ლოს-ანჯელესის სასტუმრო Beverly Hilton-ში პრემია "ოქროს გლობუსის" გადაცემის რიგით 71-ე საზეიმო ცერემონია გაიმართა.
"საუკეთესო დრამატულ ფილმად" სტივ მაკქვინის სურათი "12 წელი მონობაში" აღიარეს. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. მაკქვინმა ფილმი თავისუფალი და განათლებული აფროამერიკელის, სოლომონ ნორტაპის მემუარების მიხედვით გადაიღო. სოლომონ ნორტაპი ნიუ-იორკში XIX საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა. 1841 წელს იგი ოჯახთან ერთად ვაშინგტონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მას სამსახური შესთავაზეს. მაგრამ იქ მამაკაცი გაიტაცეს და ლუიზიანას შტატში პლანტაციაზე სამუშაოდ მონად გაყიდეს. იგი მხოლოდ 12 წლის შემდეგ გათავისუფლდა.
კრიტიკოსებმა სურათს გაცილებით მეტი ჯილდო უწინასწარმეტყველეს. იგი ნომინირებული იყო კატეგორიებში "საუკეთესო მსახიობი" (ჩივეტელ ეჯიოფორი), "მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი" (მაიკლ ფასბინდერი), "მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი" (ლუპიტა ნიონგო), "საუკეთესო სცენარი" (ჯონ რიდლი), "საუკეთესო რეჟისორი" (სტივ მაკქვინი) და "ფილმის საუკეთესო მუსიკა" (ჰანს ციმერი). მაგრამ პროგნოზები არ გამართლდა.
ცერემონიის მთავარი ჯილდოს (ნომინაციაში "საუკეთესო დრამატული ფილმი") პრეტენდენტები ასევე იყვნენ პოლ გრინგრასის ფილმი "კაპიტანი ფილიფსი", ალფონსო კუარონის "გრავიტაცია", სტივენ ფრირზის "ფილომენა" (Philomena) და რონ ჰოვარდის "რბოლა".
ალფონსო კუარონს "ოქროს გლობუსი" გადაეცა, როგორც საუკეთესო რეჟისორს ფილმისთვის "გრავიტაცია" - მან აჯობა დევიდ ო.რასელს ("ამერიკული აფერა"), სტივ მაკქვინს, რომელმაც "12 წელი მონობაში" გადაიღო, ალექსანდრ პეინს ("ნებრასკა") და "კაპიტანი ფილიფსის" შემქმნელ პოლ გრინგრასს.
ფილმ "ჟასმინში" შესრულებული როლისთვის კეიტ ბლანშეტი "დრამატული ფილმის საუკეთესო ქალ მსახიობად" აღიარეს. ამ ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ სანდრა ბულოკი ("გრავიტაცია"), ჯუდი დენჩი ("ფილომენა), ემა ტომპსონი ("მისტერ ბენქსის გადასარჩენად") და კაეიტ უინსლეტი ("შრომის დღე")
მეთიუ მაკონაჰიმ გაიმარჯვა კატეგორიაში - "დრამატული ფილმის საუკეთესო მამაკაცი მსახიობი". ჯილდო მას ფილმ "დალასის მყიდველთა კლუბში" შესრულებული როლისთვის ერგო.
პრემიის მფლობელი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსიც გახდა. მან ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში "მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი" ფილმ "ამერიკულ აფერაში" შესრულებული როლისთვის.
"ოქროს გლობუსი" ამ ფილმში მონაწილე კიდევ ერთ ქალ მსახიობს ერგო. ემი ადამსი "საუკეთესო კომედიურ მსახიობად" აღიარეს.
ლეონარდო დი კაპრიომ "ოქროს გლობუსი" მოიპოვა ნომინაციაში "საუკეთესო მამაკაცის როლი კომედიაში ან მიუზიკლში", ფილმისთვის "უოლ-სტრიტის მგელი" .
ფილმ "ამერიკული აფერას" "ოქროს გლობუსი" ერგო ნომინაციაში "საუკეთესო კომედია ან მუზიკლი".
რეჟისორ სტივენ სოდერბერგის ფილმმა Behind the Candelabra-მა მოიპოვა პრემია ნომინაციაში "საუკეთესო ტელეფილმი ან მინი-სერიალი".
შოუ ამერიკელ მსახიობებს ტინა ფეის და ემი პოლერს მიჰყავდათ. საპატიო სტუმრის რანგში ცერემონიას რეჟისორი ვუდი ალენი ესწრებოდა. ალენი "ოქროს გლობუსზე" ათჯერ იყო ნომინირებული და პრესტიჟული ჯილდო მხოლოდ ორჯერ მოიპოვა.
იხილეთ ასევე: "ოქროს გლობუსი 2014"- წითელი ხალიჩა (+30 ფოტო)
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.