რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში მისი "გაადამიანურების" შემდეგ, ახერხებს თუ არა კონტროლს ადმინისტრაცია პატიმრებზე და მართვადია თუ არა ზოგადად პროცესი? - ამ კითხვებზე იურისტი გელა ნიკოლაიშვილი გვიპასუხებს.
- ვრცელდება ხმები, რომ დაწესებულებებში პატიმრები აკონტროლებენ სიტუაციას, ზოგიერთები კი ადმინისტრაციას თვითდაზიანებებით აშანტაჟებენ და საწადელს ამ გზით აღწევენ...
- მთლად ისე არაა საქმე, რომ რასაც პატიმრები ითხოვენ, ადმინისტრაცია ყველაფერს უსრულებს. რაც შეეხება იმას, რომ პატიმრები ცდილობენ აკონტროლონ სიტუაცია, ეს ბუნებრივი მოვლენაა და ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ციხეში პატიმრებს ეს მისწრაფება და სურვილი ექნებათ. მთავარია, რამდენად უწევს მათ წინააღმდეგობას ადმინისტრაცია. ბაჩო ახალაიას სადისტურ მეთოდებთან შედარებით, დღეს განსხვავებული მეთოდებია. მის დროს ადამიანებს ისე ექცეოდნენ, როგორც პირუტყვს - სცემდნენ, ამცირებდნენ, აგინებდნენ, აფურთხებდნენ, ლაპარაკის და სიცილის უფლებაც არ ჰქონდათ, ბადრაგები შედიოდნენ და შუაღამისას სცემდნენ მათ, აიძულებდნენ საწოლის ქვეშ შეძრომას, ვინც ვერ მოასწრებდა, აწამებდნენ, სადისტურად ეპყრობოდნენ. დღეს პატიმრებს ისე ეპყრობიან, როგორც ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უფლებები. ასევე გაუმჯობესებულია კვებისა და სამედიცინო მომსახურების, პაემნების მდგომარეობა. ბუნებრივია, ამ ვითარებაში, ბევრმა პატიმარმა მოინდომა იქ თავისი კონტროლისა და გავლენის დამყარება, დღის წესრიგის კარნახი ადმინისტრაციისთვის. ზოგ შემთხვევაში მათ ეს გასდიოდათ, ზოგში - არა. ბოლო თვეებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა და სამინისტრომ დაიწყო კანონის უფრო მკაცრად შესრულება და პატიმრების მხრიდან ადმინისტრაციის მიმართ მუქარები, უკანონო მოთხოვნები აღარ ყოფილა, პირიქით, არაერთი პატიმარი დაისაჯა, აკრძალული ნივთების აღმოჩენის, წესრიგის დარღვევის გამო მათ სასჯელი დაუმატეს. ასე რომ, მყარდება ის ბალანსი, რომელიც უნდა არსებობდეს ყველა ციხეში - არც სადისტური მოქმედება, არც ქაოსი და ანარქია, რომლისკენაც მიისწრაფოდა ბევრი პატიმარი.
- დღეს ბევრი ლაპარაკია მაყურებლების ინსტიტუტზე. სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში მწვავედ დააყენა ეს პრობლემა, რამაც სოზარ სუბარი, ცოტა არ იყოს, გააბრაზა...
- მაყურებლები ბაჩო ახალაიას სადისტურ სისტემაშიც იყვნენ და ადმინისტრაცია მათი საშუალებით მართავდა ციხეებს, ისინი ნიშნავდნენ მათ. დღეს მაყურებელს ადმინისტრაცია არ ნიშნავს, ახლა პატიმრებს შორის ლიდერის თვისებების მქონე გავლენიანი პირის სიტყვა არის მათთვის წონიანი. მთავარია, ამ ე.წ. მაყურებლებმა არ ჩაიდინონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. მათაც კარგად იციან, რა არის მათთვის გარკვეულ დოზამდე დასაშვები. დღეს ციხეებში მდგომარეობა კონტროლირებადია. თავდაპირველად მართლაც დაჩაგრული იყვნენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები - ბევრი ძველი კადრია ისეთი, რომლებიც ხშირად თვითონ აწამებდნენ პატიმრებს, ხოლო როცა ვითარება შეიცვალა, პატიმრები იქით შეუტრიალდნენ, თანამშრომლები მათგან ყველა შეურაცხყოფას იტანდნენ, დაჭერის ეშინოდათ და პატიმრებს ეხვეწებოდნენ, არ ეჩივლათ.
- ერთ-ერთი ვერსიით, მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე განიხილება, რომელთანაც გვიჩიანის ადვოკატებს გარკვეული კითხვები გაქვთ…
- ერთი მხრივ, როგორც შოთაძე აცხადებს, იმხანად ის ნამდვილად ახალგაზრდა, 24 წლის სტაჟიორი იყო. ფაქტია, მას წინასწარ გამოძიებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მონაწილეობდა სააპელაციოში. ისიც უნდა ითქვას, რომ მთავარი ბრალმდებელი იყო ანზორ ხვადაგიანი და შოთაძე ეხმარებოდა მას, ტექნიკურ მხარეებს აგვარებდა, მაგრამ მას ხელი აქვს მოწერილი ბრალდებაზე და როგორც პროკურორი, ისე გამოდიოდა. მისი დანიშვნა მთავარ პროკურორად ხიფათის შემცველია გვიჩიანის განაჩენისთვის, მისი მინუსი იქნება, გვიჩიანი რომ გამართლდეს. შოთაძემ სულ რომ არაფერი თქვას და არ დაუკავშირდეს მოსამართლეებს, შეიძლება თვითონ სახელისუფლებო გუნდმა იფიქროს, ან სასამართლომ, რომ ისინი ცუდ სამსახურს გაუწევენ შოთაძეს, თუ დადგება გამამართლებელი განაჩენი. არადა, მისი განაჩენი რომ შესაცვლელია, ამაში ეჭვი არ მეპარება. ერთიც არის, მჯერა, მას დნმ-ის ანალიზის დამალვაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან, როგორც გითხარით, მთავარი ბრალმდებელი იყო ხვადაგიანი და შეიძლება მას არც არავინ გააგებინა. უბრალოდ, შეიქმნა დელიკატური სიტუაცია და, მე თუ მკითხავთ, შოთაძე მოწადინებულიც უნდა იყოს, რომ დადგეს გვიჩიანის გამამართლებელი განაჩენი, თუნდაც იმიტომ, ვინმემ არ თქვას, რომ მან ზეგავლენა მოახდინა სასამართლოზე.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)