ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება ნელა მიმდინარეობდა და აკლდა გამჭვირვალობა, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტში 2013 წელს საქართველოში მომხდარი მოვლენებია ასახული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2013 წლის ივნისში სასამართლოებმა ციხის 14 ყოფილ თანამშრომელს გამოუტანა მსჯავრი პატიმრების ცემაში და წამებაში მონაწილეობის გამო, რაც 2012 წელს საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეოფირებით გამოაშკარავდა.
"ექვს მათგანს სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო რვას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და ექვსი თვიდან ხუთ წლამდე სასჯელი მიუსაჯეს. თუმცა, ამასთანავე, გენერალურმა პროკურორმა მთლიანად გაათავისუფლა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ვლადიმერ ბედუკაძე, რომელმაც წარმოადგინა ინფორმაცია წამების შესახებ - რომელშიც თავადაც იყო ჩართული. ეს გადაწყვეტილება ბევრმა ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტმა გააკრიტიკა.
ივლისში სასამართლომ პოლიციის ხუთი ყოფილი თანამშრომელი გაამართლა, რომლებსაც სხვადასხვა ბრალდება ჰქონდათ წაყენებული, მათ შორის არაადამიანური მოპყრობა და პატიმრის გაუპატიურება, რასაც პროკურატურისა და სასამართლოს მხრიდან ურთიერთდადანაშაულება მოჰყვა. პირველი ამტკიცებდა, რომ სასამართლო პროცესზე წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, მსხვერპლთა და მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, ხოლო სასამართლო აცხადებდა, რომ ზოგიერთი მტკიცებულება ურთიერთსაწინააღმდეგო იყო და პროკურატურამ ვერ მოახერხა ბრალდებების სათანადო ფაქტებით გამყარება", - ნათქვამია ანგარიშში.
Human Rights Watch-ის მოხსენებაში მამუკა მიქაუტაძის საქმეც მოხვდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ საქმის გამოძიება დოკუმენტის დაწერის მომენტშიც გრძელდებოდა.
"ივლისში ჩამომხრჩვალი იპოვნეს 36 წლის მამუკა მიქაუტაძე. ეს მოხდა პოლიციის მიერ ნარკოტიკების შენახვისთვის მისი დაკითხვიდან და გათავისუფლებიდან ერთი დღის შემდეგ. მისი ცოლის თქმით, მიქაუტაძემ დაიჩივლა, რომ პოლიციამ სცემა და აიძულა, ხელი მოეწერა თავისი მეგობრის საწინააღმდეგო ცრუ ჩვენებისთვის. ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, პოლიციამ არ მოახდინა დროული რეაგირება მიქაუტაძის ოჯახის განცხადებებზე", - ნათქვამია მოხსენებაში.
Human Rights Watch იანვარში პარლამენტის მიერ გამოცხადებულ ფართომასშტაბიან ამნისტიასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამნისტიის შედეგად 8 000-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს საპატიმროებიდან, რამაც "შეამსუბუქა ქართული ციხეებისთვის ქრონიკული გადატვირთულობის პრობლემა".