თბილისის ტელეანძაზე განათება გაითიშა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის მერიამ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა , ტელეანძაზე განათება მას შემდეგ აღდგება, რაც საკრებულო ბიუჯეტს მიიღებს და შესაბამისი მასში თანხები იქნება გათვალისწინებული.
"თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ არ დაამტკიცა თბილისის ბიუჯეტი. ამაში იყო პოლიტიკური ხასიათის და ყურით მოთრეული მიზეზები. მათ შორის იყო მაგალითად თბილისის ტელეანძის განათება. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვრთოთ ტელეანძა, სანამ არ იქნება ბიუჯეტი დამტკიცებული არ იქნება წარმართული ტელეანძის და მისი განათების შესაკეთებლად", - აღნიშნა უგრეხელიძემ.
მისივე თქმით, ეს ხერხი მიღებულია მსოფლიო პრაქტიკაში და არის კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ რას ნიშნავს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა. "ჩვენ შევეცადეთ აგვერჩია ისეთი თემა, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული მოქალაქეების პირად ცხოვრებასა და პირად ინტერესებთან. როგორც კი ჩვენ კონსულტაციებს დავასრულებთ და ბიუჯეტი იქნება მიღებული, თუ მასში გათვალისწინებული იქნება თანხები, ტელეანძა კვლავ განათდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს და სხვა თემები შესაძლოა ვერ განხორციელდეს", - დასძინა უგრეხელიძემ.