ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჩანაწერების თაობაზე 24 საათის განმავლობაში ცნობილი ვერ გახდებოდა, რადგან ყოფილმა პრემიერმა განცხადება მეოთხე დღეს გააკეთა. ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. სასჯელაღსრულების მინისტრი ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, რომ შესაძლოა, პიარულად სწორი ყოფილიყო განცხადება მაშინვე რომ გაკეთებულიყო.
"24 საათის განმავლობაში ამის შესახებ ვერ გახდებოდა ცნობილი, რადგან ვანო მერაბიშვილმა მეოთხე დღეს გააკეთა განცხადება, თუმცა დავით უსუფაშვილს ვეთანხმები. მაშინვე რომ გაგვეკეთებინა განცხადება, შეიძლება პიარულად გაცილებით უკეთესი ყოფილიყო. უბრალოდ, ჩვენ დაველოდეთ, როდის დამთავრდებოდა სრული მოკვლევა. მოკვლევა არ იყო მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება იმის თაობაზე, არსებობს თუ არა ჩანაწერი. მოკვლევა გულისხმობდა სხვა ბევრ კომპონენტსაც. დავით უსუფაშვილს აბსოლუტურად დავეთანხმები იმაში, ეს ერთი ნაწყვეტი, რომ წინასწარ გამოქვეყნებულიყო, შეიძლებოდა სწორი ყოფილიყო პიარულად და ნაკლები ხმაური ყოფილიყო. უბრალოდ ჩავთვალე, რომ სრულად უნდა შეგვესწავლა საქმე. რაც შეეხება გამოძიებას, პროკურატურამ ძალიან მკაფიოდ გააკეთა განმარტება. როცა არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, გამოძიებას ვერ დაიწყებენ", - აღნიშნა სუბარმა.
მისივე განმარტებით, ჩანაწერების წაშლასთან დაკავშირებული რეგულაციები ძირითადად ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ხელისუფლების დროიდან მოდის.
სუბარის თქმით, მთლიანად სისტემის გამართვას ძალიან დიდი თანხები და გარკვეული დრო სჭირდება.
მინისტრის განმარტებით, ამ კუთხით უწყება ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაზე მუშაობს.
სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან მიმდინარე აქციასაც გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა -თავისუფლება ვანო მერაბიშვილს.
"მისამართი შეეშალათ. საქართველოში დღეს სასამართლო დამოუკიდებელია და სასამართლო იღებს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ რაც შეგვეხება, ნებისმიერი პატიმრის, მათ შორის მერაბიშვილის უფლებებიც იქნება დაცული. მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამაზე შეუძლიათ არ ინერვიულონ", - აღნიშნა სუბარმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვანო მერაბიშვილის საკნის ვიდეოჩანაწერების 24 საათში წაშლასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების მინისტრს კითხვით მიმართავს.
როგორც დავით უსუფაშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "ემას შოუში" განაცხადა, ამ ვიდეოჩანაწერების არსებობა-არარსებობის თაობაზე საზოგადოების მხრიდან თავიდანვე დიდი ინტერესი არსებობდა.
"ამიტომ ვეკითხები ბატონ სუბარს, ხომ არ ჯობდა, ბატონო სოზარ, ის ფაქტი, რომ ჩანაწერები 24 საათის შემდეგ უკვე იყო წაშლილი, რადგან სისტემა ასეთია, საზოგადოებისთვის გვეთქვა შემდეგი 24 საათის განმავლობაში ან იმ მომენტში, როდესაც ეს მინისტრისთვის გახდა ცნობილი. ამ კითხვაში პასუხიც არის – მგონი, ჯობდა. ამით თავიდან ავიცილებდით ხმაურს და აურზაურს ამ თემაზე", - განაცხადა უსუფაშვილმა.
იხილეთ ვიდეო: დავით უსუფაშვილმა სოზარ სუბარს "პალიტრის" ეთერში კითხვით მიმართა