სულ მალე, ქართული ენის გადარჩენისა და განვითარების მიზნით, საქართველოში უნიკალური თანამედროვე პროგრამა "ქართული ენის ეროვნული კორპუსი" დაინერგება. პროგრამას ფრანკფურტიდან თებერვლის ბოლოს ჩამოიტანენ. პროექტი გოეთეს უნივერსიტეტის ქართველი პროფესორის მანანა თანდაშვილისა და უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით განხორციელდა. რაში მდგომარეობს "ქართული ენის ეროვნული კორპუსის" არსი და უნიკალურობა, ამაზე პროექტის ხელმძღვანელი, პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი ფრიდონ საყვარელიძე გვესაუბრება:
- ქართული ენის ეროვნული კორპუსი არის ენის არსებული რესურსების უზარმაზარი ელექტრონული საცავი, რომელიც აღჭურვილია მძლავრი საძიებო სისტემებით. ის გააერთიანებს ქართულ წერილობით ძეგლებსა და უახლესი ქართული ენის წერილობით და ზეპირმეტყველების ნიმუშებს. ქართველი ერისთვის ეროვნული კორპუსის შექმნა ისეთივე კულტურული გამოწვევაა 21-ე საუკუნეში, როგორიც თავის დროზე იყო ანბანის შექმნა, საღმრთო წერილის თარგმნა ან ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. მას აფინანსებს "ფოლკსვაგენის" ფონდი და სერიოზული, ორმილიონიანი პროექტია. ქართული ენის ეროვნული კორპუსის ის ნაწილი, რომელიც შექმნილია გერმანიაში, 132 მილიონ ტოკენს, ანუ სიტყვა-ფორმას (სიტყვა ყველანაირ ფორმასა და ბრუნვაში) მოიცავს, თუმცა არ არის დასრულებული. საქართველოში ეს კვლევა დაახლოებით 10 წელია მიმდინარეობს. კორპუსი უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი მთლიანი, მაგრამ ის შეიძლება იყოს ჟანრობრივი. მაგ. შეიძლება არსებობდეს "ვეფხისტყაოსნის" კორპუსი, რომელიც ყველა სიტყვას მოიცავს, რაც კი ამ პოემაშია. ასევე, შეიძლება არსებობდეს პრესის კორპუსი - რაც კი ყოველდღიურად ქართულ პრესაში დაიწერება, ავტომატურად წავა კორპუსში. ფრანკფურტის უნივერსიტეტში არიან საქართველოზე შეყვარებული ადამიანები, ქართველოლოგი იოსებ გიბერტი და პროფესორი მანანა თანდაშვილი, რომელთაც დიდი შრომა და გულმოდგინება გასწიეს და სახელმწიფო დაარწმუნეს ამ პროგრამის სიკეთეში. ახლახან ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა კაბინეტი, რომელსაც ჰქვია ქართული ენისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი. ქართული ენის კორპუსის ის ნაწილი, რომელიც მომზადებულია გერმანიაში, ჩამოვა და განთავსდება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ენა ცოცხალი ორგანიზმია და სულ ვითარდება, ასე რომ, კორპუსის შექმნა არასდროს დამთავრდება. მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება ენის ნორმალიზაცია-სტანდარტიზაცია. მაგ. თუ გვინდა გავარკვიოთ, სიტყვის ფორმა სწორია თუ არა, ავიღოთ მარტივი მაგალითი - "დაუდევს" არის სწორი ფორმა, "დაუდვია" - არასწორი. კორპუსის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ, ბოლო 10 წლის განმავლობაში რამდენჯერაა ნახმარი ორივე მათგანი. თუ გამოირკვა, რომ "დაუდვია" ნახმარია 10 000-ჯერ, "დაუდევს" კი 2000-ჯერ, მაშინ ენათმეცნიერები სერიოზულად დაფიქრდებიან, ხომ არ ჯობია, ის ფორმა ვიხმაროთ, რომელსაც მეტად იყენებენ. პროგრამის მომხმარებელი შეიძლება იყოს როგორც სკოლის მოსწავლე, ისე პენსიონერი, ვინაიდან ნებისმიერი რამის გამოკვლევა შეიძლება - სოციოლოგიური, პოლიტიკური, ლინგვისტური...
- რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული ენა და რატომ ფიქრობთ, რომ მას გაქრობა ემუქრება?
- ვგულისხმობ იმას, რომ ახალი ტექნოლოგიების შემოსვლამ შეიძლება 50-60 წლის შემდეგ ენების უმრავლესობა გააქროს. თანდათან შემოდის "ჭკვიანი ნივთები" (სმარტ ტჰინგს), რომლებიც იმ ენაზე ფუნქციობს, რომელმა ქვეყანამაც ის გამოუშვა, ან რომელი ენაც ჩატვირთა მასში. ეს ნივთი კედელზე გვაქვს მიმაგრებული და ვეუბნებით: აბაზანაში დამრჩა სინათლე და ჩააქრე. მას იმ ენაზე უნდა უთხრა, რომელი ენებიცაა მასში ჩაპროგრამებული - ინგლისურად ან ჩინურად. ასეთი ნივთები ჩვენთან ნელ-ნელა შემოდის და 5 წელიწადში აღარავის გაუკვირდება. ჩვენ თუ არა, ჩვენი შვილები ისწავლიან იმ ენას და დაეკონტაქტებიან. ვინც არ იცის, სადილი როგორ მოამზადოს, ნივთი უკარნახებს ინგლისურად, ანუ საყოფაცხოვრებო ქართული ამოვარდება, შემდეგ კი სალიტერატურო ქართულსაც შეექმნება პრობლემა. პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში არის ჯგუფი, რომელიც ამაზე მუშაობს. ჩვენ კორპუსის დახმარებით, თანამედროვე ტექნოლოგიებს გავაქართულებთ, რასაც სჭირდება მძლავრი ლექსიკონები. დავუშვათ, ხვალ მიგვიღეს ევროკავშირში, ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით, ყველა კანონი, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, ვთარგმნოთ 25 ენაზე და გავუგზავნოთ მათ. არის საქართველოში დღეს იმის რესურსი, რომ მაგ. სლოვაკურად ითარგმნოს ამდენი კანონი? საჭიროა სპეციალისტებისა და ორენოვანი ლექსიკონების მომზადება. ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ. მემორანდუმის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს ფარგლებს გარეთ შექმნილი ელექტრონული რესურსების გაერთიანება. თებერვლის ბოლოს ჩამოვა უცხოეთიდან სერვერები და მზად იქნება ფართო მოხმარებისთვის. ენის კორპუსი პარლამენტს დაექვემდებარება და ზოგიერთ ქვეყანაში თუ ის კომერციულია, ჩვენთან ეს კვლევები ნებისმიერი მსურველისთვის სრულიად უფასო იქნება.
ესაუბრა ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)