"რუსეთის ჯავახკის დიასპორა" საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე სირიელი სომხების ჩამოსვლას და დროებით დასახლებას ხელი არ შეუშალოს. ამის შესახებ ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა.
"თხოვნით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და მის გულკეთილ ხალხს - იძულებითი იმიგრაციის შემთხვევაში, ხელი არ შეუშალოს სამცხე-ჯავახეთის მხარის ტერიტორიაზე სირიელი სომხების ჩამოსვლასა და დროებით ბინადრობას. გთხოვთ განიხილოთ მატერიალური დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა იძულებით გადმოსახლებული პირებისათვის" , - ნათქვამია მიმართვაში.
უცნობია, ნამდვილად გეგმავენ სირიელი სომხები საქართველოში ჩამოსვლას თუ ეს აღნიშნული ორგანიზაციის პირადი ინიციატივაა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ რუსეთის ჯავახკის დიასპორის განცხადების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. პოლიტოლოგი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, აღნიშნულ განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ სირიაში იმ რაოდენობის სომეხი არ ცხოვრობს, სომხეთმა რომ ვერ "დაიტიოს".
სირიაში საომარი მოქმედებების გამო ქვეყანა ათიათასობით სომეხმა დატოვა. გავრცელებული ცნობით, იქ არეულობამდე დაახლოებით, 200 000 სომეხი ცხოვრობდა. ვითარების გაუარესების შემდეგ კი სირიელი სომხების ნაწილი დროებით სომხეთში გადასახლდა, ნაწილი კი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.