ეროვნული ვალუტის კურსის დაცემამ მოსახლეობაში დაძაბულობა გააჩინა, გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტი. ამასთან, გაუფასურებულმა ლარმა დოლარზე მოთხოვნა გაზარდა. მოსახლეობა ამბობს, რომ კურსის ვარდნამ მათში არა ლარისადმი, არამედ მთავრობისადმი ნდობა შეამცირა.
მიუხედავად ამისა, მთავრობაში ისევ მშვიდად არიან. დღესაც ქვეყნის მთავარი ფინანსისტი ლარის კურსის დაცემაში "უჩვეულოს ვერაფერს ხედავს" და ირწმუნება, რომ "დიდი რყევები" აღარ იქნება.
20 იანვრის ბანკთაშორის სავალუტო აუქციონზე ერთი დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსი 1,7704 ნიშნულზე დაბალანსდა, რაც მხოლოდ 0,0032 პუნქტით დაბალია 18 იანვარს დადგენილ კურსთან შედარებით. მანამდე კი ლარის კურსი ყოველდღიურ რეჟიმში და თანაც საკმაოდ მნიშვნელოვნად ეცემოდა, რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.
ზოგადად, ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა მოსახლეობაში ყოველთვის დაძაბულობასა და შიშს აჩენს. შესაბამისად, არასტაბილურობის განცდა ინფლაციაზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე რეალური ეკონომიკური მდგომარეობა. ამიტომაც მოსახლეობა ლარის კურსის ვარდნას მტკივნეულად განიცდის. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ამბობს, რომ ლარის მიმართ ნდობა არ დაუკარგავთ. სამაგიეროდ, მთავრობისადმი უნდობლობის ნიშნები გაჩნდა, თუმცა ჯერჯერობით ყველას ეიმედება, რომ ლარი ისევ გამყარდება.
"მიუხედავად არსებული ცვალებადი კურსისა, მიმაჩნია, რომ არსებობს საკმარისი შესაძლებლობა, რათა ლარის კუპონიზაცია არ მოხდეს. ლარი მაინც ეროვნული ვალუტაა და თუ ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდა, რამდენიმე პუნქტით მაინც გამყარდება", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას თბილისელი ია კვარაცხელია.
"იმის გამო, რომ ხელფასს და ჰონორარს ლარში ვიღებ, კურსის გაუფასურების მიუხედავად, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა მაინც არ დამიკარგავს. ლარი ხომ ეროვნული ვალუტაა. ის ფული, რომლითაც გადასახადებს ვიხდი, საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებს ვყიდულობ... იმედი მაქვს, კურსი აღარ დაეცემა და ლარი იქნება ის ვალუტა, რომელიც წლების განმავლობაში სიმყარით გამოირჩეოდა", - ამბობს თბილისელი ეკა ღვინიაშვილი.
"ლარის მიმართ კი არა, მთავრობის მიმართ დავკარგე ნდობა", - ასეთი პასუხი გასცა "ბიზნეს-რეზონანსს" რესპონდენტთა მეორე ნაწილმა. მოსახლეობა, რომელიც ლარის კურსის ვარდნას მტკივნეულად განიცდის, ამბობს, რომ ამაში დამნაშავე ხელისუფლებაა და მთავრობას კურსის შეჩერების მიზნით აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
ლარის გაუფასურების შედეგად უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. როგორც "ბიზნეს-რეზონანსს" ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში განუცხადეს, ბოლო პერიოდში უმნიშვნელოდ მოიმატა დოლარზე მოთხოვნამ, რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტას უფრო ყიდიან, ვიდრე ყიდულობენ.
"დოლარს უფრო ყიდულობენ, ვიდრე ევროს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დოლარზე მოთხოვნა ერთბაშად გაიზარდა. სიტუაცია თითქმის ისეთივეა, როგორც 2-3 თვის წინათ იყო", - განაცხადეს ვალუტის გადამცვლელ ერთ-ერთ პუნქტში.
"იანვარში ყოველთვის ისეა - იკლებს როგორც დოლარის გაყიდვა, ასევე ყიდვა. დღეს დოლარს უფრო ყიდულობენ, ვიდრე ყიდიან, მაგრამ ცოტას. ვერ ვიტყვი, რომ დიდი რაოდენობით ყიდულობს მოსახლეობა უცხოურ ვალუტას, მაგრამ მაინც ყიდულობს. ლარი უფრო მოთხოვნადი დეკემბრის ბოლოს იყო.
რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა, ოდნავ მოიმატა მისი გაყიდვის მაჩვენებელმა", - განუცხადეს "ბიზნეს-რეზონანსს" დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გადამცვლელ პუნქტში.
