"სასწრაფო დახმარების" ბრიგადას ყოველდღიურად უამრავ გამოძახებაზე უწევს გასვლა და ბუნებრივია, ბევრი უცნაური ამბის შემსწრენიც გამხდარან. ზოგჯერ პაციენტი მათ "ნერვებს" გამოცდას უწყობს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ექიმები ასეთ ამბებსაც ხალისით იხსენებენ.
"მგონი ცოცხალია, ექიმო"
მაკა ექიმი:
- შეტყობინება შემოვიდა. მოქალაქე კონკრეტულ მისამართზე სამედიცინო ბრიგადის მისვლას ითხოვდა. მისამართი მეცნო: 4 დღით ადრე სწორედ ჩვენს ბრიგადას მოუხდა იქ გასვლა და გვამი დავაფიქსირეთ. პარასკევი დღეა და მივდივართ იმავე ოჯახში. დიასახლისი გვეუბნება:
- ექიმო, შეხედეთ, მიცვალებულს ტუჩები ვარდისფერი აქვს და მგონი, ცოცხალია. ვიდრე სისხლის ანალიზს არ აუღებთ, კარდიოგრამას არ გადაუღებთ, ვერ დავასაფლავებთ!
- რას ამბობთ, ქალბატონო, გარდაცვლილია! - ვპასუხობ საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული.
- შაქრის ანალიზი მაინც აუღე. შეხედე, ტუჩი ვარდისფერი აქვს, - არ ისვენებს დიასახლისი.
ქალს კარგა ხანს ვარწმუნებდით, რომ გარდაცვლილს კარდიოგრამას ვერ გადავუღებდით და ბოლოს, როგორც იქნა, ამაში დავარწმუნეთ. მამაკაცი მეორე დღეს დაკრძალეს.
"ბავშვი დამიმშვიდეთ..."
- ერთ-ერთ მისამართზე მისულ ექიმებს 8 წლის პაციენტი დახვდათ. ექიმი მშობელს ეკითხება:
- ქალბატონო, რა ჩივილები აქვს ბავშვს?
- ბავშვი გაღიზიანებულია. მივალაგე სახლი, დავალაგე საწოლი, ეს კი ოთახში შემოვარდა, ყველაფერი აწეწა, ისევ არივდარია. აქვს პროტესტის გრძნობა იმიტომ, რომ უნდა "აიფონ 5".
- მერე მე რა ვქნა? "სასწრაფო დახმარება" რატომ გამოიძახეთ?
- ბავშვი გაღიზიანებულია და დაამშვიდეთ.
გაბრაზებულმა ექიმებმა ქალს განუმარტეს, რომ "სასწრაფო დახმარებას" მხოლოდ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართოს და იქაურობა დატოვეს.
ფეხმოტეხილი საყვარელი
- თბილისის ერთ-ერთ უბანში სამედიცინო ბრიგადა გამოიძახეს. მიწოდებული ინფორმაციით, სიმაღლიდან ვარდნა იყო. თოვდა. მითითებულ მისამართზე მისულებს საცვლებიანი მამაკაცი სადარბაზოსთან დახვდათ. ფეხმოტეხილი ძირს ეგდო და სხვა დაზიანებებიც აღენიშნებოდა. ხალხი გარს ეხვია და იმის გარკვევას ცდილობდნენ, ვინ იყო, რატომ სცადა თვითმკვლელობა?.. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოლოს გაირკვა, რომ ბიჭი საყვარელთან იყო. მოულოდნელად, ოჯახის უფროსი დაბრუნდა და შიშველი მამაკაცი იძულებული გახდა, სიცივეში აივანზე გასულიყო. თურმე, მეზობლის აივანზე გადასვლა სცადა, ამ დროს ფეხი დაუცდა და მეოთხე სართულის აივნიდან გადმოვარდა. საბედნიეროდ, სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ კარგა ხანს კი მკურნალობდა.
"სიზმარში ძაღლმა მიკბინა..."
ინგა ექიმი:
- ადამიანს ძაღლმა უკბინა და დახმარება ითხოვა. ექიმებს ქალი საწოლში დაგვხვდა.
- აბა, გვიჩვენეთ, სად გიკბინათ ძაღლმა? - ვეკითხებით პაციენტს.
- იცით, ექიმო, მეძინა და... მოდი, საბანი გადამხადეთ, კარგად დამითვალიერეთ ფეხები, მგონი სიზმარში მიკბინა ძაღლმა. ჰოდა, როგორც კი თვალი გავახილე, თქვენ დაგირეკეთ.
გაოგნებულმა ექიმებმა ერთმანეთს გადავხედეთ და იქაურობა დავტოვეთ.
უცნაური გამოძახება
- მისამართზე მისულებს ატირებული ბავშვი დაგვხვდა. დედას ვეკითხებით:
- რა სჭირს ბავშვს, რატომ გამოგვიძახეთ?
- არაფერი, უბრალოდ, ბავშვი ტირის და მინდა, დააწყნაროთ, - გვითხრა და შვილს მიუბრუნდა: - აი, დედიკო, რა კარგი ჩემოდანი მოგიტანეს, მოდი, გაერთე, - და ჩვენი ჩემოდანი ბავშვს წინ დაუდო.
წასვლა რომ დავაპირეთ, ეწყინა:
- ცოტა ხანს დარჩით. რა იქნება, ბავშვი რომ გამირთოთ?
საკერავი მანქანა
- ხშირად ნევროზიან პაციენტებთან მისვლისას უცნაური საუბრები იმართება. ერთხელ ქალი გვეუბნება:
- ნახეთ, საკერავი მანქანა მაქვს მუცელში. მოდი, ჩემთან ერთად მოუსმინეთ, როგორ ჩქარა მოძრაობს.
ქავილი
- ერთხელ იმიტომ გამოგვიძახეს, რომ ვიღაცას თურმე, სოკოვანი დაავადება ჰქონდა და ფეხის თითებს შორის ექავებოდა.
"მაბოყინებს, ექიმო"
ნიკა ექიმი:
- ღამის ორ საათზე კრილოვის ქუჩაზე მოგვიხდა წასვლა. ბინის ნომრის მოძებნა არ დაგვჭირვებია: აივანზე გადმომდგარი ქალი ისე ყვიროდა, რომ ვიფიქრეთ, საშინელება ხდებოდა და კიბე ავირბინეთ.
- რა ხდება, ქალბატონო? - ვეკითხებით.
- ვაიმე, მუცელი მტკივა, მუცელი მტკივააა, - ყვირის გამწარებული.
- დაწექით, ქალბატონო, გაგსინჯავთ, მუცელი უნდა ვნახო.
- თავი დამანებეეე, რას მისინჯავ?- უფრო მეტად აყვირდა.
- ამბობთ, - მტკივაო და არ ვნახო, რა გჭირთ?
- არაფერი მტკივა, ვერ ვაბოყიბენ და ეს არის პრობლემა, გესმის?
- ბოდიში, ქალბატონო, "ნაბეღლავი" ვერ მოგიტანეთ,- უცებ შევცვალე ტონი.
თურმე მეზობლები ამ ქალის ყვირილმა შეაწუხა და ამიტომაც გამოგვიძახეს. ამბობდნენ, მთელი ღამეები ასე ყვირის, არ გვაძინებსო.
"ექიმო, ჩემი ძაღლი გასინჯეთ"
- მოხუცი ბებო ძალიან ცუდად იყო, ფილტვების პრობლემა ჰქონდა და კიდევ, სხვა სერიოზული დაავადებები. პაციენტს ვსინჯავდი, როცა მისი შვილიშვილი მომიახლოვდა და მეუბნება:
- ექიმო, ერთი წუთით გამოდით მეორე ოთახში, რა.
გავყევი. ვიფიქრე, - ალბათ ბებოზე უნდა მკითხოს რაღაც-მეთქი.
