სოჭის ოლიმპიადამ რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებული დაძაბულობა უფრო მეტად გაამწვავა. "ისინი ჩვენს სულების მიწას (აფხაზები აფხაზეთს ასე უწოდებენ. - ავტ.) ისე უყურებენ, როგორც რაიმე ნივთს, რომლისგანაც მხოლოდ სარგებელი უნდა მიიღონ. ჩვენ, ადგილობრივ მოსახლეობას კი, ჯიშიან ცხოველად გვთვლიან, რომელიც ისე მოგექცევა, როგორც გაწვრთნი. არადა, პირველებმა აღიარეს ჩვენი დამოუკიდებლობა. რუსეთის ორმაგი სტანდარტი ჩვენთვის მიუღებელია", - ამბობს ერთ-ერთი აფხაზი ჩვენთან საუბრისას...
აფხაზები ენგურსგაღმა არსებულ დაპირისპირებაზე, გასაგები მიზეზების გამო, ქართულ მედიასთან არ საუბრობენ. სამაგიეროდ, საკუთარ პოზიციას დაუფარავად აფიქსირებენ და რუსეთთან ურთიერთობის პრობლემებზე ღიად საუბრობენ როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ მედიასაშუალებებთან. აფხაზეთის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ შაზინა ავიძბას Newsweek-თან საუბრისას რუსეთის მიმართ წყენა არ დაუმალავს. მისი თქმით, მათ პრობლემები მარტო რუსეთთან როდი ექმნებათ. მინისტრმა დაიჩივლა, რომ პოლონეთმა აფხაზეთის სპორტული ცეკვების გუნდს უარი უთხრა ვიზების მიცემაზე. - აფხაზ სპორტსმენებს არ აძლევენ შენგენის ვიზებს, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ის არის, რომ ჩვენს დროშას რუსულ რეგიონებში უგულებელყოფენ.
ჯარნაზ ბენია, ძიუდოს მწვრთნელი:
- ჩემი გაზრდილია 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, დენის ცარგუში. ჩვენ გვაქვს პოტენციალი არა მხოლოდ ძიუდოში, არამედ სპორტის სხვა სახეობებშიც და ეს რუსეთშიც იციან. შიდა ტურნირებშიც კი არ გვაძლევენ აფხაზეთის სახელით გამოსვლის უფლებას. ჩემს სპორტსმენს პირდაპირ უთხრეს, - როსტოვის სახელით გამოდიო... ჩვენი ოცნებაა, ოლიმპიურ თამაშებში აფხაზები თავიანთი ქვეყნის სახელით იყვნენ წარმოდგენილნი. ამის პოტენციალი ნამდვილად არის აფხაზეთში და ამას ადასტურებს დამსახურებული მწვრთნელის, ანდრეი პოღოსოვის მაგალითი, რომელსაც რუსი სპორტსმენებიც დიდ პატივს სცემენ... არადა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ოლიმპიადა სოჭში ჩატარდებოდა, თავდაუზოგავად ვშრომობდით. რამდენჯერმე ვკითხეთ, გვექნებოდა თუ არა იქ მოხვედრის შესაძლებლობა. გადაჭრით უარი არ უთქვამთ, რაც იმედის საფუძველს გვაძლევდა. ახლა კი იქ მონაწილეობის უფლება კი არა, საზღვარიც გადაგვიკეტეს და ტატამზე კი არა, ტრიბუნებზეც ვერ მოვხვდებით...
მერაბ კუცია, აფხაზეთის მკვიდრი:
- რუსეთის მხრიდან დამოკიდებულება კი არ გაცივდა, არამედ გამკაცრდა, რაც ჩემი აზრით, რუსი დიპლომატის მკვლელობას უკავშირდება. რუსეთს სურს, თავისი ძალა დაგვანახვოს და ამიტომ ჩაგვიკეტა საზღვარი... დიახ, 5 წლის წინ რუსეთის ხელისუფლებამ 100 მილიონი დოლარი გადმოგვირიცხა, მაგრამ ეს თანხა მათ ზღვის სეზონზე უკვე ამოიღეს. თუ მათ ჩვენთან ურთიერთობა უნდათ, სწორი პოლიტიკა უნდა შეარჩიონ. ასეთი ქმედებებით დასავლეთთან ურთიერთობებს უფრთხილდებიან, ამიტომაც ვცდილობთ, თავად გავიდეთ მათთან კავშირზე და აქ არსებული ურთიერთობის შესახებ სრული ინფორმაცია მივაწოდოთ...
ყველაფერი გაზიდეს სოჭის ოლიმპიადის მშენებლობებისთვის: ხრეში, ღორღი, იშვიათი ჯიშის ხეები გაჩეხეს და აფხაზი მუშახელის დასაქმებაც კი დიდი დავიდარაბით ხდებოდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სოჭის ოლიმპიადის პროექტიდან სარგებელი არ მიგვიღია. ამ უკანასკნელმა მოვლენებმა დაგვანახვა, რომ ვითარება ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე გვეგონა.
ლალი პაპასკირი
(გამოდის ხუთშაბათობით)