საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებამ, "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" 2013 წლის 21 ნოემბერს "ტოიოტა ცენტრ თბილისთან" ორი ხელშეკრულება დადო. ამ დოკუმენტების თანახმად, კორპორაციამ სედანის და ჯიპის ტიპის ავტომობილების შესაძენად 1 135 130 ლარი დახარჯა.
პირველი ხელშეკრულება 845 719 ლარზეა გაფორმებული და შეძენილია ახალი, სედანის ტიპის 30 ავტომობილი: ერთი "ტოიოტა ქემრი" - ერთეულის ფასი 60 621 ლარი, "ტოიოტა კოროლა" - 24 ერთეული, ერთეულის ფასი 26 102 ლარი, "ტოიოტა კოროლა" - 5 ერთეული, ერთეულის ფასი 31 730 ლარი.
იმავე დღეს დადებული მეორე ხელშეკრულება 289 411 ლარზეა გაფორმებული. აღნიშნული თანხით 3 ერთეული ახალი, ე. წ. ჯიპის ტიპის ავტომობილია შეძენილი: "ტოიოტა ლენდკრუიზერ 200" - 1 ერთეული, ერთეულის ფასი 116 900 ლარი, "ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო" - 1 ერთეული, ერთეულის ფასი 100 200 ლარი, "ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო" - 1 ერთეული, ერთეულის ფასი 72 311 ლარი.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი დარწმუნებულია, რომ ავტოპარკის გადახალისება GOGC-ის მოთხოვნილების შესაბამისად მოხდა. "ისეთი ტიპის კომპანია როგორიც GOGC-ია, მუდმივად საჭიროებს გამართული ავტოპარკის ყოლას. ყოველდღიურად, კომპანიის თანამშრომლები ასეულობით კილომეტრს გადიან მიუვალ ადგილებში, იქ, სადაც ძირითადად მიმდინარეობს ნავთობისა და გაზის მოპოვება, გაზსადენების და ნავთობსადენების სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები. ახალი და ტექნიკურად გამართული ავტომობილები უსაფრთხოების გარანტიაა" , - აცხადებს ელოშვილი.