კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე გუშინ მომხდარი შეტაკებების შედეგად 12-მა ადამიანმა თვალის დაზიანება მიიღო, სამ მათგანს კი თვალი ამოუღეს. ამის შესახებ კიევის სახელმწიფო სამოქალაქო ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვიტალი მოხორევმა განაცხადა.
"კიევის საავადმყოფოებში მყოფ დაშავებულთაგან ერთს ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარდა, სამს კი თვალი ამოუღეს", - განაცხადა მოხორევმა.
მისივე თქმით, დახმარებისთვის საავადმყოფოებს, დილის მონაცემებით, 103 ადამიანმა მიმართა, მათგან 42-ს სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ. დაშავებულებს სხვადასხვა სახის ტრავმები აღნიშნებათ. დაზარალებულთა შორის ორი ჟურნალისტია – "რადიო თავისუფლებისა" და გაზეთ "ვესტის" თანამშრომლები.
ვიტალი მოხორევმა აღნიშნა, რომ ტოქსიკოლოგიური განყოფილებებისთვის ცრემლსადენი გაზით დაზარალებულ ადამიანებს არ მიუმართავს.
კიევში, გუშინ სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს დაპირისპირება 15 საათზე მეტხანს გაგრძელდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეები უმაღლესი რადასა და მთავრობის სახლის მიმართულებით მილიციის კარდონის გარღვევას შეეცადნენ.
სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.