"გამგეობებისა და სამსახურების საქმიანობის შესწავლის გაგრძელებას ვაპირებთ. გვინდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ყოფილი მერი მარტო იმ 47 მილიონის მოპარვასა და გაფლანგვაში კი არაა დამნაშავე, არამედ უამრავ კორუფციულ გარიგებაში იყო გარეული", - აცხადებს "რეზონანსთან" ინტერვიუში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძე და დასძენს, რომ კომისიის საქმიანობის შედეგების სახით, მომავალში კიდევ ბევრ სიახლეს შევიტყობთ.
დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები საკრებულოს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის არ წყდება. სარევიზიო კომისია 2012-2013 წლებში მერიის, გამგეობებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა სამსახურების საქმიანობას სწავლობს და შედეგებს პერიოდულად საზოგადოებას აცნობს, რომელთაც "ნაციონალი" დეპუტატები არ ეთანხმებიან და ბრალდებებს კონტრბრალდებებს უხვედრებენ.
ბოლოს სარევიზიო კომსიამ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობების შემოწმების შედეგები წარმოადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ დარღვევები იქ ძირითადად ჩატარებულ ტენდერებს უკავშირდება. მაგალითად, სამშენებლო კომპანია "კოლხთან" გაფორმებული ხელშეკრულება შემსრულებელმა ვადაზე ადრე შეწყვიტა, თუმცა თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გამგეობისთვის აგვისტოში გახდა ცნობილი, ისიც მხოლოდ შემსრულებელი კომპანიის მიერ გამგეობისთვის მიმართვის შემდეგ. ამის შემდეგ ვაკე-საბურთალოს გამგეობამ წერილობით მიმართა სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" (რომელიც შპს "კოლხის" გარანტორი იყო) და აღნიშნა, რომ შემსრულებელ ორგანიზაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები საერთოდ არ შეუსრულებია და, შესაბამისად, ავანსად გაცემული თანხა (249 ათასი ლარი) არამიზნობრივადაა მიმართული.
ამავდროულად იგივე სამუშაოს შესრულებაზე გამგეობამ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 1 000 000 ლარზე დადო ხელშეკრულება შპს "პარმასთან".
ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, აგვისტოში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით არის გაფორმებული ხელშეკრულება შპს "კომპანია ბლექ სი გრუპთან" (ხელშეკრულების ღირებულება 750 ათასი ლარი), თუმცა ხელშეკრულებაში არ არის მითითებული სამუშაოს შესრულების ზუსტი ადგილი, გაურკვეველია სად უნდა შესრულებულიყო სამუშაოები.
გარდა ამისა, სარევიზიო კომისია ყურადღებას "ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობაში ყოფნის პერიოდში გაცემულ პრემიებსა და სამივლინებო თანხებზეც ამახვილებს. მათი ინფორმაციით, 2011 წელს მხოლოდ მამუკა ახვლედიანს მივლინებებზე 23 ათასზე მეტი ლარი აქვს დახარჯული, მაშინ როდესაც საკრებულოს სხვა დანარჩენი წევრების მივლინებები ამავე წელს 54 ათას ლარზე მეტი დაჯდა.
რაც შეეხება 2012 წელს, ამ პერიოდში საკრებულოს წევრების მივლინებებში 56 ათას ლარამდე დაიხარჯა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მამუკა ახვლედიანის სამივლინებო ხარჯებმა 53 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
ბრალდებებს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები გამოეხმაურნენ და ოპონენტებს საკუთარი პრემიებისთვის გამოყოფილი თანხები შეახსენეს. ამაზე "ქართული ოცნების" დეპუტატების პასუხი ასეთია: ისინი, "ნაციონალებისგან" განსხვავებით, ღამის 2-3 საათამდე მუშაობენ, გაცილებით მეტ საქმეს აკეთებენ და პრემიებს ამიტომაც იმსახურებენ. გარდა ამისა, ამბობენ, რომ უმრავლესობაში მათი მოსვლის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარეც და რიგითი თანამშრომელიც პრემიას ერთნაირად იღებენ.
ისინი "ნაციონალების" კრიტიკას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ, განსაკუთრებით მას მერე, რაც გაირკვა, რომ მერიის მიერ 2012 წლის იანვრიდან 2013 წლის ივლისამდე შრომის ანაზღაურებაზე 14 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, აქედან ხელფასებზე 4,5 მილიონი, თანამდებობრივ სარგოზე მილიონ ლარზე მეტი, ხოლო პრემიებზე 9 მილიონი.
