ქართულ სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებები დღემდე არ იგრძნობა. სამშენებლო სექტორში დღეს არსებული მდგომარეობის შეფასება ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძეს ვთხოვეთ:
- ბატონო ანზორ, როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა ბინების ფასის მატება საქართველოსა და მის ქალაქებში?
- ფასები ყოველთვის დამოკიდებული და მიბმულია მოთხოვნასთან, ბაზართან. ამჟამად, საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა ძალიან შემცირებულია და ბიზნესი მიდის იმ დათმობაზე, რომ ფასები შეამციროს. ეს ხდება არა მარტო მშენებლობაში, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროშიც. თუ ბინა არ გაიყიდება, მშენებელს მოგებაც არ ექნება და მისი ბიზნესის გაგრძელებასაც აზრი არა აქვს. ამ ბოლო წლებში საქართველოში შეიქმნა ელიტური საზოგადოება, რომელმაც სწორი თუ არასწორი გზებით იშოვა ფული, მაგრამ დღეს ამ ადამიანების რიცხვი ძალიან მცირეა. რისი აშენებაც უნდოდათ, მათთვის უკვე ყველაფერი აშენებულია. იმას, ვისაც დიდი ფული აქვს მოხვეჭილი ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის ბიუჯეტის გაძარცვისა და გაყვლეფის ხარჯზე, საქართველოში არც დაედგომებათ, ისინი აქ არაფრის მყიდველები აღარ არიან და მასობრივად ცდილობენ უცხოეთში წავიდნენ, თავიანთი ფულიც საზღვარგარეთ "გადაქაჩონ" და ქონებაც იქ შეიძინონ. ისინი აქ უკვე ვეღარ აიშენებენ ძვირად ღირებულ სახლებსა თუ საცხოვრებელ ბინებს ელიტურ კორპუსებში, იმიტომ, რომ შეიძლება მათ მოსთხოვონ პასუხი, საიდან მოიტანეს ეს ფული. მომხმარებელი, რომელიც სამშენებლო ბიზნესს დარჩა, საკმაოდ მწირი ქონების მფლობელია, სწორედ ამიტომ, აჭარაში უკვე 400 დოლარამდე ჩამოვიდა 1 კვმ-ის ფართობი, ფასები შემცირდა თბილისშიც, რადგან ბინებს მყიდველი არა ჰყავს. ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობის იმედად მნიშვნელოვან გაძვირებას არ უნდა ველოდეთ, თუმცა, არის ერთი ნიუანსი: უცხოელები, რომლებიც საქართველოში ასე მრავლდებიან. ბევრი მშენებელი უკვე ფიქრობს, ისეთი სახლები ააშენოს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაზე არ იქნება გათვლილი, იმ იმედით, რომ ამ სახლებს შემდეგ უცხოელები შეიძენენ. ეს არის ძალიან სარისკო და არასასიამოვნო ამბავი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფასი მოიმატებს, არამედ დემოგრაფიული თვალსაზრისითაც.
- ალბათ კიდევ ერთხელ უნდა გავამახვილოთ ყურადღება მშენებლობის ხარისხზეც.
- გამორიცხულია, რომ აქ აშენდეს ისეთი ხარისხიანი, საიმედო შენობები, რომლებიც 8-ბალიან სეისმომედეგობას შეეფერება. ცნობილი ფაქტია, რომ 2010 წლის შემდეგ თბილისში ყველა მშენებლობა გადავიდა 8-ბალიან ნორმაზე, ამიტომ აქ ყველა სახლი გათვლილი უნდა იყოს 8-ბალიან სეისმომედეგობაზე. შვიდი ბალიდან რვა ბალზე გადასვლა მშენებლობის ღირებულებას ძალიან აძვირებს - დაახლოებით 20-30 %-ით და უფრო მეტადაც. თუ ამ ნორმებს დაიცავენ, სამშენებლო კომპანიების დანახარჯები გაიზრდება, რასაც, ბუნებრივია, ბინების გაძვირებაც მოჰყვება.
- არანაკლებ საფრთხეს შეიცავს ე.წ. იტალიური სახლებიც.
- სახლები, რომლებიც მე-19 - მე-20 საუკუნეების მიჯნაზეა აშენებული, ვერანაირ ნორმასა და სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რადგან მაშინ სეისმომედეგობაზე შენობები არ მოწმდებოდა. სწორედ ეს სახლებია მოქცეული ყველაზე დიდი რისკის ქვეშ. მათ შორისაა შენობები, რომლებსაც საძირკველიც კი არა აქვს, ისინი პირდაპირ, მიწის გრუნტზეა დადებული და საყრდენიც კი არა აქვს, ასეთი სახლი თბილისში ძალიან ბევრია და ყველა დასანგრევია. მხოლოდ იმ სახლების ფასადი შეიძლება შენარჩუნდეს, რომელთა გამაგრებაც დასაშვებია და რომლებსაც კულტურული მნიშვნელობა აქვს. ამას ემატება საბჭოთა პერიოდში აგებული შენობები, რომლებიც მხოლოდ შვიდ ბალზეა გათვლილი. მათი აშენებიდან 50, 60, 70 წელია გასული. ეს შენობები უკვე ამორტიზაციისაკენ მიდის და მათი სეისმომედეგობაც ძალიან დაბალია. საეჭვოა მესამე კატეგორიაც, ანუ ის კორპუსები, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1990-იანი წლებიდან შენდებოდა. არც ერთი მათგანი არ არის შემოწმებული სეისმომედეგობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიცით, გაუძლებს თუ არა ეს შენობები 8-ბალიან მიწისძვრას. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, ვერ გაუძლებს, იმიტომ, რომ მე კარგად მახსოვს, როგორ შენდებოდა ეს კორპუსები, როგორ იბრძოდნენ ეს ფირმები, რომ მაქსიმალური მოგება მიეღოთ. ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ თბილისი გაწირა, როდესაც ახლად აშენებული სახლები მიღება-ჩაბარების დროს გაათავისუფლა ყოველგვარი შემოწმებისაგან. ეტყობა, არც მოსახლეობას და არც ჩვენს მთავრობას ეს საფრთხე კარგად გაცნობიერებული არა აქვს.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)