ოთახში დიდი ძაღლი ჰყავდა. ძაღლების მეშინია, რადგან ამ ე.წ. ოთხფეხა მეგობრებს არაერთხელ ვყავარ დაკბენილი.
- ექიმო, შეხედე ჩემს ძაღლს, თათებს ხელი რომ მოჰკიდო, ვერ მიხვდები, ფეხი მოტეხილი აქვს თუ არა?
მართალია, ბებოს დასახმარებლად გამომიძახა, მაგრამ ძაღლის ბედიც აწუხებდა და ისარგებლა სიტუაციით.
წარმატებული მშობიარობა
ალა ექიმი:
- სვანეთის უბანში გამოგვიძახეს. უზარმაზარი ქალბატონი წევს ლოგინში, სახლში მარტოა და მშობიარობს. ეს ის პერიოდია, როცა მძღოლთან ერთად, მხოლოდ ერთი ექიმი გადიოდა გამოძახებაზე. არც მეზობელია, არც არავინ. ოთახში საშინელი სიბინძურეა, არადა, ვხედავ, ბავშვი გამოდის თავით. დახმარება მძღოლს ვთხოვე:
- ჩქარა მოდი, მიშველე!
- რა ხდება, ალა ექიმო, ხომ მშვიდობაა? - შემოვარდა მძღოლი ოთახში.
15 წუთში მივიღეთ ფიზიოლოგიური მშობიარობა. თვალებდაჭყეტილი ახალშობილი ავიყვანე ხელში. მისი სახე არასდროს დამავიწყდება. საბედნიეროდ, ფილტვებიც კარგად გაეხსნა და ზეწარში გავახვიეთ. მერე დედამისი წვალებით დავაწვინეთ საკაცეზე და სამშობიაროში წავიყვანეთ.
დახმარება კურდღელს
- შეტყობინებაში ეწერა, რომ პაციენტს სახსრების საშინელი ტკივილი აწუხებდა. მისამართზე მისული ექიმი ოჯახის წევრებს ეკითხება:
- სად არის პაციენტი?
- ეს არის პაციენტი, სახსრები სტკივა, - ექიმს სახლში ავადმყოფი კურდღელი დაახვედრეს.
- ჩვენ კურდღლებს არ ვემსახურებით, - თქვა გაბრაზებულმა ექიმმა და იქაურობა დატოვა.
ტყუილი
თეო ექიმი:
- "პაციენტს სუნთქვის გაძნელება აქვს, სავარაუდოდ - ინსულტია", - ასეთი შეტყობინება მივიღეთ. პაციენტის სადარბაზოსთან ორი მამაკაცი დაგვხვდა. ვეკითხებით:
- რა მდგომარეობაა?
- ძალიან ცუდად არის საქმე, სასწრაფოდ გადასაყვანია!
ვიღებთ ჩანთებს, ჟანგბადის ბალონს და სწრაფად ავდივართ ბინაში. ვხედავთ, ხალხმრავლობაა, ყვავილებით სავსეა იქაურობა. ამისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია. ოჯახის ერთ-ერთ წევრს ვეკითხებით:
- სად არის პაციენტი?
არავინ არაფერს გვეუბნება, ბოლოს ერთმა თქვა:
- აი, ეს არის პაციენტი და მიგვითითა მიცვალებულზე, რომელიც უკვე სასახლეში ესვენა.
მერე აგვიხსნეს: მიცვალებულის ეკლესიაში გადასვენება გვინდოდა და ვიფიქრეთ, "სასწრაფოს" მანქანით უფრო ადვილად მოვახერხებდით ამას და ამიტომ გამოგიძახეთო.
მომხდარზე ცოტა გავბრაზდით, ცოტა ვიცინეთ კიდეც და ბოლოს, იმ მამაკაცს მივმართე, რომელიც სადარბაზოსთან დაგვხვდა:
- კიბეზე ეს აპარატურა რატომღა ამომატანინეთ?
- იქნებ გაგეცოცხლებინათ, - უცებ მომიჭრა სიტყვა.
"მიდი, სკამზე ახტი"
- ჩაბნელებულ ოთახში შევდივართ. ავადმყოფი საწოლში წევს და მეუბნება:
- სახლში არავინ არის, ნათურა გადამეწვა. ჰოდა, იქნებ სკამზე ახტე და გამომიცვალოო.
ნათურა გამოვუცვალეთ. ვხედავ, დაახლოებით 32 წლის კაცი წევს. ვეკითხები:
- აბა, ახლა მითხარი, რა გაწუხებს?
- არაფერი, ყურში წამლის ჩაწვეთება მინდა, ჩემით ვერ ვიწვეთებ.
ბალზამირება
დათო ექიმი:
- საღამოა, ჩვენთვის პიკის საათია და უამრავი გამოძახება გვაქვს. გვეუბნებიან: ამა და ამ მისამართზე მიცვალებულია დასაფიქსირებელიო. ადგილზე მისულებს ჭირისუფლებმა გვისაყვედურეს:
- სადა ხართ ამდენ ხანს, დროზე ამოდით კიბეზე.
ვიფიქრეთ, - ეტყობა, რაღაც შეეშალათ და უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან მოგვიყვანეს-თქო. ჰოდა, მეცხრე სართულზე ხელსაწყოებით დახუნძლულები ავედით.
ვხედავთ, ტახტზე ასვენია მიცვალებული. საცოდავს ძალიან ლამაზი ღიმილი შერჩენოდა.
- რით გარდაიცვალა? - ვიკითხეთ.
- გრიპით.
მიცვალებულს თავს ახვევია შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები.
გვეკითხებიან:
- თქვენ უფრო კომპეტენტურები ხართ და გვირჩიეთ, მიცვალებულს "ბალზამი" გავუკეთოთ თუ "ხალადელნიკში" ჩავასვენოთ?
ეროვნებით სომხები იყვნენ.
- გააჩნია, რომელი რელიგიის წარმომადგენელი იყო, - ვპასუხობ.
- "კანეშნა", ქრისტიანი იყო!
- მაშინ სასურველია "ხალადელნიკი"...
- და რა ჯდება "ხალადელნიკი"?
- დაახლოებით 480 ლარამდე...
- "ბალზამირება" რა ღირს?
- 80 ლარამდე ეღირება.
კაცმა ცოლს გასძახა:
- ემააა, მოდი, "ბალზამირება" გავუკეთოთ და 400 ლარისას ბრინჯს ვიყიდით, ქელეხისთვის.
დაბნეული ექიმი
- ექიმი მივიდა მშობიარესთან. პაციენტი სამშობიაროში უნდა გადაიყვანონ. შევიდნენ ლიფტში და უცებ, შუქი ჩაქრა.
ქალი კივის, - ბავშვი მოდისო.
ექიმი მამაკაცია. პაციენტს ეუბნება:
- გაიხადეთ ქვედა საცვალი, აქვე უნდა გამშობიაროთ.
დაიწყო მშობიარობა და მოულოდნელად, ლიფტიც ამუშავდა. მოასწრეს ლიფტიდან გამოსვლა, ქალი საკაცეზე დააწვინეს და იქვე ამშობიარეს. ექიმს სიმწრის ოფლი სდის. ჯიბეში ჩაიყო ხელი. უნდა, ცხვირსახოცი ამოიღოს, მაგრამ ხელში მშობიარეს ქვედა საცვალი შერჩა.
