ამერიკელმა ექიმმა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარმა, პოლ ბრეგმა უამრავ ადამიანს გაუწოდა დახმარების ხელი და ჯანმრთელობისა და სრულყოფილი ცხოვრების დაბრუნებაში მხარში დაუდგა. მასვე ეკუთვნის ნაშრომი - "შიმშილობის სასწაული". რაციონალური შიმშილი, ჯანმრთელი კვება, საკუთარ სხეულზე მუშაობა პოლს სულიერი და ფიზიკური გაახალგაზრდავების საშუალებად მიაჩნდა, რის პროპაგანდასაც ცხოვრება მიუძღვნა და ამ ყველაფერს თავადაც იცავდა.
დაბადებიდან თურმე სუსტი იყო, ბევრს ავადმყოფობდა. 12 წლისამ კი ექიმის მეთვალყურეობით შიმშილობა დაიწყო... თავიდან ერთდღიანი, შემდეგ წლებში დღეების რაოდენობა გაიზარდა, ანუ შიმშილობის მყარად დადგენილი ყველა კურსი (1,7,14, 21 დღე) გაიარა. ყოველი შიმშილობის შემდეგ საოცარი სიმსუბუქე ეუფლებოდა, ისეთი, რომ მსგავსი არასდროს განუცდია... მერე კი უკვე გადაწყვიტა, თავი ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდისთვის მიეძღვანა. ხანდაზმულობისას მისი ორგანიზმის სამედიცინო გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მისი ორგანოები 20 წლის ახალგაზრდის მსგავსი იყო. ამიტომ პოლი 120 წლის ასაკამდე გეგმავდა, ეცოცხლა, რომ არა უბედური შემთხვევა - 95 წლისა სერფინგის დაფაზე მდგარი უზარმაზარმა ტალღამ იმსხვერპლა. არადა, ყველა ორგანო მთელი ჰქონდა და კიდევ დიდხანს იცოცხლებდა...
პოლ ბრეგის მეთოდით, მსოფლიოს მასშტაბით ვინ იცის, რამდენ ადამიანს გაუხანგრძლივებია სიცოცხლე. მისი მადლიერები საქართველოში დღემდე არიან. ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ "ნიკოლშოუს" ლიდერი, გია ნიკოლაძე შიმშილობდა. ცხადია, დავუკავშირდით.
- უკვე რამდენიმე წელია, ასე ვშიმშილობ. ახლა 7-დღიანი შიმშილობა მქონდა გამოცხადებული. ისე, ადამიანს ყოველ წელს შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ უპრიანია მაინც 40 წელს გადაცილებულთათვის, რომელსაც შლაკები და უამრავი რამ აქვს ორგანიზმში დალექილი, რაც სხვადასხვა დაავადებების საბაბი ხდება. საერთოდ, 14-დღიან შიმშილობას ვაცხადებ ხოლმე. 7-დღიანი ეს ერთხელ გავაკეთე.
- შიმშილობის პერიოდში მხოლოდ გამოხდილ წყალს იღებ?
- კი, მხოლოდ გამოხდილ წყალს ვსვამ მაშინ, როცა ორგანიზმი მომთხოვს. უბრალოდ, სასურველია 2-3 დღე თავიდან სახლიდან გარეთ არ გახვიდე, რადგანაც სუსტდები. ისე, მაგ შიმშილის დროს კარგი იქნება სადმე ჰაერზე, დასასვენებლად წასვლა, მაგრამ სანამ შიმშილობას დაიწყებ, ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო. ამიტომ, ამ განწყობის შესაქნელად ერთი 10 დღე გჭირდება. ახლა ჩემთვის უკვე ადვილია, პირველი წელი არ არის, რაც ვშიმშილობ, შეჩვეული ვარ.
- ცნობილია, რომ ქეიფი და ალკოჰოლის მიღება გიყვარს. რამ გადაგაწყვეტინა შიმშილობა და როგორ ძლებ მაგ პერიოდში ალკოჰოლის მიღების გარეშე. თან, როგორც ვიცი, არც სიგარეტს ეწევი...
- თავიდან შიმშილობა "პახმელიაზე" დავიწყე, ძალიან ცუდად ვიყავი და რომ არ მოვკვდე, ვიშიმშილებ-მეთქი. დავიწყე თუ არა, 5 საათში, "პახმელიამ" გამიარა და ჩიტივით გავხდი. მაგარი რაღაც არის "შიმშილობა". უბრალოდ ის არის, რომ ექიმებს არ უყვართ, რადგანაც ყველამ სამკურნალოდ რომ იშიმშილოს, მერე წამლები არ გაიყიდება.
- ამ შიმშილობით საბოლოოდ რა შედეგს იღებ?
- სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მაგ პერიოდში საპონიც არ უნდა წაისვა და კბილის პასტა არ უნდა გამოიყენო. კბილები უპასტოდ უნდა გაიხეხო და უსაპნოდ უნდა იბანაო.
- რატომ?
- ადამიანი ბაყაყივით არის, გარეგან საშუალებებს კანიდან იწოვს. მოკლედ, შიმშილობის პერიოდში ორგანიზმმა არაფერი უნდა შეიწოვოს. საპონიც და პასტაც ერთგვარი ბაქტერიაა და მაგ დროს ორგანიზმს მაგას უკრძალავენ და შენც ხელი უნდა უნდა შეუწყო. მთავარია ორგანიზმი რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანო თავის თავის "ჭამაზე". ეს 3-4 დღეში ხდება. თუ კარგად მოიქცევი და ყველანაირ წესს დაიცავ, ყველაფერი კარგად მიდის. მოკლედ, როცა ბაქტერია არ არსებობს, ორგანიზმი თავის თავის ჭამას იწყებს. პირველ რიგში ჭამს შხამებს, მერე გადის კაპილარებში. შიმშილობის პერიოდში ისეთ რაღაცებს ვგრძნობ ხოლმე, რომ გაოცდებით.
