უკრაინაში პარტია "რეგიონების" წევრები და უფრაქციო დეპუტატები მთავრობის გადადგომას და 16 იანვარს მიღებული კანონების შეცვლას ითხოვენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უმაღლესი რადას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმირ ლიტვინმა "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე დაწერა.
"უკრაინაში სამოქალაქო კონფლიქტი სამოქალაქო ომში გადაიზრდება. ამას უკვე წინ ვეღარავინ აღუდგება. ამ ყველაფრის ფასი ადამიანების ცხოვრებაა. ასეთ საშიშ ვითარებაში უმაღლესი რადა ვერ შეძლებს, დარჩეს სხვაზე დამოკიდებული და ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაყოფილი. უმაღლესმა რადამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ეს კი კონსოლიდაციას, შიდა დაპირისპირების დავიწყებას და გადაუდებელი გადაწყვეტილებების მისაღებად დიალოგის დაწყებას გულისხმობს, რამაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უნდა აგვარიდოს. ამ მიზნით ვქმნით დეპუტატთა გაერთიანებას, ვინც აღნიშნული სამუშაოს შესრულების ორგანიზებას საკუთარ თავზე აიღებს. ახლა მთავარია, საზოგადოებას მის მიერ დაყენებულ საკითხებზე სარწმუნო და მართალი პასუხები გაეცეს", - ნათქვამია დეპუტატების ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში ჩამოყალიბებული ძირითადი მოთხოვნებია - უკრაინის მთავრობის გადადგომა, უმაღლესი რადას მიერ 16 იანვარს მიღებული კანონების შეცვლა, ქვეყნის მართვის საპარლამენტო-საპრეზიდენტო მოდელთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მასობრივი ამნისტია და აღნიშნული მოთხოვნების შესრულების შემდეგ მომიტინგეების მიერ დაკავებული ადმინისტრაციული შენობების და სამთავრობო კვარტლის დატოვება.
უკრაინის უმაღლესი რადა პლენარული სხდომების ფორმატში მუშაობას 28 იანვრიდან განაახლებს. როგორც დეპუტატები აცხადებენ, მუშაობა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულებამდე გაგრძელდება.
"ამისთვის აუცილებელია სამუშაო გეგმის შემუშავება. მოვუწოდებთ დეპუტატებს, პარტიული და ფრაქციული კუთვნილების მიუხედავად, გავაერთიანოთ ძალისხმევა", - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა დეპუტატს, ვინც განცხადებაში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს ეთანხმება, ავტორები დღეს, 13:00 საათისთვის უმაღლესი რადას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ელოდებიან.