თბილისში შესაძლოა, შუქნიშნები გაითიშოს

თბილისში შესაძლოა, შუქნიშნები გაითიშოს

შესაძლოა, საფრთხე შეექმნას საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის არ გამოვრიცხავთ საქმე იქამდე მივიდეს, რომ დედაქალაქში შუქნიშნებიც კი გაითიშოს, - განაცხადა საკრებულოს უმცირესობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლები თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, უმცირესობის წევრები მერიის ტრანსპორტის, საფინანსო და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და 2014 წლის ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრეს.

როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განმარტა, ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, დედაქალაქი დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტის 1/12 არ არის საკმარისი გაგრძელდეს კომფორტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროგრამა, ჩვენ შევწყვიტეთ მიმდინარე ტენდერი, რომელიც 100 ახალი ავტობუსის შეძენას გულისხმობდა. დედაქალაქის მთავარი დოკუმეტის ჩავარდნის შემთხვევაში, ასევე მარტის თვიდან საფრთხე ემუქრება 600 ათას თბილისელს, რომლებიც მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათებით სარგებლობდნენ. ვერ გავცემთ ხელფასებს სატრანსპორტო კომპანიაში მომუშავე 5 700 თანამშრომელზე. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ აღნიშნული პრობლემები მოსახლეობაზე არ აისახოს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ დედაქალაქის საკრებულო 2014 წლის ბიუჯეტს არ მიიღებს, ქალაქი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება", - განაცხადა აკაკი ჯოხაძემ.

საკრებულოს უმცირესობის წევრები უმრავლესობასთან კონსულტაციებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და კოლეგებს ბიუჯეტის პროექტის მიღებისაკენ მოუწოდებენ.

"ინფორმაცია, რომელიც დღეს მივიღეთ საკმაოდ შემაშფოთებელია. მაგალითად, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის არ გამოვრიცხავთ საქმე იქამდე მივიდეს, რომ დედაქალაქში შუქნიშნებიც კი გაითიშოს. ასევე, კეთილმოწყობის მიმართულებით შეიძლება ნაგვის გატანის პრობლემა წარმოიშვას. 3700 ადამიანი კი, რომელიც აქ არის დასაქმებული, უხელფასოდ დარჩეს. პრობლემები ექმნება შემოერთებული სოფლების წყალმომარაგების საკითხს, ვაუჩერების დაფინანსებას და ა.შ. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ საფრთხეებისა, რომელიც შესაძლოა ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში იწვნიოს დედაქალაქმა. ჩვენ, კიდევ ერთხელ მივმართავთ საკრებულოს უმრავლესობას, მზად ვართ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ მათ და მოვუწოდებთ, ნუ მიიღებენ ბრმად მათი ბელადების შემოთავაზებულ მითითებებს, რომელიც ბიუჯეტის ჩავარდნას გულისხმობს", - განაცხადა საკრებულოს უმცირესობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

როგორც საკანონმდებლო ორგანოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ანალოგიური შეხვედრები მერიის სხვა საქალაქო სამსახურებთანაც გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია