საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ფორმირების თემა ძალიან ჰგავს "ბუტკაში" გარიგებებს, – ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ტუღუშის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით აქამდე არსებულ გამოწვევებს პარლამენტმა კარგად უპასუხა, თუმცა ბორდის ფორმირებისას პრობლემები სავარაუდოდ პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია.
"ბოლო დროს რაც მესმის ჩემი მეგობრებისგან საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, ეს არის რომ "თავზე დაგვახიეს კანონი". კანონი, რომელიც დღეს გვაქვს, არის კარგი, შემდეგი გამოწვევა იყო ის, თუ როგორ კომისიას მივიღებდით. ჩემი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარემ კარგი კომისიის წევრები წარადგინა და დაამტკიცა პარლამენტმა.
ის შემადგენლობა, რომელიც კომისიამ წარადგინა არის კარგი. ამის შემდეგ ხდება ის, რაც არის ყველაზე სერიოზული პრობლემა. ამ პროცესმა ჩვენ დაგვანახა, რომ ვართ სერიოზული პრობლემების წინაშე. სამწუხაროდ, უმრავლესობამ პარლამენტში და საერთო ჯამში, პარლამენტმა ვერ უპასუხა სათანადოდ ამ გამოწვევას და იმ პირობებში, როდესაც დროს აქვს მნიშვნელობა ვერ მოახერხა დაეკომპლექტინებინა სამეურვეო საბჭო. გაფუჭდა საქმე. რატომ შეიძლება ეს მომხდარიყო? როდესაც პოლიტიკოსები ერევიან საქმეში, ცხადია, რომ არსებობს გარკვეული პროცესი, შესაძლოა, ამას პოლიტიკური ვაჭრობის პროცესი დავარქვათ. მაგრამ პოლიტიკური ვაჭრობა არ გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმირება ვაქციოთ თემად, რომელიც ძალიან ჰგავს "ბუტკაში" გარიგებებს. ეს არასერიოზულია, არასწორია და აბსოლუტურად მიუღებელია. ვერ გეტყვით არის თუ არა გარიგება უმრავლესობა-უმცირესობას შორის. უმცირესობასაც ჰქონდა თავიდანვე პრობლემა. მათ უკვე გააფუჭეს საქმე.
სამწუხაროდ, ასევე გააფუჭა საქმე უმრავლესობამაც, რომელსაც შეეძლო ბევრად უფრო კონსტრუქციული ყოფილიყო, მაგრამ ვერ გამოიჩინეს კონსტრუქციულობა. მათი პოზიცია იყო დესტრუქციული და ამას მოჰყვა ის ვითარება, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ბორდის 4 ან 6 წევრი 9 წევრის მაგივრად", - აცხადებს ლაშა ტუღუში.