თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ვაკის პარკის გადარჩენის მიზნით ინტერნეტში გავრცელებულ პეტიციას ხელს აწერს და "ფეისბუქის" პირად გვერდზე თბილისის ეკოლოგიური პრობლემების შესახებ საუბრობს.
"თბილისის ვენტილაცია ისედაც რთულად ხდება მისი "ქვაბივით" მდებარეობის გამო, ამავე დროს ქალაქის ბევრ ზონაში ნიადაგი მიდრეკილია ეროზიისკენ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხეების არსებობა, თბილისი ცხელი ქალაქია ზაფხულის თვეებში, ხეების მასიური გაკაფვის შემდეგ ზოგიერთ უბანში საერთოდ შეუძლებელია სუნთქვა, იმდენად აიწია ზაფხულის პიკზე ტემპერატურამ. ხეების გაკაფვის და მანქანების მატების პროპორციულად მატულობს ონკოლოგიური და სხვა დაავადებები... პრაქტიკულად ქალაქს აღარ აქვს არცერთი საშუალო ზომის პარკიც კი, რომელიც შეიძლება "ფილტვების" როლს ასრულებდეს.
არ ვიცი ამ პეტიციებს რაიმე რეალური ძალა თუ აქვთ, მაგრამ მაინც ბეჯითად ვაწერ ხელს", - წერს ფანჯიკიძე.
ნათია ვიზუალიზაციისთვის ფოტოსაც აქვეყნებს - როგორ იღებს თავის თავზე ხე მძიმე მეტალებს, რაც ჩვენი ორგანიზმისთვის არის პირდაპირი მკვლელი. ერთი ზრდასრული ხე ფილტრავს მანქანის გამონაბოლქვს 40 000 კილომეტრის მანძილამდე და სხვა მავნე ნივთიერებებს.
ვაკის პარკში, ჭავჭავაძის N68-ში დაგეგმილ სასტუმროს მშენებლობას, შესაძლოა, მწვანე ნარგავები შეეწიროს. როგორც "პარტიზანი მებაღეების" იდეის ავტორმა, ნატა ფერაძემ ambebi.ge-ს აცნობა, ამ ადგილას მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებაა დაგეგმილი და 31 დეკემბრამდე 9 ძირ ხეს მოჭრა ემუქრება, რისი ნებართვაც თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურს 2013 წლის 17 სექტემბერს აქვს გაცემული.
იხილეთ ასევე: