19 იანვარს მართლმადიდებლები ნათლისღების დღესასწაულს აღვნიშნავთ. მკითხველებმა უამრავი შეკითხვა გამოგვიგზავნეს ამ დღესთან დაკავშირებით. შევეცადეთ, მათი ინტერესი სრულად დაგვეკმაყოფილებინა.
- რა არის გამოსახული ნათლისღების ხატზე?
არქიმანდრიტი მაკარი:
- ნათლისღების ხატზე გამოსახულია მაცხოვრის ნათლისღება. როდესაც მაცხოვარი 30 წლის შეიქნა, მივიდა იოანესთან ნათლისღებისთვის და ნათელ იღო იორდანეში. ვიცით, რომ ამ დრომდე ცოტა ხნით ადრე იოანე უდაბნოდან გამოვიდა და ადამიანებს სინანულისკენ მოუწოდებდა, ვინც მასთან სინანულით მიდიოდა, აღიარებდნენ თავიათ ცოდვებს და იორდანეში ნათლისღებით განიწმინდებოდნენ. იოანეს მიერ აღსრულებული ნათლისღება არ იყო ის ნათლისღება, რასაც ამჟამად წმინდა ეკლესია აღასრულებს. ეს იყო ცოდვათა მისატევებელი ნათლისღება, - ძველაღთქმისეული განწმენდა. სწორედ მასთან მივიდა მაცხოვარი ნათლისღებისთვის, რითაც საკუთარ თავზეც აღასრულა სჯული და მოგვცა მაგალითი ნათლობისა. ამ დროს აღესრულა უდიდესი საიდუმლო. თავად უფალს ნათლისღება არ სჭირდებოდა, როგორც ეს სჭირდება ყველა ადამიანს, რამეთუ მასზე არ იყო ადამის ცოდვა (რომელიც მემკვიდრეობით გადადის ყველა ადამიანზე). ის იყო სრულიად უცოდველი, მაგრამ როგორც მამები გვასწავლიან, როდესაც უფალმა ნათელ იღო იორდანეში, მასში ნათელ იღო მთელმა კაცობრიობამ. ქრისტეს ნათლისღებით მოხდა ადამიანური ბუნების, კაცობრიობის განწმენდა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნათლისღება აღარ გვჭირდება. საკუთარი ნათლისღებით უნდა შევუერთდეთ ამ ნათლისღებას. სწორედ ეს მოვლენაა გამოსახული ნათლისღების ხატზე. მასზე ვხედავთ, რომ მაცხოვარი დგას იორდანეში და ნათელს სცემს იოანე. ასევე გამოსახულია მტრედი. როგორც სახარება გვეუბნება, მაცხოვრის ნათლისღების დროს სულიწმიდა გარდამოვიდა ვითარცა მტრედი და ეს იყო კაცთათვის სახილველი. ის ადამიანთა თვალთათვის შესახედად როგორც მტრედი, ისე გამოჩნდა. ნათლისღების ხატზე გამოსახულია ანგელოზებიც. სახარება არ მოიხსენიებს, რომ მაცხოვრის ნათლისღების დროს ვინმეს ანგელოზები ეხილოს, მაგრამ ცხადია, იქ მყოფობდნენ, რადგან ანგელოზები თავიანთ მარადიულ, დაუსაბამო და დაუსრულებელ მეუფეს ყველგან ემსახურებიან და ცხადია, ქრისტეს ნათლისღების დროსაც ანგელოზთა უამრავი წყება და დასი იქნებოდა, რამეთუ მათი მეუფე, მთელი სამყაროს მეუფე იდგა იორდანეში ნათლისღებისთვის.