რაც შეეხება რეგიონებს, იქ მოსახლეობას კურსის ვარდნაზე კონკრეტული შეფასებების გაკეთება უჭირს. რაიონებში განსაკუთრებულად მწვავედ ფასების მატებას განიცდიან, რომელიც დეკემბერში დაიწყო და დღესაც გრძელდება.
"იმერეთში ყველაფერი გაძვირდა, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. თუ კურსის ვარდნა გაგრძელდა, ცხადია, ფასები კიდევ მეტად გაიზრდება, ამიტომ მოსახლეობა შეშინებულია.
რაც შეეხება დოლარზე მოთხოვნას, აქ ეს ნაკლებად შეიმჩნევა, პირიქით, ლარს უფრო ითხოვენ. იმდენი ლარი არავის აქვს, რომ დოლარი ან ევრო იყიდოს. იმერეთიდან, როგორც სხვა რეგიონებიდან, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უცხოეთშია წასული და ნათესავებს სწორედ უცხოურ ვალუტას უგზავნიან, ისინი კი ახურდავებენ", - ამბობს ქუთაისელი თათია ახვლედიანი.
ფასებმა მოიმატა სამეგრელოშიც, იმერეთის ანალოგიურად იქაც უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა ნაკლებია. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, მათ იმ რაოდენობით ლარი არ გააჩნიათ, რომ დოლარი იყიდონ და არც იმდენი აქვთ, რომ დანაზოგი გააკეთონ.
"მოსახლეობას იმდენად უჭირს, რომ დოლარის კი არა, ყოველდღიური პროდუქტის შეძენასაც ვერ ახერხებს", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ოზურგეთელი მარიამ სარიშვილი და დასძენს, რომ გურიაში განსაკუთრებულ პრობლემად ამ დროისთვის ციტრუსის გასაღება რჩება.
"ლარის კურსის ვარდნაზე რა გითხრათ, მაგრამ ყველაფერი რომ ძვირდება, ისაა ცუდი. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გვეგონა, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გამოსწორდებოდა, მაგრამ ბოლო 2 თვეა უკან-უკან მივდივართ.
ყველაფერი ძვირდება, ჩვენ კი ჩვენს მოყვანილ პროდუქტსაც ვერ ვყიდით, ხალხს ციტრუსი გაუფუჭდა. ამბობდნენ, რომ გასაღება არ გაგვიჭირდებაო, მაგრამ ტყუილი აღმოჩნდა, ამიტომ მთავრობის მიმართ ხალხმა ნდობა დაკარგა. ახლა ეს ყველაფერი მთავრობამ თუ უნდა ლარის კურსის ვარდნას დააბრალოს, თუ უნდა პროდუქტის გაძვირებას. ფაქტი ისაა, რომ ხალხს უფრო გაგვიჭირდა", - გვითხრა ოზურგეთელმა მადონა შათირიშვილმა.
მოსახლეობის შიშს არ იზიარებს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ლარის კურსის ვარდნასაც ჩვულებრივ მოვლენას უწოდებს.
"საქართველოს ჰქონია უფრო მაღალი და უფრო დაბალი გაცვლითი კურსიც. მაგალითად, 2011 წელს 1 დოლარი 1,85 ლარი ღირდა, ხოლო როცა გაცვლითი კურსი ჩამოვიდა 1,45 ლარზე, ეს ბიზნესისთვის ძალიან ცუდი იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კურსის მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი არაა და ყველა ეკონომიკური პროცესი ადასტურებს იმას, რომ არანაირი საფრთხე საქართველოს ეკონომიკას არ შეიძლება დაემუქროს.
ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ეკონომიკა პატარაა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მასზე ზეგავლენას ახდენს. დაახლოებით 20%-ით არის გაუფასურებული თურქული ლირა დოლართან მიმართებაში. ასე რომ, უჩვეულო არაფერი ხდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, გაცვლითი კურსის დიდ მერყეობას მე არ ველი. ამის არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს, რადგან გაზრდილია ექსპორტი, დოლარის გადარიცხვები, უცხოური ინვესტიციები", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს 3 მლრდ დოლარის რეზერვი, მათ შორის, 500 მლნ დოლარის რეზერვი შარშან შეემატა.
"ახლა შეიცვალა სიტუაცია. თქვენ იცით, რომ საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაჩვენებელი ძალიან დიდია, ბიზნესაქტივობის ზრდამ გამოიწვია დოლარზე დროებით დაწოლა და შესაბამისად, მასზე მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ინტერვენციებით ჩაერიოს. ის უკვე ერევა კიდეც და დეკემბერსა და იანვარში რამდენჯერმე გაყიდა დოლარი", - განმარტა მინისტრმა.
ელზა წიკლაური