შეშლილი
ნანა ექიმი:
- საშინელი მორიგეობა გვქონდა, ძალიან ბევრი გამოძახება იყო. უკვე თენდებოდა, როცა კიდევ გამოგვიძახეს. ერთმანეთს ვეუბნებით: "ისეთი პაციენტი მაინც დაგვხვდეს, რომელსაც მხოლოდ წნევის გაზომვა ენდომება". სახლთან ახალგაზრდა კაცი დაგვხვდა და ყუთს ეცა, - მე წამოვიღებო. მისი გამომეტყველება არ მომეწონა. ვიფიქრე: მგონი, ნასვამია და რამე არ გამიფუჭოს-მეთქი. მასთან ერთად მოხუცი კაციც დაგვხვდა. სახლში შესულებმა საშინლად ხმაურიანი სუნთქვა გავიგონეთ. კოლეგას ვეუბნები, - რაცია თუ მოგვაქვს-მეთქი?
ოთახში შესულები მივხვდით, რისთვისაც გამოგვიძახეს: მოხუც ცოლ-ქმარს უნდოდა, მათი ავადმყოფი შვილისთვის დიაზეპამი მიგვეცა.
ქალმა თავი მოიავადმყოფა და წნევის გასინჯვა გვთხოვა.
ახალგაზრდა მამაკაცმა ოთახში თევზი შემოიტანა და გვეუბნება:
- ახლა ამას თქვენ თვალწინ გადავყლაპავო.
გადაყლაპა. მერე პიანინოსთან მივიდა, სადაც დიდი დანა იდო და იქვე მდგარ სუვენირში ძლიერად ჩაარჭო. ოთახში მრგვალი მაგიდა დგას. მაია სინჯავს მოხუცს, მე ამ კაცის ქცევებს ვაკვირდები. კაცი დადის და თან აბრახუნებს. უცებ, შემოტრიალდა და გვეკითხება:
- აქ რომ ცული დავდე, არ გინახავთ?
ეძებს რაღაცას. შევიდა სამზარეულოში, დიდი დანა გამოიტანა, გააპრიალა და ისევ უკან წაიღო. მაია მანიშნებს, - გავიქცეთო. არადა, კორიდორია გასავლელი და სამზარეულოდან რომ დაგვინახოს, გავრბივართ, შეიძლება გამოგვეკიდოს და დაგვხოცოს.
მოხუცი კაცი მიხვდა, რომ შევშინდით. საცოდავი სამზარეულოს კართან დადგა და გვითხრა:
- ახლა დროზე გაიქეცითო.
იქიდან კისრისტეხით გამოვედით.
გაცოცხლებული მკვდარი
ირაკლი ექიმი:
- ეს ამბავი ერთ-ერთ ბრიგადას შეემთხვა: მისამართზე მისულებს გარდაცვლილი დახვდათ. გვამი დააფიქსირეს და წამოვიდნენ. ცოტა ხანში იმავე მისამართიდან დარეკეს:
- ექიმო, გაიღვიძა. პირი აქვს ახვეული, ის კი ჩაის ითხოვს და რა ვქნათ, შეიძლება, ეს ბინტი რომ მოვხსნათო?
ავადმყოფი კატა
ნანა ექიმი:
- ავჭალაში გამოძახებაზე მისულებს ახალგაზრდა ქალი კართან ტირილით დაგვხვდა.
- ცუდად არის, მიკვდება, მიშველეეეთ, - და საძინებლისკენ მიდის.
ჩვენც ავღელდით. გავიქეცით ოთახისკენ და რას ვხედავთ: საწოლში კარგად შეფუთული რაღაც დევს. ფუთა ნელ-ნელა გაიხსნა და მასში კატა აღმოვაჩინეთ.
- რა ხდება? - ვიკითხე გაკვირვებულმა.
ქალმა დაიწყო განმარტებები:
- რას ამბობთ, ეს კატა ჩემთვის ყველაფერია, ეს არის ჩემი გადამრჩენი. ავტოკატასტროფაში რომ მოვყევი, რამდენიმე თვე ვიწექი საწოლში და კატა გვერდიდან არ მომცილებია; ჭრილობაზე თავს რომ მადებდა, ტკივილს მიყუჩებდა, ჰოდა, აუცილებლად უნდა გადამირჩინოთ.
თეა ხურცილავა
(გამოდის ხუთშაბათობით)