"რატომ უნდა შეუერთდეს დასავლეთი უკრაინელ პროტესტის მონაწილეებს", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას. აღნიშნული განცხადების თარგმანი მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, უკრაინაში აქციის მონაწილეები არ გვანან სხვა ქვეყნის დემონსტრანტებს, რომლებსაც სოციალური მოთხოვნები აქვთ ან კორუფციული მმართველობის წინააღმდეგ გამოდიან. მისივე თქმით, უკრაინაში ნოემბერში დაწყებული პროტესტი, რომელსაც ბოლო დღეებში ძალადობა მოემატა, 21-ე საუკუნის პირველი გეოპოლიტიკური რევოლუციაა, რომლის მომსწრეებიც ჩვენ ვართ.
"ცეცხლოვანი ხაზი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში ათასობით მომიტინგესა და იანუკოვიჩის რეჟიმის პოლიციას ყოფს, არის გამყოფილი ზოლი ორ იდეოლოგიას, მსოფლიოს ორ ხედვასა და ცხოვრების ორ არჩევანს შორის: დამოუკიდებლობა და დასავლური დემოკრატია თუ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ვლადიმერ პუტინმა საკუთარ თავს უფლება მისცა ჩაეთვალა, რომ აშშ და ევროპა ჩაფლული არიან მსოფლიოს სხვადასხვა კრიზისებში. მისივე თქმით, იგი საკმაოდ გაძლიერდა იმ წარმატებით, რომელსაც მიაღწია სომხეთსა და საქართველოში ისევე, როგორც თავად უკრაინაში, სადაც 2010 წელს განდევნა ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგად ფორმირებული, მისთვის საძულველი მთავრობა.
"პუტინი დარწმუნებული ჩანდა, რომ დასავლეთს საბოლოოდ ხელიდან გამოაცალა პოსტ-საბჭოთა რეგიონი, რომელიც მის ბუნებრივ სამფლობელოდ მიაჩნდა. ბატონი პუტინისთვის, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, უკრაინის მთავრობის მიერ ნოემბერში ბოლო წამს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების არმოწერაც კი, მისი გეოპოლიტიკური თამაშის ტრიუმფად წარმოჩინდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი ფაქტორი ჩაერთო – უკრაინელი ხალხის ლტოლვა იცხოვრონ დემოკრატიულ, ღია და ევროპულ საზოგადოებაში, რომელსაც სუფთა მთავრობა მართავს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ რასაც რუსეთისა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის ბატონი პუტინი განასახირებს, ფესვებს ძველ კგბ-ში ჰპოვებს, რომელიც რუსეთში არსებულ ყველა პოლიტიკურ თუ პარტიულ ჯგუფზე ძლიერი ძალა. მისივე თქმით, კგბ-ს სიძლიერე დამყარებულია ტყუილზე, ძალადობასა და ცინიზმზე, რომელიც არსებული რუსული რეჟიმის დამახასიათებელ ნიშნად იქცა.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, კრემლის თვალთახედვით, რუსეთს არა აქვს საზღვრები. მას აქვს მხოლოდ პერიფერიები, რომლებიც სამუდამო კორუფციით, ქაოსითა და წარუმატებლობით იქნებიან მოცულები და ვერასოდეს შეძლებენ შექმნან საკუთარი, ქმედითი, დემოკრატიული სახელმწიფო.
