რუსული პოპჯგუფის "ვიაგრას" ახალი შემადგენლობა ბათუმს ესტუმრა. გუშინ 20:00 საათზე ევროპის მოედანზე ჯგუფის ახალმა წევრებმა ბათუმელ მსმენელს ცნობილი ჰიტების გარდა, ახალი რეპერტუარი წარუდგინეს. ჯგუფის ახალი შემადგენლობის თაყვანისმცემლებმა კი, ცივი ამინდის მიუხედავად, ტანზე გაიხადეს და გოგონების მიმართ თაყვანისცემა ასე გამოხატეს. კონცერტის დამთავრების შემდეგ, სამარშრუტო ტაქსში მსხდომი გოგონები თაყვანისმცემლების მიმართ სითბოს არ იშურებდნენ და ფოტოკამერების წინ პოზირებდნენ.
"ვიაგრას" წევრებმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველოში კონცერტის გამართვა მათთვის დიდი პატივია:
"ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ხართ ქართველები, დიდი პატივია ჩვენთვის ბათუმში გამოსვლა, რადგან ეს ჩვენი უსაყვარლესი პროდიუსერისა და კომპოზიტორის, კონსტანტინე მელაძის სამშობლოა", - აღნიშნეს გოგონებმა.
ევროპის მოედანზე გამართული კონცერტი უფასო იყო - მასზე დასწრება ნებისმიერ მსმენელს შეეძლო. მუსიკალური ჯგუფი ბათუმში უკრაინელმა ინვესტორებმა მიიწვიეს, რომლებმაც გამსახურდიას ქუჩაზე სასტუმრო "გოლდენ პალასი" ააშენეს. უკრაინელმა ინვესტორებმა გუშინ საღამოს სასტუმროს ოფიციალური გახსნის საღამო გამართეს, სადაც მიწვეულები იყვნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მეუღლესთან ერთად, მინისტრთა კაბინეტის წევრები, შს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი ვალერი თელია, ბათუმის თვითმმართველობის ხელმძღვანელები და სხვა პირები.
ევროპის მოედანზე კონცერტის დამთავრების შემდეგ "ვიაგრას" წევრები სასტუმროს გახსნის ღონისძიებას შეუერთდნენ. ფოტო და ვიდეო კამერების განსაკუთრებული ინტერესი სასტუმროს გამჭვირვალე ლიფტში "ვიაგრას" წევრების, პროდიუსერების, არჩილ ხაბაძისა და ვალერი თელიას ერთად შესვლამ გამოიწვია. საპატიო სტუმრები სასტუმროს ნომრებს ათვალიერებდნენ, კამერებისგან შეწუხებულ მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ლიფტიდან გამოსვლის შემდეგ ლამის განმარტებების გაკეთება მოუხდა. მან აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.
რუსულ პოპჯგუფ "ვიაგრას" ახალი შემადგენლობა საქართველოს პირველად სტუმრობდა.
ნინო ხოზრევანიძე