ას შემდეგ, რაც იუნესკომ ქართული ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ქართული მხარე ცდილობს დაამტკიცოს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, რაც ჯერ მეცნიერულად დასაბუთებული არ არის. ამ და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მიმდინარე სხვა პროცესებზე კომენტარისთვის ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ენოლოგს, ღვინის ექსპერტ გიორგი სამანაშვილს მივმართეთ.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს: "იმის მეცნიერული დასაბუთებისთვის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, იგეგმება ქართული ვაზის წარმოშობის ისტორიის კვლევების წახალისება, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ვაზის წიპწებისა და მერქნის შესწავლის ხელშეწყობა მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით, თანამონაწილეობა არქეოლოგიურ გათხრებში წიპწების მოპოვების მიზნით, ვაზის აბორიგენული ჯიშების და ველური ვაზის შესწავლის ხელშეწყობა მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით, კვლევები არქეოლოგიურ მასალაზე ღვინის ნაშთების აღმოჩენის მიზნით.
გიორგი სამანაშვილი: თუ მსოფლიოში არსებული ჯიშების გენეტიკური ანალიზის, დაჯგუფება-შედარებისას ქართული ჯიშები ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული აღმოჩნდა, ეს ქართული მხარისთვის დამატებითი არგუმენტი იქნება, ისევე როგორც ახალი სამარხების აღმოჩენა.
- თუმცა, სომეხ მეღვინეთა კავშირის თავმჯდომარე ავაგ არუთუნიანი აცხადებს, რომ უძველესი მარნის ნაშთი სომხეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და ქართველებს გაუჭირდებათ დაამტკიცონ, რომ მეღვინეობის აკვანი საქართველოა.
- სომხეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 6000 წლის წინანდელი მარნის ნაშთი, საქართველოში კი, შულავერის მახლობლად, 8000 წლის წინანდელი კულტურული ვაზის წიპწები და თიხის საღვინე ჭურჭელია ნაპოვნი.
- ქართული ღვინის კომპანიები კვლავ ვერ ითვისებენ თურქულ ბაზარზე გამოყოფილ კვოტას - 1 მილიონ ლიტრ ღვინოს, ეს ფაქტორი რუსული ბაზრის გახსნითა და იმით ხომ არაა განპირობებული, რომ "იქ ყველაფერი იყიდება"?
- ეს კვოტა თურქებმა უფრო ადრე მოგვცეს, ვიდრე რუსული ბაზარი გაიხსნებოდა. ძირითადი მიზეზი ის არის, რომ თურქეთში ნაკლები მოთხოვნაა ზოგადად ღვინოზე და მათ შორის, ქართულზე, მომხმარებლებიც უფრო ტურისტები არიან. ამასთან, თურქული ბაზარი რთულია ბიუროკრატიული და მარკეტინგული თვალსაზრისით, ანუ ჩვენს მწარმოებლებს იქ შესვლა ძვირი დაუჯდებათ, მხოლოდ საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლება ბევრს არ ნიშნავს; ეს მაღალი კვოტა მოგვცეს წლების წინ, როცა თავისი პროდუქციის შემოსატანად გრძელი სია შეადგინეს, გარკვეული კვოტები მოითხოვეს ნაკლები დაბეგვრით, სანაცვლოდ კი ღვინოზე მაღალი კვოტა მოგვცეს.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)