გიგი უგულავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სიცრუეში ადანაშაულებს. "გული მწყდება, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არათუ არაკომპეტენტურობას ავლენს ქვეყნის ეკონომიკისა და ზოგადად ქვეყნის მართვის საკითხში, ის უბრალოდ მატყუარაც არის, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი მხრიდან ხუთ წუთში ერთხელ, ბიძინა ივანიშვილის, როგორც მაშველი რგოლის მოხსენიებაზე", - ნათქვამია გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.
უგულავას თქმით, მისი უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, რაზეც ასევე შეშფოთება გამოთქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელმა მაიკლ იენსენმა, პრემიერ-მინისტრმა უბრალოდ იცრუა, როცა თქვა, რომ თითქოს არ ჩარეულა მოსამართლის "პარტიზანული ღამის გადაწყვეტილებაში".
"სასამართლო პროცესამდე ჩემს მიერ გაკეთებული განცხადება მოწმობს, რომ წინასწარ ცნობილი იყო, თუ რა შედეგი დადგებოდა. მე მივუთითე გვარებიც, თუმცა ცხადია, პროკურატურას არაფერი გამოუძიებია. მეგობრებო, მე განმარტება აუცილებლად მივიჩნიე, რადგან პრემიერ-მინისტრი ურცხვად ტყუის, თუმცა ვაღიარებ, რომ იმ აბსურდის კასკადთან შედარებით, რაც შემდეგ მოჰყვა ზემოთაღნიშნულ საკითხს, ყოველივე ეს ნამდვილად მეორეხარისხოვანია", - აცხადებს გიგი უგულავა.