2013 წლის ბოლოს დამტკიცებული ბიუჯეტის კანონის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქეები, რომელთა წლიური შემოსავალი 6 ათას ლარს არ აღემატება, დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით ისარგებლებენ. ისინი წლის ბოლოს უკან დაიბრუნებენ წლის მანძილზე საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი საარსებო მინიმუმის 20 პროცენტს.
ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი ისე გადაამუშავა, რომ მოსახლეობას გადასახადების შემცირების ნაცვლად, დაუბეგრავი მინიმუმი შესთავაზა. ბიუჯეტის პირველი პროექტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი 20-დან 18 პროცენტამდე მცირდებოდა, ასევე უნდა გაუქმებულიყო დივიდენდის 5 პროცენტიანი გადასახადი. ახალმა მთავრობამ კი მიზანშეწონილად მიიჩნია შეღავათი მიეცა იმ მოქალქეებისთვის, რომელთა თვიური შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია. ამ ინიციატივის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან 1 800 ლარზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი მოქალაქემ უნდა დაიბრუნოს წლის დასრულების შემდეგ.
რა პროცედურების გავლა მოუწევს დასაქმებულს კუთვნილი თანხის მისაღებად, ისარგებლებენ თუ არა ამ თანხით კერძო სექტორში დასაქმებული და თვითდასაქმებული მოქალაქეები? ამ კითხვებით "ამბები.გე"-მ ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, თეა ბეგიაშვილს მიმართა.
როგორც თეა ბეგიაშვილი აცხადებს, დაუბეგრავი მინიმუმის მიღებას ქვეყნის მოქალაქეები მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან შეძლებენ, მანამდე კი სამინისტრო ბანკებთან ერთად ტექნიკური პროცედურების საბოლოო ვარიანტის შემუშავებაზე მუშაობს:
"თანხის მიღების მსურველი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ბაზაში ფიქსირდება, ძალიან მარტივად მიიღებს კუთვნილ თანხას, დეკლარაციის შევსების შემდეგ ბანკში პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე. ამჟამად ფინანსთა სამინისტრო ბანკებთან ერთად ამ ტექნიკური პროცედურების საბოლოო ვარიანტის შემუშავებაზე მუშაობს. ფინანსთა სამინისტროს ეს ინიციატივა ეხება საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულ ყველა იმ პირს, ვისი წლიური შემოსავალიც 6000 ლარს არ აღემატება, ანუ თვეში 500 ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებს.
შეღავათით ვერ ისარგებლებენ მოქალაქეები, რომლებსაც ხელფასის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნიათ.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ეს ინიციატივა საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პარლამენტში წარდგენისთანავე დაიწუნეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს და მას ნოდარ ხადურის აფიორას უწოდებს:
"დასაქმებულ ადამიანს რაც ეკუთვნის, უკან აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს. გადასახადების შემცირების ნაცვლად სამინისტრომ ეს მეთოდი აირჩია. ყველაფერი ისე არის გაკეთებული, რომ ხალხმა ვერ შეძლოს ფულის უკან დაბრუნება. დეკლარაციის შევსების პროცედურა ჯერჯერობით უცნობია და ვფიქრობ, რომ ბიუროკრატიულ შემთხვევებს ექნება ადგილი. რა დააშავა ადამიანმა, რომელსაც ოფიციალურად დოკუმენტურად დადასტურებული ხელფასის ცნობა არ აქვს, მაგრამ 500 ლარზე ნაკლები აქვს შემოსავალი? მაგალითად ადამიანი, რომელიც სახლს აქირავებს ან მცირე ბიზნესით ირჩენს თავს?",- ამბობს გიორგი ვაშაძე.
ბიზნესის ასოციაციის საბაჟო საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ლალაზაშვილი გიორგი ვაშაძის მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს არის კონკრეტულ სოციალურ ფენაზე მორგებული ინიციატივა:
"ეს არ არის ბიზნეს-ინიციატივა, ეს სოციალური ინიციატივაა მცირეშემოსავლიანი ადამიანებისთვის, რომ მათ საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლოს უკან დაუბრუნდეთ. ვფიქრობ, ამ ინიციატივამ, შესაძლოა, განსაკუთრებული ეფექტი ვერ მოახდინოს ბენეფიციარებზე, მაგრამ ვიდრე კონკრეტული ციფრები არ დაიდება, რთულია ცალსახად ვიმსჯელოთ ინიციატივის ეფექტურობაზე."
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაქირავებულთა რაოდენობა 662 ათას ადამიანს შეადგენს, აქედან 2/5-ზე მეტი სახელმწიფო და საჯარო სექტორში მუშაობს. მათ შორის არიან პედაგოგები, ექიმები, მსახიობები, რომელთა ყოველთვიური ხელფასის ოდენობა 400-500 ლარს შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულად ითვლება 1 724 000 ადამიანი. აქედან, თვითდასაქმებულია 1 054 000, დაქირავებული კი - 662,2 ათასი ადამიანი. შესაბამისად, რთულია ვიმსჯელოთ, 1 054 000 თვითდასაქმებულიდან დაუბეგრავი მინიმუმის შეღავათით რამდენი ადამიანი შეძლებს სარგებლობას.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge