"ა გძე უ ნას პრაკურორ? ვ ვასმოი პალაწე, ტამ, გძე რანშე ბილ ნაპოლეონ!" ნაპოლეონის რა მოგახსენოთ, და ჩვენს შემთხვევაში მაგ პალატაში ადრე ფარცხალაძე იყო, სადაც 2014 წლის 21 იანვარს გიორგი ბადაშვილი შეიყვანეს. პარლამენტსა და მთავრობას ხაზგასმით უნდა ვუთხრათ, სადაც ახალ "პროკურატორზე" წარმოდგენა არ აქვთ, რომ ჩვენი ახალი პროკურორი გვარად ბადაშვილია, ბა-და-შვი-ლი! თორემ კაცი კი დაინიშნა, მაგრამ მისი გვარი დღემდე უმრავლესობისთვისაც და იგივე მედიისთვისაც გაურკვეველია. დანიშვნის დღესვე ალასანიამ გამოაცხადა, ეს ბადალაძე ნამდვილად გვასახელებსო. ბადაშვილ-პროკურორს თავის საკუთარ დეკლარაციაში ერთგან ბადალაშვილადაც მოიხსენიებენ, ხალხი ბადაევს ეძახის და აღარა კმარა? ამ კაცის ასავალ-დასავალი მთელ სამყაროში ერთ ადვოკატ გიორგი ნოზაძეს სცოდნია და, ეტყობა, არც ის არის მასზე მაღალი წარმოდგენის, რადგან პირველივე დღესვე გამოვარდა და იყვირა, ეგაო, ის კაციაო, ვინც სამსახურიდან უკანონოდ გამომაგდო და ვის ირჩევთ პროკურორად, დაფიქრდითო.
გიორგი ბადაშვილი რამდენიმე კვირის წინ შესრულდა 32 წლის, უცოლოა და, როგორც გავარკვიეთ, ოჯახი სავსე ჰყავს "სიშჩიკებით": მამა - პროკურორია, ბებია - მოსამართლე, იმ ბებიის "აწეც" და "კიდომ ივო ივო აწეც" ყველა იურისტია. ასე რომ, თუ არ გვინდოდა უდიპლომო ფარცხალაძე, მივიღეთ კარენოი იურისტი ბადაშვილი. ეს კაცი საზოგადოებას თავიდანვე იმით მოეწონა, რომ ნუგზარ (წუკლარ) წიკლაურს არ მოეწონა და განაცხადა: "ეს ადამიანი საერთოდ უცნობია იურიდიული წრეებისთვის, ის უშუალოდ ფარცხალაძემ წარადგინა და ამით ფარცხალაძე მაინც შეინარჩუნებს არაფორმალურ კონტროლს პროკურატურაზე. ბადაშვილი არაფერს წარმოადგენს პროკურატურისთვის და ამდაგვარი კადრი ხელს ვერ შეუწყობს ამ უწყების მიმართ შელახული ნდობის აღდგენასო".
რას ამბობ, ნუგზარ, შენ ხომ ხარ ცნობილი და შენს ცნობადობას კი ბადაშვილის უცნობობა ურჩევნია ხალხს! ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც.
მოკლედ, უცნობი გიორგი ბადაშვილის დეკლარაცია შემდეგია:
საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი დაბადებულია საქართველოში, თბილისში, 1981 წლის 12 დეკემბერს.
მამა ნუგზარ ბადაშვილი, დაბადებული ყაზბეგში, 1958 წლის 24 ივნისს.
დედა დალილა გეგეჭკორი, დაბადებული ბათუმში, 1957 წლის 9 ოქტომბერს.
და ნინო ბადაშვილი, დაბადებული თბილისში, 1987 წლის 17 ივნისს.
დეკლარაციის მიხედვით, ჩვენი ჩინოვნიკი შემდეგ უძრავ ქონებას ფლობს:
გიორგი ბადაშვილი, ბინა საქართველოში, თბილისში, ნუცუბიძის ფერდობი, მე-5 მიკრორაიონი, კორპუსი 2, სართული 7. ფართ. 48.00 კვ.მ.
ნუგზარ ბადაშვილი, ავტოფარეხი, თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა #10, ფართობი 28,40 კვ.მ.
ნუგზარ ბადაშვილი, არასაცხოვრებელი ფართი თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. #10. ფართობი 26,30 კვ.მ.
ნუგზარ ბადაშვილი, მიწის ნაკვეთი თბილისი, სოფელი გლდანი, ფართობი
1 000.00 კვ.მ.
ნუგზარ ბადაშვილი საცხოვრებელი ბინა თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩა, #10, ფართობი 104.00 კვ.მ.
ნუგზარ ბადაშვილი არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩა, #10, სარდაფი, ფართობი 9,40 კვ.მ.
ნუგზარ ბადაშვილი, არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩა, #10, სარდაფი, ფართობი 30.00 კვ.მ.
ნუგზარ ბადაშვილი 35% არასაცხოვრებელი ფართი თევდორე მღვდლის ქუჩაზე #10, ფართობი 108.00 კვ.მ.
ნუგზარ ბადაშვილი ავტოფარეხი თევდორე მღვდლის ქუჩაზე, #10, ფართობი 30,00 კვ.მ.
ნუგზარ ბადაშვილი, არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, თევდორე მღვდლის ქ. #10 ფართობი 7.00 კვ.მ.
ნუგზარ ბადაშვილი, მიწის ნაკვეთი საქართველოში, საგარეჯოში, სოფელი მანავი, ფართობი 143 097.00 კვ.მ.
ჩინოვნიკს ოჯახის მოძრავ ქონებაში აღნიშნული აქვს მამის ნუგზარ ბადაშვილის მსუბუქი მანქანა, ჰონდა ცრე 1997-წლიანი.
"საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშის გრაფაში" ვკითხულობთ:
გიორგი ბადაშვილი "საქართველოს ბანკი" მიმდინარე 5 200.00 ლარი.
გიორგი ბადაშვილი, "ლიბერთი ბანკი", მიმდინარე 4000.00 ლარი.
გიორგი ბადაშვილი, "ბაზის ბანკი", საკრედიტო 2200.00 ლარი
ნუგზარ ბადაშვილი, "თიბისი ბანკი", სახელფასო 400.00 ლარი.
ნუგზარ ბადაშვილი, "თიბისი ბანკი", მიმდინარე 15000.00 ამერიკული დოლარი.
დალილა გეგეჭკორი, "ლიბერთი ბანკი", სახელფასო 1500.00 ლარი.
ნინო ბადაშვილი, "საქართველოს ბანკი", სახელფასო 1000.00 ლარი.
დალილა გეგეჭკორი, "თიბისი ბანკი", მიმდინარე 15000.00 ამერიკული დოლარი.
ნაღდი ფული, რაც დეკლარაციის შევსების დროს ჰქონდა ხელთ მთავარ პროკურორს, ესაა 8500.00 ლარი.
"საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში თქვენი, ან თქვენი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაო, სამეწარმეო საქმიანობის გარდა":
გიორგი ბადაშვილი ფინანსთა სამინისტრო, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთ. სამმართველოს მე-2 სამმართველოს უფროსი, 46 822.00 ლარი
ნუგზარ ბადაშვილი შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", იურისტი, 8223.00 ლარი.
დალილა გეგეჭკორი, თბილისის 116-ე საჯარო სკოლა, პედაგოგი. 4191.00 ლარი.
ნინო ბადაშვილი შპს თბილისის პარკი, ოფის-მენეჯერი, 7258.00 ლარი.
"საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თქვენი, ან თქვენი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული ხელშეკრულება, რომლის საგანიც აღემატება 3000 ლარს", ეს გრაფა კი ასეა შევსებული:
გიორგი ბადაშვილი, იპოთეკური სესხი, 36 800.00 ამერიკული დოლარი, "ბაზისბანკი" 9240.00 (გასავალი).
ნუგზარ ბადაშვილი სამომხმარებლო სესხი "ვითიბი ბანკიდან" 4000.00 ლარი და ბოლოს, ჩვენი ახალი პროკურორი, ცხადია, დეკლარაციის მიხედვით, არ იღებს ძვირფას საჩუქრებს.
ნუცუბიძის მე-5 კვარტალის შემდეგ თბილისი აღარ არსებობს, რაღა უშგული და რაღა მე-5კვარტალი. მთავარი პროკურორის სახლს კი იოლად ვპოულობ, მაგრამ აქ ბადაშვილზე კაცმა არ იცის არაფერი: "კტო ონ ტაკოი, ი კუდა უშოლ". უცნაური მეზობლები ჰყოლია ჩვენს ჩინოვნიკს, თუკი ის აქ ნამდვილად ცხოვრობს: კარს ან არ აღებენ ("ბანდიტების გვეშინია, გენაცვალე!"), ან თვალებს მაღლა ააპყრობენ და გვარ ბადაშვილს რამდენჯერმე იმეორებენ, მაგრამ გონება მესიჯს რომ ვერ უგდებს, კარს ცხვირწინ მიჯახუნებენ. ერთადერთი გაუპარსავი, მეჩხერკბილებიანი კაცი დამამახსოვრდა, ვინც უპრობლემოდ დამელაპარაკა ("შემო, გენაცვალე, მაგ ბანდიტებს ჩემი ეშინოდეთ, ვინ იცის, სტოლქვეშიდან ვერ გამომყავდეს!") და დაბეჯითებით მითხრა, რომ აქ ეგეთი კაცი, 31 წლის პროკურორი ბადაშვილი არ ცხოვრობს.
- სადღაც გავიგე, რომ ეგ ბადაშვილი იყო თავის დროზე ფარცხალაძის ხელის ბიჭი და გამოზრდილი. ნახე, ისე დანიშნეს, წულუკიანს არ ეუბნებიან. მაგისი ფარცხალაძეც ეგრე დანიშნეს და ეგეც. ეგ ისეთებთან მუშაობდა, ხალხს სიზმრებს რომ ანახვებდნენ "ზაკაზით" და მერე ისინი რომ გარბოდნენ პროკურატურაში და ქონებას რომ იჩუქებოდნენ, აი, წაიღეთ, მოიხმარეთ მშვიდობაშიო! მაგათ ეგ ეამაყებათ, მაგ სისტემაში რომ დიდი ხანია მუშაობს, მაგრამ ეგ პლუსი სულაც არ არის. სააკაშვილის დროს, გენერალურ პროკურატურაში რომ იმუშავებდი, გინდა საყვარელიძესთან, გინდა მისნაირებთან, ეგ კაია? თან საჯარო სამსახურში რომ მიგიღონ, ბოლო სამი წლის სტაჟი უნდა გქონდეს და ბოლო სამი წელი (ხარხარებს) ჩემნაირები კარავში და ქუჩაში ეყარნენ რუსთაველზე და ეგაა ჩემი სტაჟი! ბევრი შემომჩივის მაგას, რომ იცოდე, თან ძაან მტკივნეულად. ამბობენ, სუფთააო და სუფთა როგორ არის?
- შეიძლება, იმ სამსახურებშიც თავი ზოგიერთმა შეინარჩუნა...
- მეტ-ნაკლებად! ახლა რომ არიან წამოჭიმულები პარლამენტში, ეგენი არ ამბობდნენ, სიჩუმეც დანაშაულიაო? გამოდის, ვიღაცა გაყურსული თუ იჯდა სადღაც და მუშაობდა თავისთვის, თავისი კოლეგების დანაშაულს რომ ხედავდა, ეს არ იყო დანაშაული? მაგ ლოგიკით ეგ კაცი დამნაშავეა. არადა, ორი თვეა გვესმის, ვერ მოიძებნა, ვერ მოიძებნა კადრიო. ასე ისმის ყველგან და ზოგ ისეთ ადგილას გავიგე ეგ სიტყვები, მეც გავართმევდი თავს.
- (მეცინება) რა, მთავარ პროკურორად ივარგებდით?
- გამოიხედე აქეთ, ვითომ, რატომ არ ვივარგებდი? იურისტი ვარ, ჭამა ვიცი, მანქანიდან ყურება მოწყენილი სახით ვიცი, თათბირზე ისეთებს ვიტყვი, გაგაოცებ და რატომ არა? მაიცა, ცოტა ვაშლის ჩირს ჩაგიყრი, გაერთობი გზაში.
თევდორე მღვდლის ქუჩა ყოფილა ვაგზლის მოედანთან აღმართული ძველი შენობა, სადაც ქვემოთ სულ სარდაფები და პატარ-პატარა ფართებია გამოყენებული სავაჭროდ. გამოვკითხე, ბადაშვილის გვარის დასახელებას, როგორც მეპატრონისას, მოერიდნენ, მაგრამ დეკლარაციიდან ხომ ჩანს, რომ აქ უთვალავი ასეთი ფართი ნუგზარ ბადაშვილს ეკუთვნის? როგორც გავიგე, ქირა აქ დაბალი არ არის და უნდა ვიფიქროთ, რომ ოჯახს შემოსავალიც კარგი აქვს. ეზო საკმაოდ ბინძური და მიუხედავია, შარდის სუნი ცხვირს მიწვავს. სადარბაზოები დაკეტილია და გარშემო კაცის ჭაჭანება არაა. ძლივს ახალგაზრდა კაცს ვპოულობ სალაპარაკოდ. იქვე მდგარ "ბენტლისთან" ვდგებით.
- ეგ "ბენტლი" ბადაშვილების არ არის, სხვისია. გიორგი აქ გაიზარდა და ძალიან კარგი ოჯახია.
- დედას ბიჭი იყო თუ ეზოში გამოდიოდა ხოლმე?
- (ეცინება) სულ მეცადინეობდა. მთელი ოჯახი არის ძალიან თბილი და საყარელი ხალხი. იმიტომ კი არა, რომ პროკურორია და ჩვენი მეზობელია, მართლა დადებითი ოჯახია. მაგას უკვე დაცვა დაჰყვება, მაგრამ ოჯახში მიდით და ნახეთ. მამა ყოფილი პროკურორია, ბებია მოსამართლე.
- დედაც პოლიციელია?
- არა, მასწავლებელი. ამ ეზოსაც მიხედავს, იმედია, არ გვივარგა კი, შენობასაც გაამაგრებენ. ვინც იცნობს მაგ პიროვნებას, ცუდს არავინ გეტყვით. საქმეს გააკეთებს, ნახავთ, რაც ფარცხალაძეზე მოუვიდათ, მაგას ისე აღარავინ დანიშნავდა, ჰაერზე. ნულიდან დაიწყო.
- გინდათ მითხრათ, რომ სულ უპატრონოდ მიაღწია ამ საფეხურს? როცა ოჯახი მაგ სისტემაშია?
- თვითონ გაქაჩა. ოჯახი ასწავლიდა რაღაცებს, რა თქმა უნდა. მამა მეც მასწავლის, ეგ ეგრეა. მაგრამ, გიმეორებთ, გაქაჩავს და ყველაფერს გამოიძიებს, როგორც საჭიროა.
- ისე, ძველთაგანვე ნათქვამია, პროკურორი მგელი უნდა იყოს და მგელზე მგელიო. ბადაშვილი როგორი აკელა იქნება, ეგ არ ვიცით, რადგან მგელთან ნაჯვარ კვერნას უფრო ჰგავს, მაგრამ ამ სიტუაციაში, სადაც მოხვდა, უნდა იმგლოს, სხვა გამოსავალი არ აქვს...
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი "ქრონიკა"