კლუბ "ბედ ლაუნჯში" მუსიკოს მაია კაჭკაჭიშვილის საავტორო საღამო გაიმართა. სტუმრები საღამოს 10 საათზე, დათქმულ დროს გამოცხადდნენ კლუბში, თუმცა კაჭკაჭიშვილის სიმღერების შესასრულებლად სცენაზე მომღერლები 2 საათის დაგვიანებით ავიდნენ. მიზეზი ოთხი მომღერლის გამოუცხადებლობა გახდა. კლუბში ნინა წკრიალაშვილი დათქმულ დროს კი მივიდა, მაგრამ როდესაც სცენაზე გასვლის დრო დადგა, მისი პოვნა კლუბის დარბაზებსა და ლაბირენთებში ვეღარ მოხერხდა.
რაც შეეხება ნინი ბადურაშვილს, ნინო ჩხეიძესა და თიკა ჯამბურიას, ისინი კონცერტზე საერთოდ არ მისულან, რამაც მაია კაჭკაჭიშვილს გული დაწყვიტა.
"როდესაც მათ ჩემი თავი სჭირდებოდათ, 9 თვის ფეხმძიმე ღამეებს ვათენებდი და სიმღერებს ვუწერდი. არაფერს არ ვამადლი. გული დამწყდა უბრალოდ. არ შეიძლება ადამიანს დაპირდე და მერე "გადააგდო". არაუშავს ყველაფერი წინ გვაქვს და დრო გვაჩვენებს, ვის ვინ დაჭირდება და როგორ დაჭირდება. მაგრამ ვინც დღეს ჩემს საღამოზე მოვიდა, დიდ მადლობას ვუხდი მათ. მე უკვე ვიცი, ვინ ვინაა. ვიცი, მათ როგორ უნდა დავუდგე გვერდით და ვის არ უნდა დავუდგე გვერდით", - აღნიშნა მუსიკოსმა.
მაია კაჭკაჭიშვილის საავტორო საღამოს აღნიშნული მომღერლების გამოუცხადებლობა დიდად არ დატყობია. კაჭკაჭიშვილის სიმღერები ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, მარკუს მეტრეველმა, ბექა ბროლაძემ, თაკო გაჩეჩილაძემ, გელა გნოლიძემ, ქრისტინე იმედაძემ, რეპერმა ძვალმა და სხვა მომღერლებმა შეასრულეს. სოლო სიმღერებს დუეტები ენაცვლებოდა, რომლებსაც მომღერლებთან ერთად თავად მაია კაჭკაჭიშვილი ასრულებდა.
საავტორო საღამოს რატი დურგლიშვილიც ესწრებოდა. მისი განცხადებით, რეპერტუარში მაიკოს სიმღერები არ აქვს, თუმცა მეგობარს სოლიდარობა გამოუცხადა და კონცერტს ბოლომდე დაესწრო.
მუსიკალური თავყრილობა დილამდე გაგრძელდა.
გიორგი ბერიძე