხოვ, დიდხანს მიცოცხლოს.
- რა იცით იმ ექიმის შესახებ, ვისაც თქვენი შვილის ამ მდგომარეობაში ყოფნას აბრალებთ?
- ის ექიმი დღესაც ხილიანზე, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მუშაობს. ამდენი ხანი მისი სახელისა და გვარის ხსენებას ვერიდებოდი, მაგრამ მის ვინაობას მალე დავასახელებ, რადგან შეიძლება, სხვა დედებიც გააუბედუროს... შარშან მაიკოს წითელა შეხვდა და იმ საავადმყოფოში მივიყვანე, სადაც ეს ექიმი მუშაობს. ვნახე და ძველი ამბავიც შევახსენე: ბავშვი დეზინტერიით შემოვიყვანე და აქედან დაინვალიდებული გამატანეთ-მეთქი. - რას ამბობთო? - გაიკვირვა... მაიკოს ცოდვა მას მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მისცემს, ამისთვის აუცილებლად მოეკითხება.
- თქვენ ალბათ ვერ მუშაობთ. საინტერესოა, თავს როგორ ირჩენთ?
- არ ვმუშაობ, რადგან მაიკოს მარტო დატოვება არ შეიძლება. სოციალური დახმარებით და მაიკოს პენსიით ვარსებობთ. მისი ერთი მოტეხილობის მკურნალობა დაახლოებით 500 ლარამდე ჯდება. მეც ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ... შვილის სამკურნალოდ და მისთვის პამპერსის შესაძენად ფული რომ არ მქონდა, სისხლს ვაბარებდი ხოლმე, მაგრამ მერე დიაბეტი დამემართა... ზოგჯერ კომუნალურ გადასახადებს ვერ ვიხდი და ხან შუქს გვითიშავენ, ხანაც - გაზს. მაიკო შუქის გარეშე ვერ ჩერდება და რომ გამოურთო, მთელი ღამე იტირებს. ამ ეტაპზე თელასის ვალი 5.000 ლარი მაქვს. დენს რომ მითიშავდნენ, სადარბაზოში ჩავდიოდი და თვითნებურად ვრთავდი. აბა, რა მექნა, ბავშვს მთელი ღამე ხომ არ ვატირებდი?.. ახლა დავალიანება გადაანაწილეს და თვეში 42 ლარი უნდა გადავიხადო.
- როცა ქუჩაში გასვლა გიწევთ, მაიკოს მარტო ტოვებთ?
- არა, მარტო ვერ ვტოვებ, ჩემი ძმის ცოლს ვუტოვებ ხოლმე... დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემი ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრაში" რომ დაიბეჭდა, ცოტა ამოვისუნთქე, რადგან უამრავმა კეთილმა ადამიანმა მოისურვა ჩემი შვილის დახმარება. მას ყოველდღიურად უამრავი რამ სჭირდება: სპეციალური საკვები, პამპერსები, მედიკამენტები, სველი ხელსახოცები და ა.შ.
- ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ. იმედია, ჩვენი ჟურნალის მკითხველებიც გამოიჩენენ კეთილ ნებას და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებიან.
- ამის დიდი იმედი მაქვს და წინასწარ დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი შვილის სატკივარს გულთან მიიტანს.
სოფო ჭონიშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)