- მაინც რას?
- მაგალითად პატარაობაში 3 წლისას ხელი რომ გამიჭრია და იარა დამიტოვა, ისიც კი მწიწკნიდა. აშკარად გრძნობ, რომ გგკურნავს... 6-7 წლის წინ ძალიან ცუდად ვიყავი და თუ გადავრჩებოდი, არ მეგონა...
- რა გჭირდა?
- ყველაფერი მტკიოდა. ნალოთავები ორგანიზმი წარმოიდგინეთ... შიმშილობის შემდეგ ხელახლა დავიბადე. წელიწადში ერთხელ ყველამ რომ იშიმშილოს, შვებას იგრძნობს.
- მხოლოდ 7-დღე უნდა იშიმშილოს?
- თავიდან არის 7. მერე ორგანიზმს თავის ციკლები აქვს. ერთი შვიდიანი ერთ კონკრეტულ ორგანოს არჩენს, მეორე 7 დღე - სხვას. არის 21-დღიანიც და ა.შ. ამჟამად მე უბრალოდ მხოლოდ პროფილაქტიკა ჩავიტარე.
- მოკლედ, პოლ ბრეგის დიეტით მოხიბლულხარ...
- პოლ ბრეგი მაგარი ტიპი იყო. მას ჯანმრთელი ცხოვრების წესი ჰქონდა და ამისკენ სხვებსაც მოუწოდებდა... 95 წლისა გარდაიცვალა. სერფინგზე იდგა და დაიმტვრა თორემ უჯანმრთელესი იყო...
მოკლედ, შიმშილობას რომ დაიწყებთ, მთავარია, არ შეგეშინდეთ. ორგანიზმი სასწაული ყოფილა. თავის თავს სასწაულ რაღაცებს უშვრება... ცხოველს დაუკვირდით, - რაღაც რომ ატკივდება, რამდენიმე დღე ხომ არ ჭამს და ასე იკურნება. ასევეა ადამიანის ორგანიზმიც. თუ იმ პერიოდში ვთქვათ, ჭრილობა გაქვს, შიმშილობას რომ იწყებ, მაშინვე გირჩება...
- სამდღიანი რომ დაიჭირო?
- კი და თავიდან საერთოდ, ერთიც შეგიძლიათ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრიდან "გამოსვლა". ერთმა კაცმა ციხეში 10 დღე იშიმშილა. არ უთხრეს, თუ არ იცოდა, რომ მაშინვე საკვები არ უნდა მიეღო, ერთი ცალი მოხარშული კვერცხი შეჭამა და დაიღუპა.
- "გამოსვლა" რას ითვალისწინებს?
- თავიდან 100 გრამი კომბოსტოს წვენი, 4 ცალი სტაფილოს წვენი და 5 ცალი ვაშლის წვენი უნდა აურიოთ და ის მიიღოთ. მთელი დღის განმავლობაში 200-200 გრამი სითხე ყოველ ორ საათში. ასე გრძელება. მერე კომბოსტო აკლდება და დოზას მომატება უნდა 400-400 გრამს დალევ ყოველ 2 საათში. კუჭი მუშაობას რომ დაიწყებს, აი, მაშინ გშივდება. მანამდე არ გაქვს შიმშილის გრძნობა. ერთი დღე კუჭს საკვებს რომ არ მიაწვდი, იკეტება და აღარ გშივდება. მოკლედ 7 დღე გინდა, რომ "გამოხვიდე". მეოთხე-მეხუთე დღეს დაჭრილ ვაშლსა და ბოსტნეულს შეჭამ. მერე ჰერკულესის ფაფას და მერე წავიდააა (იცინის).
- ორგანიზმს რომ გაიწმენდ, ამხელა ნებისყოფას გამოიმუშავებ, მერე რატომ უბრუნდები იმ მდგომარეობას, რასაც "არეულობა" ჰქვია...
- მევასება, რა... ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს. არაფხიზელ მდგომარეობაში ხელოვნებასთან მეტად ხარ ახლოს. ფხიზელი სხვა რაღაცებზე ფიქრობ. იმიტომ ვშიმშილობ, რომ მერე ჯიგრულად დავლიო. აბა, ისე რა აზრი აქვს ცხოვრებას, თუ არ დალიე, არ მოსწიე, ქალს არ ჩაეხუტე და ხელოვნებაში არ გადავარდი? ერთი სული მაქვს, ღვინოს ძმაბიჭებთან ერთად ჯანმრთელად როდის დავლევ... მინდა, ყველას ვურჩიო, განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებულებს, ყოველ წელს თითო კვირა საპროფილაქტიკოდ იშიმშილონ, დიდ შვებას იგრძნობენ, ორგანიზმის მაგარი განწმენდა ხდება... ერთი კვირა არ შეჭამენ და ეგ არის. შიმშილობის დროს პანიკური შიში, რომ ვაიმე მშია და რა ვქნა, სადღაც ქრება. უბრალოდარ გშივდება. მერე თავისუფალი და სუფთა ხარ. ტვინიც გისუფთავდება...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის