საქართველო რუსეთისგან პოლიტიკურ პროვოკაციებს ახლაც და მომავალშიც მოელის. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას ამერიკულ ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რუსეთის მხრიდან ზეწოლას არ გამორიცხავს, მაგრამ მისივე თქმით, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო ნაკლებად არის რუსეთზე დამოკიდებული.
"ჩვენ მოვახდინეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. ევროპული არჩევანი და ევროინტეგრაცია ჩვენი მთავრობის არჩევანია, რომელსაც ქართველი ხალხი უჭერს მხარს. ამიტომ უკრაინისა და საქართველოს მაგალითი ერთამანეთისგან განსხვავებულია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამერიკულ ტელეკომპანიასთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციები წელსაც განხორციელდა.
"ჩვენ პრობლემებს ვაწყდებოდით გასულ წელს, 2008 წელს გადავიტანეთ ომი, წელსაც კი უმრავი პროვოკაცია განხორციელდა საოკუპაციო ხაზთან და ამიტომ მეტ პროვოკაციებს მოველით, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთის მხრიდან ზეწოლა არ იქნება. თუმცა, ჩვენ ნაკლებად დამოკიდებულები ვართ რუსეთზე და ამიტომ რისკები მინიმალურია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა CNBC-სთან ინტერვიუში და დასძინა, რომ რუსეთი საქართველოს ევროპულ არჩევანს ვერ შეაცვლევინებს.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველომ რუსეთის მიმართ რიტორიკა შეცვალა.
"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, რადგან ეს ევროპული ქვეყნების, აშშ-სა და სხვა ქვეყნების ნომერ პირველი რეკომენდაცია იყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც საქართველო პრემიერ-მინისტრმა CNBC სთან საუბრისას განაცხადა, რუსეთთან კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები გაუმჯობესდა, თუმცა პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია.
"ყველაფერი კარგად მიდის, გარდა პოლიტიკური ურთიერთობებისა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მთავრობის პოლიტიკასთან. ერთი მხრივ, ჩვენ შევცვალეთ რიტორიკა და მხოლოდ კონსტრუქციულ ნაბიჯებს ვდგამთ. მეორე მხრივ კი, ვაწყდებით პრობლემებს საოკუპაციო ხაზთან, რაც ჩვენთვის გაუგებარია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.