აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო (NSA - National Security Agency) ყოველდღიურად მთელს მსოფლიოში მობილური ტელეფონებით გადაცემულ 200 მილიონამდე მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აკონტროლებდა. ინფორმაციას ამის შესახებ ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენის მიერ მოწოდებული ცნობების საფუძველზე გაზეთი The Guardian ავრცელებს. მიღებული ინფორმაციის გადამუშავების შედეგად, NSA ცნობებს მსოფლიოს მასშტაბით, აბონენტების ადგილმდებარების შესახებაც აგროვებდა.
ტექსტური შეტყობინების მისაღებად პროგრამა Dishfire გამოუყენებოდა. მისი მეშვეობით სააბონენტო მოწყობილობიდან ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის "ამოქაჩვა" შეიძლება. კერძოთ NSA სერვერებში ილექებოდა ინფრომაცია ფიჭური ქსელების აბონენტთა პირადი მიმოწერის, ტურისტული გეგმებისა და ფულადი გზავნილების შესახებ. კონტროლს ის პირებიც ექვემდაბარებოდნენ, რომლებიც უკანონო ქმედებებში არასდროს იყვნენ შემჩნეულნი.
უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სპეციალური პროგრამების გამოყენებით NSA კომპიუტერების სამომხმარებლო ქსელის გაკონტროლებას ცდილობდა. პროგრამის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კომპიუტერების ხელოვნური დავირუსება და შემდგომ მყარი დისკებიდან ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება ხორციელდებოდა. სნოუდენის მტკიცებით, ასეთი ვირუსული პროგრამებისგან 100 ათასზე მეტი პერსონალური კომპიუტერი დაზარალდა.
პენტაგონის დახურული მოხსნების თანახმად, სნოუდენმა რომელიც მანამდე NSA-ზე და ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროზე მუშაობდა, 1,7 მლნ საიდუმლო ფაილი დაიტაცა. ინფორმაცია აშშ-ის არმიის, ფლოტისა და საჰაერო ძალების შესახებ საიდუმლო ცნობებს შეიცავდა. 2013 წლის 14 ივნისს, აშშ-ში სნოუდენს დაუსწრებლად ბრალი ჯაშუშობასა და სახელმწიფო საკუთრების დატაცებაში წაუყენეს და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს. თავად სნოუდენმა თავი ჯერ ჰონ-კონგს, შემდეგ კი რუსეთს შეაფარა, სადაც 1 თვეზე მეტი აეროპორტ "შერემეტიევოს" ტრანზიტულ ზონაში გაატარა. 2013 წლის აგვისტოში მოსკოვმა სნოუდენს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. მას შემდეგ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მისი ზუსტი ადგილსამყოფელი არ ხმაურდება.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.