ნაახალწლევს კრისტი და ნატალია ყიფშიძეებს ინტერვიუს ჩასაწერად სახლში ვესტუმრეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ნატა იმდენად ენაწყლიანი რესპონდენტი აღმოჩნდა, რომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, თან ისე დალაგებულად ლაპარაკობდა, რომ სულაც არ ჰგავდა 12 წლის ბავშვის მოცემულ ინტერვიუს.
კრისტი:
- 2013 წელს ცუდიც მოხდა და კარგიც, მაგრამ რატომღაც ახლა სულ უარყოფითი რაღაცები მახსენდება, წლის ბოლოს, დეკემბერში წავიქეცი, მთელ თბილისში, მგონი, მხოლოდ ერთ ადგილას იყო პატარა მონაკვეთი მოყინული და ზუსტად იქ ამიცურდა ფეხი. დაღმართი გახლდათ და ცუდად დავეცი, იმ მომენტში დიდი ტკივილი არ მიგრძნია, მაგრამ მერე საშინელება გადავიტანე, დღემდე ვერ დავდივარ წესიერად, მაგრამ იმასთან შედარებით მართლა კარგად ვარ. განვლილ წელს კარგი გახლდათ ის, რომ მე და ნატამ ბევრი ვიმოგზაურეთ, ვიყავით ეგვიპტეში, ბათუმში ჯაზფესტივალზე, ჩემი შვილი ბებიასთან ერთად წასული იყო ბაკურიანში, წყნეთში. მალე კი პირველად გაემგზავრება ბაკურიანში ''ზბორებზე'' მარტო და ძალიან უხარია.
ნატა:
- სულ ვოცნებობდი ეგვიპტეში წასვლაზე, პირამიდებისა და სფინქსის ნახვაზე, მიხარია, რომ გასულ წელს ეს შევძელით. შარშანდელი წელი ასევე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მამაჩემი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობდა, პირველ სეზონზე კრისტი მონაწილეობდა, მესამეში - მამა და თითოეულ ლაივზე მართლა ძალიან ვნერვიულობდი, მგონი, ლენუკაც აპირებს შემდეგში ამ პროექტში ჩართვას და უკვე აღარ შემიძლია ამდენი ნერვიულობა (იღიმის).
- რაც შეხება ახალ წელს და მასთან დაკავშირებულ ტრადიციებს, რას გვეტყვი...
- ყოველ წელს ნაძვის ხეს 24 დეკემბერს ვდგამთ, წელს კი რატომღაც უფრო ადრე, 17 დეკემბერს მოვრთეთ.
კრისტი:
- ეს ნაძვის ხე ნატალიას საკუთრებაა, პატარა იყო, რომ ვუყიდე და დღემდე გვაქვს. სხვათა შორის, მას ამშვენებს როგორც დედაჩემის, ასევე ჩემი და თავისთავად ნატას ბავშვობისდროინდელი მოსართავები, მიუხედავად ამისა, ტრადიციულად ყოველ წელს 3-4 სათამაშოს ვამატებთ. გარდა ამისა, ყოველ ახალ წელს, 12 საათი რომ სრულდება, ვხუჭავ თვალებს და სურვილს ჩავუთქვამ, მინდა გითხრათ, რომ მერე მისრულდება ხოლმე, ვფიქრობ, რაც გულით გინდა, აგისრულდება.
ნატა:
- მე წელიწადში ორჯერ ვაწყობ ნაძვის ხეს, ერთს აქ და ერთს მამაჩემის სახლში. გარდა ამისა, ერთ ახალ წელს დედასთან ვხვდები, მეორე წელს კი მამასთან, წელს გიორგის რიგი იყო და მასთან შევხვდი, სხვათა შორის, პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც ჩემს ძმასთან ერთად შევეგებე. როცა ახალი წლის ღამეს კრისტისთან ვარ, 12 საათზე ტრადიციულად დღესასწაულს ვხვდებით, დაახლოებით პირველის ნახევარზე გვიერთდება ჩემი დეიდა, ვულოცავთ ერთმანეთს და სადღაც პირველ საათზე ყველა ჩვენს სამეგობროში ან რაიმე წვეულებაზე მივდივართ. ამ ახალი წლისთვის შევიკერე მოკლე შავი კაბა, რომელიც წინ სულ დახურული და უკან ღიაა, ჩემს დაქალს ჰქონდა წვეულება და ახალი წლის შემობრძანების შემდეგ სწორედ მასთან წავედი. 3 იანვარს კი მქონდა კარნავალი, სადაც დედას ''ვალსის'' შავი კაბა მეცვა.
იხილეთ სტატიის გაგრძელება