კომპიუტერების ბრაუზერ Chrome-ს ხარვეზი უპოვეს, რომელიც საიტებს მომხმარებლის საუბრის ფარულად ჩაწერის შესაძლებლობას აძლევს. "ხვრელი" ებრაელმა პროგრამისტმა თალ ატერმა აღმოაჩინა.
როდესაც მომხმარებელი Chrome-ში საიტს ხსნის, რომელიც ხმის ჩაწერას ითვალისწინებს, ბრაუზერი მიკროფონის წვდომას ითხოვს. თუ ნებართვა გაიცემა, საიტის ჩანართში ჩნდება ინდიკატორი, რომელიც მომხმარებელს აცნობებს, რომ ჩაწერა მიმდინარეობს. როდესაც საიტს ხურავენ, ინდიკატორი ქრება.
ატერმა გაარკვია, რომ თუ საიტმა შექმნა "მხტუნავი ფანჯარა" (Pop-up), ჩაწერა გრძელდება - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძირითადი გვერდი უკვე დახურულია. რადგან გვერდი თავიდანვე შესამჩნევი არაა, მიკროფონს შეუძლია საკმაოდ დიდხანს იმუშაოს და ჩაიწეროს საუბარი, რომელიც კომპიუტერის სიახლოვეს მიმდინარეობს.
ხმის ჩაწერის ინდიკატორი Chrome-ის "მხტუნავ ფანჯრებში" არ არის. ამის გამო მომხმარებლებს, რომლებმაც საბოლოოდ "მხტუნავი ფანჯარა" იპოვეს, უჭირთ გაიგონ, რომ იგი მათ საუბარს "ისმენდა", - აღნიშნა პროგრამისტმა.
ავტორმა განაცხადა, რომ Google-ს "ხვრელის" შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. იგი კომპანიას 13 სექტემბერს დაუკავშირდა. Google-მა მიიღო ინფორმაცია, ატერი პრემიაზე (Google საკუთარ საიტებზე ხარვეზების აღმომჩენებს ფულს უხდის) პრეტენდენტების სიაში შეიყვანა, ორი კვირის მანძილზე ხარვეზის აღმოსაფხვრელი "ჩასწორება" მოამზადა, მაგრამ პროგრამისტისთვის უცნობი მიზეზების გამო მომხმარებლებს არ დაუგზავნა.
Google-ის წარმომადგენლებმა The Verge-თან ინტერვიუში განაცხადეს, რომ ატერის მიერ მოძებნილ "ხვრელს" სახიფათოდ არ თვლიან. "ჩვენ განმეორებითი გამოძიება ჩავატარეთ და უწინდებურად დარწმუნებულნი ვართ, რომ იგი საფრთხეს არ წარმოადგენს. მომხმარებელმა თითოეული საიტისთვის თავდაპირველად საუბრის ამომცნობი უნდა ჩართოს, რომელიც ამას ითხოვს",- განაცხადეს მათ.
სტატისტიკის სერვის StatCounter-ის ინფორმაციით, ბრაუზერი Chrome მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრაუზერია, მას ბაზრის 46,6 პროცენტი ეკუთვნის. ხმის ამოცნობის ფუნქცია Google-ის ბევრ სერვისში გამოიყენება - ასე, მაგალითად, შესაძლებელია კომპანიის საძიებო სისტემას კითხვები დაუსვა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.