რატომ მკაცრდება სანქციები პატიმრების მიმართ? რატომ გახდა საჭირო "პატიმრობის კოდექსში" ცვლილებების შეტანა ახლა და რა შემთხვევაში იქნება სანქციები გამოყენებული?
"პატიმრობის კოდექსში" შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტის მიხედვით, ხელბორკილისა და დამაწყნარებელი პერანგის გარდა, პატიმრის მიმართ დასაშვები ხდება, ისეთი ტიპის სპეციალური საშუალებების გამოყენება, როგორიცაა: დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეტალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი და სასამსახურო ძაღლი. საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა. სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ახალი კოდექსი ჰუმანიზმისკენ არის მიმართული და სრულ შესაბამისობაშია ევროპულ და გაეროს მინიმალურ სტანდარტებთან.
არის თუ არა ხალი კოდექსი მართლა ჰუმანური?
"ალიას" ესაუბრება უფლებადამცველი, ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი.
- აღნიშნული სანქციების გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია. მსგავსი სანქციები, ბუნებრივია, მოქმედებს დასავლური ქვეყნების ციხეებშიც, თუმცა იქ მკაცრად არის განსაზღვრული, რა შემთხვევაში აქვს ციხის ადმინისტრაციას პატიმრების წინააღმდეგ მსგავსი სანქციების გამოყენების უფლება. მაგალითად, ციხეში ბუნტის დროს, რომ გამორიცხულიყო საბრძოლო ტყვიების გამოყენება, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, საჭიროა გამოყენებულ იქნას რეზინის ტყვიები. ეს ცვლილება მისასალმებელია. წინა ხელისუფლება იყენებდა ცეცხლსასროლ იარაღს და არავის უფიქრია, შეცვლილიყო ის რეზინის ტყვიებით. კოდექსში პირდაპირ უნდა ჩაიწეროს, რომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იქნას გამოყენებული მხუთავი გაზი ან რეზინის ტყვიები. ასეთი სანქცია უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მასობრივი არეულობის დროს, ან როდესაც პატიმრების მხრიდან არსებობს რეალური საფრთხე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლის ან სხვა პატიმრის სიცოცხლის ხელყოფის.
- სუბარმა განაცხადა, რომ ყველა შენიშვნა, რომელიც მათ უფლებადამცველებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მისცეს, გათვალისწინებულია. თქვენ წლებია, პატიმართა უფლებებს იცავთ, იყავით ამ პროცესში ჩართული?
- არა, მე არ ვყოფილვარ ჩართული ამაში. ჩვენთვის არავის წარმოუდგენია ცვლილებათა პაკეტი და პირველად ამის შესახებ ტელევიზიით გავიგე, როდესაც უკვე ჩამოაყალიბეს ცვლილებები. ზოგადად, კარგია მსგავსი კოდექსის მომზადება, რადგან, როგორც ჩანს, ხელისუფლება აღარ გეგმავს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ციხის ბუნტის აღსაკვეთად.
- აღნიშნული სანქციები რაიმე საფრთხის შემცველი ხომ არ არის?
- ბუნებრივია, ცვლილებები შეიცავს საფრთხესაც, ვინაიდან შესაძლოა, სანქციები არასაჭირო დროს იქნას გამოყენებული, მაგალითად, ერთი ან ორი პატიმრის დაუმორჩილებლობის დროს, ციხიდან რამდენიმე პატიმრის გაქცევის მცდელობისას, ან შიდა ნორმების დარღვევაზე. მსგავსი ქმედების დროს დაუშვებელია ამ სანქციების გამოყენება, როდესაც საქმე რამდენიმე პატიმარს ეხება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ კანონში მკაცრად უნდა იქნას გაწერილი, რა შემთხვევაში იქნება დასაშვები აღნიშნული სანქციების გამოყენება. ეს სანქციები პატიმრების დასათრგუნად და დასაშინებლად კი არ უნდა იქნას გამოყენებული, არამედ წესრიგის დასამყარებლად. ამიტომ მკაცრად და სწორად უნდა იქნას კანონში გაწერილი ყოველი იარაღის გამოყენების აუცილებლობა და დასაშვებლობა. დასავლეთის ქვეყნებში მსგავს სანქციებს პატიმრების წინააღმდეგ იყენებენ მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს, ეს არის ციხის ბუნტი, ადმინისტრაციისთვის რეალური საფრთხის შექმნა, მასობრივი გაქცევის მცდელობა, ან პატიმრების მხრიდან ერთმანეთის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა. ციხის ბუნტისა და მასობრივი გაქცევის დროს მსგავსი სანქციების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც პროცესში ათეულობით ადამიანი მონაწილეობს, ნახევარი ციხე, ან პატიმართა მთელი შემადგენლობა. არაფრით არ უნდა მოხდეს, რომ სანქციები ერთი, ორი ან თუნდაც ხუთი პატიმრის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.
მოექცევა თუ არა სანქციების გამოყენება ჩარჩოებში?
"ალიას" ესაუბრება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე:
- ნებისმიერი იძულების საშუალების გამოყენება უნდა იქნას დაცული პროპორციულობის პრინციპით. თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების აღსაკვეთად საკმარისია უფრო მსუბუქი იძულების საშუალების გამოქვეყნება, უნდა გამოიყენო მათგან ყველაზე უფრო მსუბუქი, რომლითაც შესაძლებელია აღკვეთა სამართალდარღვევისა. თუკი აღნიშნული ნორმა საკმარისი არ არის, მხოლოდ მაშინ შეიძლება უფრო მკაცრი სანქციის გამოყენება. ეს არის ზოგადი პრინციპი, რომლის დაცვის ვალდებულებაც აქვს ნებისმიერ შემსრულებელს მიუხედავად იმისა, არის თუ არა კონკრეტულად გაწერილი, რა შემთხვევაშია დასაშვები ხელკეტის გამოყენება, რა შემთხვევაში აირის, ან რეზინის ტყვიის. იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ძალის შესაძლო გადამეტება, რომლის მიზეზიც შეიძლება იყო სხვადასხვა, მათ შორის უცოდინრობა, ან სიტუაციის არასწორად შეფასება, უმჯობესია, მაქსიმალურად ზუსტად გაიწეროს, რა შემთხვევაში რა შეიძლება იქნას გამოყენებული. ზოგადი პრინციპია ისიც, როდესაც ადამიანი არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამ დროს სანქციის, მით უფრო მკაცრი სანქციის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვვაში. ჩვენი კომიტეტის მხრიდან აუცილებლად იქნება ეს ყველაფერი განსაზღვრული და გათვალისწინებული. ბუნებრივია, რა მოხდება ციხეში, რას იზამს კონკრეტული პატიმრების ჯგუფი, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია და ყველა შესაძლო შემთხვევა ვერ გაიწერება კანონში, მაგრამ უნდა ჩანდეს ჩარჩოები, რა შემთხვევაში რა უნდა გამოიყენო. მით უფრო, უნდა იყოს გაწერილი იმ სანქციის გამოყენება, რასაც შეუძლია მძიმე შედეგის მოტანა და ასეთია თუნდაც რეზინის ტყვია. ამიტომ ბუნებრივია, ჩარჩოებში იქნება ნებისმიერი სანქცია მოქცეული, მაგრამ ყველა შესაძლო შემთხვევა კანონში ფიზიკურად ვერ გაიწერება.
შორენა გოგოლაძე