როგორც სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ქავთარაძემ რამდენიმე კვირის წინ ბრიფინგზე თქვა, ზოგჯერ პრემია თანამშრომლის ხელფასს 5-6-ჯერ აღემატებოდა.
გარდა ამისა, ისინი თბილისის მერიის მიერ მოწყობილ მიღებებზე დახარჯულ თანხებსაც ასაჯაროებენ და ამბობენ, რომ 900 ათას ლარამდე წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 484 255 ლარი (54%) მოწვეული სტუმრებისთვის სხვადასხვა რესტორნებსა და ბარებში გამართული ვახშმის და მიღება-ფურშეტების მოწყობაზე მოდის.
გარდა ამისა გაურკვეველია სხვადასხვა მიღების მიზნობრიობა. მაგალითად, რესტორან "ბუდა-ბარში" 120 პერსონაზე გაწეული 25 ათას ლარამდე ხარჯი, ასევე რესტორან "მეტეხის ჩრდილში" 130 პერსონაზე გაწეული 25 ათას ლარამდე ხარჯი და ა.შ.
აღმოჩენილ დარღვევებზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე მიხეილ "ქავთარაძე "რეზონანსს" ესაუბრა.
მიხეილ ქავთარაძე: კვლევა 2012 წლის საბიუჯეტო პერიოდს მოიცავდა. მოგეხსენებათ, ამ წელს არჩევნები იყო და მთელი ეს თანხები ძირითადად საარჩევნო კომპანიისთვის იყო გამოყენებული და მათი კანდიდატების გამარჯვებას ემსახურებოდა.
"რეზონანსი": რა ძირითადი დარღვევები გამოიკვეთა?
მ.ქ.: ძირითადი დარღვევებია ის, რომ იყვნენ პრივილეგირებული ფირმები, რომელთაც სამუშაოს ყოველგვარი ტენდერის გარეშე აძლევდნენ. იყო შემთხვევები, როცა ტენდერები ჩაიშალა და შედმგომ მათ პირდაპირი მოლაპარაკების გზით მისცეს სამუშაო. ასეთი კომპანიები იყო მაგალითად, "თბილისი გრუპი", "ბლექ სი გრუპი", რომელიც გივი თარგამაძის სახელთან ასოცირდება.
შევისწავლეთ ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონების საქმიანობაც. აქ დარღვევები ძირითადად ამხანაგობების დაფინანსებასთანაა დაკავშირებული, ანუ, საუბარი ამხანაგობების თავმჯდომარეების წახალისებაზეა. ამ თანხმებით მთლიანად პარტიული აქტივი ფინანსდებოდა. მათ პარტიული საქიმნაობისთვის იყენებდნენ და ხელფასს სამუშაოს საბიუჯეტო თანხებით უნაზღაურებდნენ.
"რ.": უფრო კონკრეტულად თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ მაგალითები?
მ.ქ.: კონკრეტულად, დარღვევაა ის, როდესაც ტენდერს გამარტივებული წესით ატარებ. ვანო მერაბიშვილის განკარგულების მიხედვით, ტენდერები გამარტივებულად ტარდებოდა. ეს კორუფციული გარიგებებია. თუნდაც "ბლექ სი გრუპის" საქმე, შპს "პარმასა" და შპს "კოლხის" საქიმნაობა ვაკე-საბურთალოს რაიონში. ზოგადად, მუშაობის სტილი ერთი და იგივე იყო. საქმე ისაა, რომ ყველა გამგეობას ერთი კომპანია ჰყავდა მიჩენილი და კომპანია, რომელიც მაგალითად "ვაკე-საბურთალოს" რაიონში მუშაობდა, ისანი-სამგორის რაიონში არ გადადიოდა. მოკლედ, რაიონები დანაწილებული ჰქონდათ.
"რ.": ხმაური გამოიწვია მერიის სამივლინებო და სატელეფონო ხარჯებმა.
მ.ქ.: ეს უკვე მერიის ადმინისტრაციული ხარჯებია. იყო შემთხვევები, რომ მაგალითად, უგულავა პოლონეთში უნდა წასულიყო, ამისთვის საჭირო ფული - დაახლოებით 10 ათასი ლარი, სამივლინებო ხარჯების სახით გადაირიცხა. შედმგომ უგულავა აღარ წავიდა, მაგრამ ფული უკან არ დაბრუნებულა. ასეთი შემთხვევები მრავლადაა და დანახარჯი, საბოლოო ჯამში, საკმაოდ დიდ რიცხვზე ადის.
2012 წლის აპრილში 36 ათასი ლარის მხოლოდ ტელეფონზე ილაპარაკა. რაღაზე უნდა ვისაუბროთ?
"რ.": ამ სატელეფონო ხარჯზე "ნაციონალებმა" კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ ადამიანმა 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლადაც რომ ილაპარაკოს, 1 თვის განმავლობაში ამდენის დახარჯვას ვერ მოახერხებს.
მ.ქ.: აქ საუბარი როუმინგსა და ძვირადღირებულ ინტერნეტმომსახურებაზეა. კი ბატონო, ჩვეულებრივი ტარიფით რომ ისაუბროს, ვერ დახარჯავს, მაგრამ თუ როუმინგს გამოიყენებს და რამდენიმე საათის განმავლობაში ისაუბრებს, თუ ძვირადღირებულ ინტერნეტმომსახურებას გამოიყენებს, ამდენის დახარჯვა ნამდვილად შესაძლებელია. ეს მონაცემები მერიის საფინანსო სამსახურიდანაა ამოღებული და ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ. ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგები დავდეთ.
"რ.": კომისიის წევრი "ნაციონალი" დეპუტატები იმაზეც ჩივიან, რომ მათ საქმის კურსში არ აყენებთ და არ იციან, რას საქმიანობს კომისია.
მ.ქ.: არ აინტერესებთ. ეს ადამიანები მხოლოდ საკრებულოს სხდომაზე მოდიან. კომისიის დანარჩენი წევრები კი აქტიურად მუშაობენ. ჩვენ საზოგადოებას ჩვენი შრომის შედეგებს ვაცნობთ. ნაკლებად მაინტერესებს, რა განცხადებებს აკეთებს თემურ გრიგალაშვილი. მითუმეტეს, გრიგალაშვილის გამგებლობის პერიოდიც შემოწმებულია.
"რ.": და რა გამოვლინდა?
მ.ქ.: ამას ჯერ ვერ გეტყვით. ინფორმაცია ჯერ დამუშავების პროცესშია. ყველაფერს თავის დროზე გაიგებთ.
"რ.": ამბობენ, რომ მერიამ არაერთხელ მოითხოვა თქვენგან ამ ყველაფრის დამადასტურებელი აქტი, რომელიც ვერ მიიღეს.
მ.ქ.: მიიღეს, მაგრამ არ ეთანხმებიან. აბა რას იტყვიან, ბუნებრივიცაა. კანონის თანახმად, მათ აქვთ კიდეც იმის უფლება, რომ არ დაგვეთანხმონ. თუმცა, ჩვენ მერიაში არსებული ოფიციალური დოკუმენტაცია შევისწავლეთ. როცა საგამოძიებო ორგანოები იტყვიან თავიანთ სიტყვას, მერე რაღას იზამენ? ჩემს ნათქვამს დაეთანხმებიან თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
"რ.": თქვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას პროკურატურა უკვე სწავლობს?
მ.ქ.: კი ბატონო. ამას პროკურატურა და ფინანსური პოლიცია უკვე სწავლობენ.
"რ.": კვლევას კვლავ აგრძელებთ? ანუ სამომავლოდ სიახლეებს კიდევ უნდა ველოდოთ?
მ.ქ.: დიახ, ასეა. სხვადასხვა გამგეობებისა და სამსახურების შესწავლას ვაპირებთ და გვინდა, საზოგადოებამ გაიგოს, რომ ყოფილი მერი მარტო იმ 47 მილიონის მოპარვასა და გაფლანგვაში კი არაა დამნაშავე, არამედ თავის ფეოდალებთან, ანუ გამგებლებთან ერთად უამრავ კორუფციულ გარიგებაში იყო გარეული. ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს ჩვენ აუცილებლად დავდებთ. დანარჩენს კი შესაბამისი სამსახურები მიხედავენ.
თაკო მათეშვილი