სასჯელაღსრულების სამინისტროსთან პატიმარ ჯაბა სოფრომაძის ახლობლებმა და უფლებადამცველებმა აქცია გამართეს. სასჯელაღსრულების რუსთავის მე-6 დაწესებულებაში პატიმარმა ჯაბა სოფრომაძემ რამდენიმე დღის წინ თითი მოიჭრა. როგორც პატიმრის ახლობლებმა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციაზე განაცხადეს, სოფრომაძე ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. დღევანდელ აქციაზე პატიმრის მოჭრილი თითიც მიიტანეს.
აქციის ორგანიზატორის, "ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრომ სოფრომაძის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.
"სოფრომაძეს სოლიდარობას ვუცხადებთ და მოვითხოვთ მოთხოვნები დაუკმაყოფილდეს. ჩვენ ასევე ვითხოვთ, რომ პატიმრის ყველა უფლება იყოს დაცული", - აღნიშნა კობაიძემ.
სოფრომაძის ადვოკატმა სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი გულგრილობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრი არ ცდილობს გულთან ახლოს მიიტანოს ის პრობლემები, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არსებობს.