ტელეანძის განათების ჩართვასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. "მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობამ თბილისის მერის მოადგილეს დაუდასტურეს, რომ ანძის განათებისა და რეაბილიტიაციის თანხა მათთვის აღარ წარმოადგენს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მიზეზს, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ანძის განათება ჩართო.
ანძის განათების გამორთვა არ იყო მერიის თვითმიზანი, ყოველივე ეს განპირობებული იყო, რომ საბიუჯეტო განხილვების პროცესი გააქტიურებულიყო და საკრებულოს უმრავლესობას ეგრძნო პასუხისმგებლობა, დაუმტკიცებელი ბიუჯეტით თბილისელებისთვის გამოწვეულ პრობლემებზე. ამ ეტაპზე ანძის განათების გამორთვით აღნიშნული მიზანი მიღწეულია.
ასევე გვინდა საჰაერო ნავიგაციის განცხადებას გამოვეხმაურით. ეს უწყება ცრუობს, რადგან შესაბამის შუქურას გარე განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მათ ეს მერიის დაშანტაჟების მიზნით, შეგნებულად ჩაიდინეს. ამის დასადასტურებლად საზოგადოებას და მედიას შესაბამისი ექსპერიმენტის მოწყობას ვთავაზობთ, რითიც დადასტურდება, რომ საჰაერონავიგაციის შუქურას ანძის განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, წუხელ საქაერონავიგაციაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ ნავიგაციისთვის განკუთვნილი შუქურა გათიშული იყო. საქაერონავიგაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ირმა ხითარიშვილის განმარტებით, ნავიგაციისთვის განკუთვნილი შუქურა, რომელიც ანძის წვერზეა განთავსებული, გარეგანათებასთან ერთად გაითიშა. მისივე ინფორმაციით, შუქურის გათიშვა უსაფრთხო ფრენის განხორციელებისთვის საფრთხის შემცველია, რადგან სანავიგაციო ნათურა არ ციმციმებს.
ირმა ხითარიშვილის განმარტებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ავიამეთვალყურეები უსაფრთხო ფრენების განხორციელების მიზნით, ფრენის სიმაღლეს არეგულირებენ. იმ შემთხვევაში, თუ ვითარება არ გამოსწორდებოდა, საქაერონავიგაცია დღეს "მკაფიო პოზიციის გამოხატვას" გეგმავდა.
გუშინვე საქართველოს მთავრობამ თბილისის მერიის მიერ სატელევიზიო ანძის განათების გათიშვასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა და მერიის გადაწყვეტილება შანტაჟად და საბოტაჟად შეაფასა.
"თბილისის მერიის გადაწყვეტილება სატელევიზიო ანძის განათების გამორთვასთან დაკავშირებით შეიცავს შანტაჟისა და პირდაპირი საბოტაჟის ნიშნებს. გვსურს ყველას შევახსენოთ, რომ მსგავსი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.
ანძის განათება პირდაპირ უკავშირდება საავიაციო უსაფრთხოებას. ამიტომ, მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიცავს სერიოზულ საფრთხეს საჰაერო ნავიგაციისთვის.
აქვე შევახსენებთ საზოგადოებას, რომ საქართველოს მთავრობას, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს, არც ერთხელ არ შეუფერხებია თბილისის მერიისთვის კანონით გათვალისწინებული ტრანსფერის გადარიცხვა. შესაბამისად, ბიუჯეტის ჩავარდნით სპეკულაცია, თითქოს საფრთხე ექმნება დედაქალაქის ნორმალურ ფუნქციონირებას, არ შეესაბამება სიმართლეს.
კიდევ ერთხელ შევახსენებთ თბილისის მერიას, რომ მათი გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ შეიცავს საბოტაჟების ნიშნებს, საფრთხეს უქმნის მოქალაქეების უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ აღადგინოს ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის სატელევიზიო ანძისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად", - ნათქვამია მთავრობის გუშინდელ საგანგებო განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"