ხატის ზემო ნაწილში გამოსახული წრის მონაკვეთი სიმბოლურად, ცას აღნიშნავს, რომელიც, როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ადამმა დაახშო, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე შთამომავლობისთვის. წრის ეს მონაკვეთი მიანიშნებს "ცათა შინა" ღმერთის მყოფობაზე". საღვთისმსახურო ტექსტების შესაბამისად, ნათლისღების ამსახველ ხატზე მაცხოვარი უმეტესწილად, შიშველი სხეულით გამოისახება, რამეთუ ხორცის სიშიშვლით (იგულისხმება ჯვარზე გაკვრა) მაცხოვარი დიდებისა და უხრწნელობის სამოსით შემოსავდა ადამისა და მისი მოდგმის, - მთელი კაცობრიობის სულიერ სიშიშვლეს. იოანე ნათლისმცემელს, რომელიც ხელს ასხამს - ნათელს სცემს მაცხოვარს, მარცხენა ხელში გრაგნილი უჭირავს, სიმბოლოდ მისი ქადაგებისა.
- რა მნიშვნელობა აქვს სადღესასწაულო მოვლენების ხატწერით გამოხატვას?
- ხატის უმთავრესი დანიშნულება ის არის, რომ ადამიანებმა უფრო ადვილად აღიქვან საღმრთო მადლი, რადგან ჩვენი გამიწიერებული გონება ძნელად აკეთებს მობილიზაციას, რომ უფალთან მყოფობას მიაღწიოს. ხატები არის სარკმელები მიღმურ, ზეციურ სამყაროში და ის სიწმინდეები, რომელთა ხილვითაც ჩვენი გონება უფრო კონცენტრირებული ხდება. როდესაც ხატების წინაშე ვლოცულობთ, გვახსენდება უფალი, წმინდა მოვლენები, წმინდანები და ამ დროს ჩვენი გონება და გული ღვთისკენ მიიდრიკება. რაც უფრო გულისყურითა და ყურადღებით ვლოცულობთ, მით მეტად ვართ მიმღებნი იმ მადლისა, რაც დაუსრულებლად მოედინება უფლისგან მთელ სამყაროზე. ხატები, განსაკუთრებით - სადღესასწაულო ხატები ემსახურებოდა ადამიანთა სასულიერო განათლებასაც. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როდესაც სადღესასწაულო მოვლენების ამსახველი ხატები იქმნებოდა, უამრავმა ადამიანმა არ იცოდა წერა-კითხვა. მხოლოდ სმენით, ეკლესიაში ქადაგებით იღებდნენ სწავლებებს, ხოლო როდესაც მოსმენილ საღმრთო მოვლენას ხატებზე გამოსახულს ხედავდნენ, უფრო იოლად იმახსოვრებდნენ ამ ყველაფერს. თუმცა, ეს არის უფრო ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხატებისთვის თანამდევი მნიშვნელობა, რადგან ხატის უპირველესი მნიშვნელობა ის გახლავთ, რომ მიგვაახლოს უფალთან, უფრო ხშირად გაგვახსენოს უფალი და მათზე გამოსახული პირველსახეები.
- რატომ აღესრულება ნათლისღების დღესასწაულზე დიდი აიაზმა?
მამა დავით ქვლივიძე:
- ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა ეკლესია წყლის კურთხევას აღასრულებს, რასაც დიდი აიაზმა - წყლის კურთხევა ეწოდება. არსებობს დიდი და მცირე აიაზმა. დიდი აიაზმა მხოლოდ ნათლისღების დღესასწაულის წინადღეს და თავად ნათლისღების დღესასწაულზე აღესრულება; ქრისტიანებსაც განსაკუთრებული კრძალვა, სასოება და რწმენა აქვთ მისდამი. წყლის კურთხევის დროს ღვთისმსახურნი სამჯერ შთაფლავენ ჯვარს წყალში და ჯვარს გამოსახავენ, რაც სიმბოლურად განასახიერებს უფლის სამჯერ შთაფვლას მდინარე იორდანეში... უფალი ნათლობას უწოდებს სულიერ შობას და ბრძანებს: "რომელი არა იშვას წყლითა და სულით, მას ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფევლისა ღვთისა". აქედან გამომდინარე, ნათლობას ჰქვია სულიერი შობა, რომელიც აღესრულება წყლითა და სულით, სულიწმიდის მადლით. ამდენად, წყალს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თავად უფალმა წყალში შთასვლით ინება ნათლისღება, - წყალში ჩავიდა და ნათელ იღო. უფალს ნათლისღება არ სჭირდებოდა, მაგრამ ნათლისღებით მოგვცა მაგალითი ნათლობისა. ნათლობის დროს წყალში შთასვლით მაცხოვარმა მთელი სამყაროს წყლები აკურთხა, წყლის ბუნება შეცვალა, მას მაკურნებელი ძალა მიეცა, ამიტომაც აღესრულება ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევა - წყალკურთხევის საიდუმლო.
როგორც ვთქვით, დიდი აიაზმა აღესრულება მხოლოდ ერთხელ, ნათლისღების დღესასწაულზე. მცირე აიაზმა კი ნებისმიერ დროს შეიძლება აღესრულოს. დიდი აიაზმის კურთხევის დროს ლოცვებიც განსხვავებული იკითხება და ამ დროს ნაკურთხი წყალი განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენს. იგი მთელი წლის განმავლობაში ინახება და როგორც უდიდეს სიწმინდეს, ისე იხმევენ ადამიანები - განსაკუთრებულ შემთხვევებში, სულიერი და ფიზიკური სნეულების ჟამს. დიდი აიაზმის აღსრულების დროს წარმოთქმულ ლოცვებშიც ევედრება ღვთისმსახური უფალს, რომ ის იქცეს საკურნებლად სულისა და ხორცისა. მცირე აიაზმაც დიდ სიწმინდეს წარმოადგენს, მისი მიღება ნებისმიერ დროს შეიძლება, - დილით უზმოზე, საზრდელის მიღების წინ, ძილის წინ, აპკურებენ სხვადასხვა ნივთს... უზმოზე შეგვიძლია მივიღოთ დიდი აიაზმაც. ნაკურთხ წყალს უდიდესი მოწიწებით უნდა მოვექცეთ. უდიერად მოპყრობის შემთხვევაში გაიხრწნება. არ შეიძლება ბაგით შევეხოთ ბოთლს, რომელშიც ნაკურთხი წყალია მოთავსებული ან თავდაუხურავი დავტოვოთ. ნაკურთხი წყლის გამრავლება შეგვიძლია ჩვეულებრივი წყლის დამატებით.
- როგორ ვიხმიოთ ნაკურთხი წყალი, რომ მისგან კურნება მივიღოთ?
- როდესაც მაცხოვართან მიდიოდნენ ადამიანები და განკურნებას სთხოვდნენ, უფალი მიუგებდა, - მოგეტეოს შენ შეცოდებანი შენი და სარწმუნებამან შენმან გაცხოვნოს შენ. ნაკურთხი წყლისა თუ სხვა სახის სიწმინდეების მიღება უნდა მოხდეს რწმენით. როგორი სარწმუნოებითაც მივიღებთ, ისევე მოგვეგება.
- ნათლისღების დღესასწაულზე მდინარე იორდანეზე ყოველწლიურად სასწაული აღესრულება...
- როდესაც ნათლისღების დღესასწაულზე იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს, მდინარე წამიერად ჩერდება და აღმა იწყებს სვლას, - წყალი თავის ბუნებასა და ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგება და იწყებს აღმასვლას, შემდეგ კვლავ ჩვეული მიმართულებით დინებას განაგრძობს. ეს არის ხილული დასტური იმისა, რაც უხილავად ხდებოდა, უხილავად გვწამს. ნათლისღების მსახურების ლოცვებშიც წერია, - როდესაც წყალში შთამავალი ღმერთი დაინახეს, წყლებიც კი შეძრწუნდნენ და იქცნენ მართლუკუო.
აქტუალური კითხვები
- ხშირად შემიმჩნევია, რომ როდესაც ადამიანი გაღიზიანებულია, ცუდ ხასიათზეა, ცდილობს, სხვებიც გამოიყვანოს მდგომარეობიდან. ერთმა გოგონამ პირდაპირ მითხრა ამის შესახებ. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? საერთოდ, რატომ იქცევიან ადამიანები ასე?
- შეიძლება ადამიანი ასე შეგნებულად არ იქცეოდეს. როდესაც გაბრაზებულები ვართ, ხშირად ჩვენც ასე ვმოქმედებთ. ადამიანი მუდამ იმაზე არ ფიქრობს - რადგან გაბრაზებული ვარ, ყველა ცუდად უნდა იყოსო. ხანდახან ადამიანი იმყოფება სულიერად ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ამის გამო პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ. პირიქით, გვერდით უნდა დავუდგეთ და ვეცადოთ, სტრესული მდგომარეობიდან საუბრით, შეგონებით, ლოცვით გამოვიყვანოთ.
- მაინტერესებს, რა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს შობიდან მეორმოცე დღეს ყრმის ტაძარში მიყვანას? ვიცი, რომ ახალშობილის შობიდან მეორმოცე დღეს ტაძრად მიყვანების წესი ძველი აღთქმის პერიოდშიც აღესრულებოდა...
- ძველი აღთქმის სჯულის მიხედვით, შობიდან მეორმოცე დღეს ახალშობილი ყრმა მიჰყავდათ ტაძარში და აღასრულებდნენ მსხვერპლშეწირვას, რაც მაცხოვარმა თავის თავზეც აღასრულა - შობიდან მეორმოცე დღეს იერუსალიმის ტაძარში წარდგინებით. ვიცით, რომ ეს მოვლენა მირქმის სახელწოდებითაცაა ცნობილი. ეს იყო სამადლობელის შეწირვა ღვთისადმი შვილიერების მინიჭების გამო. ადამიანებს ყოველთვის უნდა ხსომებოდათ, რომ თავიანთი დამსახურებიდან და მცდელობიდან გამომდინარე კი არ მიეცათ მათ შვილი, არამედ უფალმა მისცა, - შვილიერება ღვთის წყალობაა. შობიდან მეორმოცე დღეს ყრმის ტაძრად მიყვანების წესი ახალ აღთქმაშიც აღესრულება და იგივე დატვირთვა აქვს, რაც ძველ აღთქმაში. ამ წესის აღსრულებით უფლის წინაშე ვაღიარებთ, რომ "ბავშვი არა ჩემი, არამედ შენია, უფალო". ყველა ადამიანი ღვთის შვილია, რომელსაც უფალი ხორციელ მშობლებს აძლევს აღსაზრდელად. შვილი ისე უნდა გავზარდოთ, რომ თავისი ცხოვრებით უფალი ადიდოს და უფალთან დაიმკვიდროს. როდესაც შვილები გვყავს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ისინი ჩვენ უფალმა მოგვცა აღსაზრდელად და ისინი არა ჩვენი, არამედ უფლის საკუთრებაა ისევე, როგორც თავად ჩვენ. როდესაც ადამიანი ამ ქვეყნიდან გავა, ისე უნდა ჰქონდეს ცხოვრება გავლილი, რომ უფალთან დაიმკვიდროს, - მისი არაქრისტიანული ცხოვრებისა და უფალთან ვერდამკვიდრების მიზეზი მშობელი არ უნდა გახდეს.
ყრმის ტაძრად მიყვანების დროს ძველ აღთქმაში აღესრულებოდა მსხვერპლშეწირვა, ახალ აღთქმაში კი იკითხება ლოცვები, რომლებიც ახალაღთქმისეულ პერიოდშია შექმნილი. მოძღვარი ლოცვით შესთხოვს უფალს, რომ ბავშვი გაიზარდოს ღვთის სათნო პიროვნებად, იყოს ღვთის მადიდებელი და ღვთის წყალობა იყოს მასზე, პირველ რიგში კი, როგორც ვთქვით, ამ წესის აღსრულებით მადლობას ვწირავთ უფალს, შვილიერების მონიჭებისთვის.
(გამოდის ხუთშაბათობით)