16 იანვარს გიორგის 26 წელი უნდა შესრულებოდა. 25 წლისაც არ იყო, როდესაც გარდაიცვალა. სერჟანტი გიორგი კიკაძე 19 დეკემბერს ავღანეთში გაუჩინარდა. 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება-გადარჩენის ოპერაცია. 29 დეკემბერს კი გარდაცვლილი იპოვეს. დღეს მისი თანამებრძოლები ამბობენ, რომ გიორგი მათ შორის საუკეთესო იყო.
ნინო მეყანწიშვილი, გიორგის დედა:
- სამი ვაჟიშვილი მყავდა. გიორგი მათ შორის გამორჩეული იყო. მხოლოდ ჩემზე კი რა, თავის ძმებზეც ზრუნავდა. ალბათ ფიქრობდა, რომ რადგან უფროსი ვაჟიშვილი იყო, მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული. დაუზარელი და მშრომელი იყო, არაფერს თაკილობოდა. ბორჯომში დაიბადა. მეშვიდე კლასის მოსწავლე იყო, მიწაზე ფიზიკურად მუშაობა რომ დაიწყო. ტყეშიც ის დადიოდა შეშის მოსატანად. ერთი სიტყვით, ოჯახს უძღვებოდა. სკოლაშიც კარგად სწავლობდა, მათემატიკაში განსაკუთრებულად ძლიერი იყო. მერე "გეპეიში" ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. მესამე კურსზე რომ იყო, აიჩემა, ჯარში უნდა წავიდე, მინდა, სამხედრო გავხდეო. ძალიან უყვარდა ფორმა, ამიტომაც განსაკუთრებულად უვლიდა და აწესრიგებდა. თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ქეიფი და მოლხენაც უყვარდა, მაგრამ თუ მეორე დღეს სამსახურში იყო წასასვლელი, არავითარ შემთხვევაში არ დალევდა. საარტილერიო ცეცხლის კორექტორი იყო, მტრის კოორდინატებს, მისი ჯავშანმანქანის მოძრაობის სიჩქარეს ადგენდა. ყველა ამბობდა, რომ გიორგიმ კარგად იცოდა თავისი საქმე... ჩემს გიორგის ბოლოს შარშან, 18 დეკემბერს ველაპარაკე. ავად ვიყავი და ჩემზე დარდობდა, - წამლები დროულად იყიდე და დალიეო. მეორე დღეს მისი ნაწილიდან მოვიდნენ და მითხრეს, - გიორგი ბაზიდან დავალებაზე გავიდა, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა, დაიკარგაო. ათი დღის შემდეგ კი მისი სიკვდილის ამბავი შემატყობინეს. ათი დღე ტყვედ ჰყავდათ ჩემი შვილი თალიბებს, ათი დღე მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამერიკელებსა და თალიბებს შორის... არ ვიცი, რაზე ვერ შეთანხმდნენ... ვერ გადამირჩინეს ამერიკელებმა ჩემი გიორგი.
ნიკა კიკაძე, გიორგის ძმა:
- გიორგი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2009 წლიდან მსახურობდა. კრწანისის სასწავლო ცენტრში საბრძოლო მომზადების კურსის გავლის შემდეგ მეორე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში ჩაირიცხა. 2012 წლის გაზაფხულზე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მოსამზადებელი 6-თვიანი კურსი გაიარა. ავღანეთში 2012 წლის ოქტომბერში წავიდა. ჩემი ძმა მანამდეც იყო ავღანეთში ნამყოფი. მესამედაც აპირებდა, მაგრამ აღარ დასცალდა. მოწოდებით სამხედრო იყო. ძალიან უნდოდა, რომ სამხედრო კარიერა გაეკეთებინა. ამის გამო "გეპეიში" სწავლაც კი მიატოვა. ამბობდა, - არმიაში ჩემი თავი ვიპოვე, სწორედ ეს არის ჩემი საქმეო. გიორგი ჩემთვის და ჩემი პატარა ძმისთვის სამაგალითოა. ჩვენ მისგან ვისწავლეთ, როგორ უნდა გიყვარდეს ოჯახი, როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს და როგორი უნდა იყო მეგობრებისთვის. ჩემი ძმა რომ არის, იმიტომ არ ვამბობ. ვინც გიორგის იცნობდა, ყველა დამემოწმება, რომ კეთილსინდისიერი და ალალმართალი ადამიანი იყო. სამშობლო ძალიან უყვარდა. აგვისტოს ომში დაღუპულ ბიჭებზე ხშირად ლაპარაკობდა. ამბობდა, რომ მათ პატივი ხვდათ წილად სამშობლოსთვის შეეწირათ თავი და გმირები გამხდარიყვნენო. გიორგი ჩემთვის, დედასთვის, ჩემი უმცროსი ძმისთვის გმირია, ის ჩვენი ოჯახის გმირია... ძალიან მწყდება გული, რომ ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო. არადა, გეგმავდა, მეუბნებოდა, ავღანეთიდან რომ ჩამოვალ, პირველ რიგში ცოლს მოვიყვან, ცოტა ხანს ოჯახური სიმყუდროვით დავტკბები და მერე ისევ ავღანეთში წავალო. ძალიან მწყდება გული, რომ ეს სურვილი ვერ შეისრულა, თავისი ბუდის აშენება ვერ მოასწრო, ცოლ-შვილი მას აუხდენელ ოცნებად დარჩა.
ხათუნა ბახტურიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)