ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაში პროკურატურა შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვას გეგმავს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის, ეკა ასათიანის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინტენსიურად მუშაობს.
"პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა იმსახურებს შექებას. მათ მოკლე დროში ოთარ ფარცხალაძის მეთაურობით ბევრი საქმის გამოძიება შეძლეს და ბევრი საქმის განახლება მოხდა", - აღნიშია პრემიერმა.
მისივე თქმით, საუბარი ნამდვილად მიმდინარეობს ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაციაზე.
"ჟვანიას საქმეს რაც შეეხება, საუბარია ექსჰუმაციაზე, რათა არ გაჩნდეს რაიმე შეკითხვები. ვაპირებთ, პროკურატურა გეგმავს, რომ მოხდეს შვეიცარიის ლაბორატორიის ჩართვა, ვაპირებთ შეიქმნას გარკვეული კომისია. ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები თომას ჰამერბერგთან, რათა ისიც ჩაერთოს, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს ეს პროცესი. ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ ამ საქმის ირგვლივ გამოიძება იქნას წარმართული და არც ერთი კითხვა აღარ დარჩეს", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, ცხედრის ექსჰუმაციასთან დაკავშირებით ასევე საუბარია ისრაელის ერთ-ერთ ლაბორატორიასთანაც. "ასე რომ, გვაქვს რამდენიმე ვარიანტი როგორც ისრაელში, ასევე შვეიცარიაში".