ქუთაისის მერიის შენობის წინ მომხდარ ინციდენტს, მერიის საბინაო მართვისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კახა დალაქიშვილი გამოეხმაურა. დალაქიშვილის განცხადებით, მამაკაცმა, რომელმაც პროტესტის ნიშნად სახე დაისერა, ბოშა იყო.
"ის ადამიანი "ციგანი" არის და სამი შვილის მამა, რომელსაც ავტოქარხნის დასახლებაში, ძველი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოროთახიანი ბინით დავეხმარეთ. დღეს, ნასვამ მდგომარეობაში მოვიდა, დენი, გაზი და ტუალეტი მოგვთხოვა. ეს ის პირობებია, რომლის შექმნა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. დენზეც და გაზზეც შესაბამის ორგანიზაციას უნდა მიმართოს. თუმცა, მას ამის გაგება უჭირს. ამიტომაც, ისევ ჩვენ დავეხმარებით ამ საქმეში", - განმარტა კახა დალაქიშვილმა.
მერიის საბინაო სამსახურის წარმომადგენლებთან საუბრის დასრულების შემდეგ, რუსლან ციკოლინი საპატრულო პოლიციამ ხელწერილის დასაწერად განყოფილებაში წაიყვანა.