"უკრაინული ჰიმნი, რომელსაც პროტესტის მონაწილეები ამ დღეებში მხურვალედ მღერიან, ამ სტროფს შეიცვას" მოდი, დავუმტკიცოთ ყველას, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ საკუთარი ბედის განმკარგველები" – აი, სწორედ ამას აკეთებდნენ ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინელები, აღმოსავლეთ ევროპის რეკორდულ სიცივეში. რასაც ისინი ეძებენ, არის თავისუფლება აირჩიონ მათი ცხოვრების წესი. გასულ თვეს, როდესაც მე კიევში ვიყავი, შევხვდი ოპოზიციის მთავარ ლიდერს, ვიტალი კლიჩკოს. ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში განვიხილავდით არა იმდენად აქციებს, რამდენადაც თავად უკრაინის მომავალს. ბატონ კლიჩკოს სურს, ისწავლოს ქართული მაგალითიდან, ჩემი პრეზიდენტობის დროიდან, თუ როგორ უნდა დამარცხდეს კორუფცია და ნეპოტიზმი, როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო ინსტიტუტის რეფორმირება და აშენდეს ისეთი უკრაინა, როგორზეც იგი ოცნებობს. ვიტალი კლიჩკოს დიდი ხანია ვიცნობ და შემიძლია დავადასტურო, რომ ყოფილი მსოფლიო კრივის ჩემპიონი მძიმე-წონით კატეგორიაში, ამავე დროს, არის მოაზროვე და სწრაფად მზარდი პოლიტიკოსი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს სუფთა წარსული, რაც უკრაინულ პოლიტიკაში იშვიათი მოვლენაა. დეკემბერში, როდესაც ჩვენ შევხვდით, განსაკუთრებით განცვიფრებული დავრჩი მისი მასშტაბური ხედვით, რომელიც მთელი ქვეყნის დემონსტრანტთა მისწრაფებებს ასახავს. კიევში მომავალი გადაწყვეტილია. დემონსტრანტთა ტრიუმფი საბოლოო დაღს დაასვამს პუტინის ოცნებას რუსეთის იმპერიის აღდგენასთან დაკავშირებით. მათი დამარცხება კი ევროპული გავლენისა და ღირებულებების უდიდეს უკუსვლას ნიშნავს. ამერიკის შესაძლებლობები კი, რომელიც რეგიონში ისედაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, გაქრება. ეს პუტინმა იცის. ეს უკრაინის მამაცმა მოქალაქეებმა იციან", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
მისივე თქმით, ამიტომაც არის, რომ 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციისგან განსხვავებით, ამჯერად ქუჩებში სისხლი დაიღვარა. პოლიციამ დემონსტრანტები მოკლა, ღიად და დაუფარავად ჩაიდინა წამება, ხშირია ცნობები აქტივისტთა გაუჩინარების შესახებ. დასავლური ქვეყნების მხრიდან შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის.
როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, ის საკმაოდ კარგად იცნობს ვლადიმერ პუტინს და ამიტომ იცის, რომ ამ სადამსჯელო ღონისძიებების უკან სწორედ პუტინი დგას ისევე, როგორც მისი ხელი ურევია ბაშარ ალ-ასადის მიერ მოწყობილ მასობრივ ხოცვასა და ირანის ატომური იარაღის პროგრამაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, დროა, პასუხისმგებლობა დაეკისროს ნათლიმამას და არა მხოლოდ მისი კლანის წევრებს. მისივე თქმით, კრემლი არის ყველა პრობლემის საფუძველი, რაც დასავლეთს ტანჯავს.
"ამ დღეებში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა, პატრიარქმა ფილარეტმა ხმამაღალი განცხადება გააკეთა ერთ-ერთი ინციდენტის შესახებ, რომელმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. უკრაინელი კაზაკი დემონსტრანტი თავზეხელაღებულმა პოლიციამ დააკავა, სცემა, ტანსაცმელი შემოახია და დაამცირა. შემდეგ კი აიძულა, ყინვაში შიშველი დამდგარიყო. პატრიარქი ფილარეტის თქმით, სწორედ ეს შიშველი კაზაკი არის უკრაინის სიმბოლო" გაშიშვლებული, ნაწამები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაყი და ღირსებით აღსავსე, რომელიც არ ნებდება სასტიკ ძალას. დემოკრატიულმა სამყარომ ეს კაზაკი სიცივეში გარეთ არ უნდა დატოვოს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, ახლა მოქმედების დროა და რა შეიძლება გაკეთდეს? დასავლეთმა უკვე დაგმო იანუკოვიჩის ძალადობრივი ქმედებები, მაგრამ მხოლოდ სიტყვები არ კმარა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სანქციები უნდა დააკისრონ უკრაინის ხელისუფლებასა და მის მხარდამჭერ ოლიგარქებს – სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ძალადობრივ ქმედებებზე. ეს სანქციები უნდა მოიცავდეს სავიზო მიმოსვლის აკრძალვებსა და უცხო ქვეყნის საბანკო ანგარიშების გაყინვას. მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის კლიჩკო უნდა მიიწვიონ მაღალი რანგის ვიზიტებზე ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში; ამასთანავე მოსკოვმა პირდაპირი გაფრთხილება უნდა მიიღოს, რომ შეწყვიტოს უკრაინის საქმეებში ჩარევა.
"1991 წლის აგვისტოში უფროსი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის სიტყვა, რომელსაც "კიევური კოტლეტი" უწოდეს, მიმართავდა უკრაინასა და საბჭოთა რესპუბლიკებს არ ებრძოლათ დამოუკიდებლობისა და დასავლეთთან ინტეგრაციისთვის. ახლა კი, ორი ათწლეულის შემდეგ, დასავლეთმა კვლავაც არ უნდა გააჟღეროს მსგავსი გზავნილი იმ ხალხის მიმართ, რომელმაც წარმოაჩინა დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა. სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს. იმედი ვიქონიოთ, რომ ვაშინგტონი, პარიზი, ბრიუსელი, ბერლინი და ლონდონი უდიდესი ყურადღებით მოეკიდებიან ამ ფაქტს, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.