ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ არ დავუშვათ სისხლისღვრა, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
"კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც სახელმწიფოში შეიქმნა, უკრაინის ეკონომიკას და სოციალურ განვითარებას ემუქრება, შეიცავს საფრთხეს სრულიად უკრაინული საზოგადოებისა და თითოეული მოქალაქისთვის", - ნათქვამია ნიკოლაი აზაროვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, ნიკოლაი აზაროვი აღნიშნავს, რომ უკრაინაში არსებული დაპირისპირებისას ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რომ არ დავუშვათ სისხლისღვრა, ძალადობის ესკალაცია, ადამიანების უფლებების დარღვევა. ექსტრემალურ პირობებში ხელისუფლებამ უზრუნველყო ეკონომიკისა და სოციალური დაცვის სისტემა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური კომპრომისის დამატებითი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, უკრაინის პრეზიდენტს უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების თხოვნით მივმართო", - ნათქვამია ნიკოლაი აზაროვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.