სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა წუხელ, კიევში, უკრაინის სპეცრაზმ "ბერკუტსა" და აქციის მონაწილეებს შორის კიევის სასამართლოსთან მომხდარ ძალადობრივი დაპირისპირებისას. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ფრაქცია "თავისუფლების" დეპუტატის ედუარდ ლეონოვის ინფორმაციით, "ბერკუტი" აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა, მათ შორის ქალებსაც. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს იური ლუცენკოს, რომელიც ამჟამად ოპოზიციაშია, თავი აქვს გატეხილი. ამასთან, დაშავებულთა შორის ორი დეპუტატი და ორი ჟურნალისტია.
10 იანვარს, კიევის სასამართლოსთან გამართული აქციის მონაწილეები ეგრეთ წოდებულ "ვასილკოვსკოს საქმეზე" გამოტანილ განაჩენს აპროტესტებდნენ. კიევის რაიონულმა სასამართლომ ამ საქმეზე დაკავებულ სამ დამნაშავეს – საქალაქო საბჭოს ორ დეპუტატს იგორ მოსიჩუკსა და სერგეი ბევზუს, ასევე დეპუტატის თანაშემწეს ვლადიმერ შპარეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის 22 აგვისტოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაკავებულებს ასეფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს და ისინი ტერაქტის მოწყობაში დაადანაშაულეს, კერძოდ, ბორისპოლში ლენინის ძეგლის აფეთქებაში.
წუხელ, სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, აქტივისტებმა სასამართლოს შენობის ბლოკირება მოახდინეს, რის შემდეგაც ძალოვნებსა და "ბერკუტს" შორის ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა.