უახლოეს მომავალში, შეიარაღების სფეროში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი პროფესიონალი სნაიპერების მსგავსად ზუსტი გასროლის განხორციელებას შეძლებს. ამის რეალიზება კომპანია Tracking Point-ის მიერ შემუშავებული ცეცხლით მართვის ინტელექტუალური სისტემა Precision Guided Firearms-ის მეშვეობით მოხდება. საკუთარი ნოუ-ჰაუ მწარმოებლებმა 500 Series AR Smart Rifle-ის ტიპის შაშხანას მოარგეს.
პირველი ინფორმაცია მსგავს ტექნოლოგიებზე 2012 წლის ბოლოს გავრცელდა. მას შემდეგ Tracking Point-ის ქმნილებამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. დღეს კი მისთვის მსოფლიოში ყველაზე ზუსტი იარაღის ტიტულის მინიჭება შეიძლება.
გამოცდებზე მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ 500 მ-მდე დისტანციაზე სროლისას, სროლის სიზუსტით ინტელექტუალური სისტემა Precision Guided Firearms ყველაზე გამოცდილ მსროლელებსაც კი 5-ჯერ ჯაბნის. თქვენ მხოლოდ იარაღი სამიზნის მიმართულებით უნდა მიმართოთ, ყველაფერ დანარჩენს ავტომატური სისტემა დამოუკიდებლად განახორციელებს. სისტემას 15 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრავი სამიზნის გაცილებაც შეუძლია.
შაშხანა 500 Series AR Smart Rifle, რომელზეც აღნიშნული სისტემაა მორგებული, ნახევრადავტომატური კარაბინის AR-15-ის გაუმჯობესებული ვერსიაა. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, M-4-ის ტიპის საიერიშო შაშხანის სამოქალაქო ვერსიაა. მწარმოებლები განსხვავებული შესაძლებლობების 500 Series AR Smart Rifle-ების რამდენიმე მოდელს წარმოადგენენ. ყველაზე "მარტივი" ეგზემპლიარის ღირებულება 9950 აშშ დოლარი იქნება.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytechinfo.org-ის მიხედვით.